თემურ ჭყონია -”მსოფლიო განვითარდა, ილონ მასკი მარსზე მიდის საცხოვრებლად და ჩვენ ისევ საბაჟო რეგულაციებზე ვსაუბრობთ“

„წლების განმავლობაში რეგულაციებს ხან ვაწესებთ, ხან ვაუქმებთ, ამიტომ ვერ ვითარდება ქვეყანა სწრაფად“- ასე აფასებს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია ფინანსთა მინისტრის ბრძანებას, რომლის თანახმადაც ე.წ. ოქროს სიაში მყოფ კომპანიებს იმპორტის გადასახდელების გადახდა 30 დღის ნაცვლად, 5 დღეში მოუწევს.

როგორც თემურ ჭყონია აღნიშნავს, თავად ე.წ ოქროს სიაში 5 წელია აღარ არის, თუმცა იმ კომპანიებმა, ვინც ამ სიაში მოიაზრებიან, ეს საკუთარი შრომით დაიმსახურეს. შესაბამისად, იმას მაინც იმსახურებდნენ, რომ მათი გაფრთხილება მინიმუმ 2 თვით ადრე მომხდარიყო.

„თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ მე ე.წ ოქროს სიაში არ ვარ. დაახლოებით, 5 წლის წინ ვიყავი, შემდეგ გარკვეული შეცდომა მოგვივიდა განბაჟების დროს და ამ სიიდან ამოგვიღეს. შესაბამისად, ჩვეულებრივ რეჟიმში გადაგვიყვანეს. ოქროს სიასა და ჩვეულებრივ რეჟიმს შორის განსხვავება გულისხმობდა პროცედურების მხრივ კომფორტს, რომელიც ახლა მოიხსნა. თორემ, ოქროს სიაში განცხადებით კი არ ხვდებიან, დამსახურება უნდა ამას. ოქროს სია ბიზნესმენებს არ შეუდგენიათ, ეს შეადგინა თვითონ სახელმწიფომ.

შესაბამისად, პრობლემა „ოქროს სიის“ პრივილეგიების გაუქმება კი არ არის, ან ახალი რეგულაციების შემოღება, პრობლემაა როგორ შემოდის ეს რეგულაციები, რა დატვირთვით და რა შედეგზეა ორიენტირებული.

წლების განმავლობაში „ოქროს სიას“ ხან ვქმნით, ხან ვაუქმებთ, რეგულაციებს ხან ვაწესებთ, ხან ვაუქმებთ, ამიტომ ვერ ვითარდება ქვეყანა სწრაფად. ძველს ვაუქმებთ და ისეთ ახალს ვაწესებთ, რომელიც არ არის შედეგზე ორიენტირებული.

მსოფლიო განვითარდა, ილონ მასკი მარსზე მიდის საცხოვრებლად და ჩვენ ისევ საბაჟო რეგულაციებზე ვსაუბრობთ. ამიტომ, ეს თემა ჩემთვის არ არის აქტუალური“, – განაცხადა ჭყონიამ.

ბიზნესმენის თქმით, ფინანსთა მინისტრს შეეძლო 31 მაისს კი არ გამოეცა ეს ბრძანება, არამედ 2 თვით ადრე. „ეთქვა, რომ „ოქროს სიამ“ დაკარგა აქტუალობა, არ არის შედეგზე ორიენტრებული, ამიტომ, 2 თვის მერე უქმდება პრივილეგიები, ყველა გადადის თანაბარ პირობებში და ა.შ.

თუ კომპანია, რომელიც სახელმწიფოს წინაშე არაჩვეულებრივად მუშაობს, მოხვდა პრივილეგირებულ ადგილას, ის დამსახურებულად მოხვდა. ამიტომ, ფინანსთა მინისტრმა, ის ბიზნეს საზოგადოება, რომელიც თავისი ცოდნით, რისკით, შრომით, ქმნის სახელმწიფოში დოვლათს და იმსახურებს უდიდეს პატივისცემას, ელემენტარულად 2 თვით ადრე მაინც უნდა გააფრთხილოს გადაწყვეტილების შესახებ“,-განაცხადა თემურ ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

ბპნ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019