დიმიტრი ბიძინაშვილი – ”ივანიშვილის წინააღმდეგ “ოცნების” წევრები ჩვენებას მისცემენ”

დიმიტრი ბიძინაშვილი - ”ივანიშვილის წინააღმდეგ "ოცნების" წევრები ჩვენებას მისცემენ”რა ჩაიფიქრა ხელისუფლებამ, რა არის ივანიშვილის მთავარი საზრუნავი, რა სიურპრიზებს უნდა ელოდოს ის თანაგუნდელებისგან, რატომ ვეღარ შეინარჩუნებს “ოცნება” ხელისუფლებას? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “მონიტორინგის” ცენტრ “მედიატორის” წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება.
– 20-21 ივნისის მოვლენებს ხელისუფლება აქამდე ჯგუფურ არეულობას უწოდებდა. ახლა უკვე ამბოხებაზე ალაპარაკდნენ. თქვენი აზრით, რას ემსახურება 4 ივლისს პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება?
– რას ემსახურება, არ ვიცი, მაგრამ თუნდაც ეს განცხადება ნათლად მეტყველებს, რომ “ქართული ოცნება” აგონიაშია.
რომელ ამბოხებაზე მელაპარაკებიან ანდა ჯგუფურ არეულობაზე. რაც მოხდა, ყველაფერი მაგათ კისერზეა. 20 ივნისამდე მთელი ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ თბილისში გავრილოვის ჩამოსვლას ხალხი არ შეეგუებოდა. ყველა ამბობდა, რომ მის ჩამოსვლას გააპროტესტებდნენ.
იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანისთვის ეთხოვათ, საქართველოში არ ჩამოხვიდეო, უსაფრთხოების გარანტიები მისცეს და სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. მას სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის სიძე იცავდა. ეს ფაქტიც ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა “ოცნებისთვის” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტრის – გავრილოვის ჩამოსვლას თბილისში.
მისი ჩამოსვლის შემდეგ მოხდა ის, რაზეც ხელისუფლებას ყველა ვაფრთხილებდით. ახლა სულ ტყუილად ცდილობენ ისრების ოპოზიციისკენ გადატანას – ვითომ ვიღაცას არეულობა და გადატრიალება უნდოდა.
იმის ნაცვლად, რომ სირცხვილით თავი გარეთ არ გამოყონ, ათას სისულელეს ლაპარაკობენ. ნუკრი ქანთარიამ საერთოდ საოცრებები თქვა. უნამუსოდ გამოგვიცხადა, დაგუგლეთ და ნახავთ, ევროპასა და ამერიკაში როგორ შლიან მიტინგებსო. იქვე დაამატა, დასავლეთში მიტინგების დაშლისას სისხლის გუბეებში ფართხალებენ ადამიანებიო.
ბატონ ქანთარიას თქვენი გაზეთით მინდა ვკითხო, შემთხვევით ხომ არ იცის, თუ რატომ ზის ვანო მერაბიშვილი ციხეში. იქნება ისიც გაარკვიოს, რისთვის იხდიან სასჯელს ბაჩო ახალაია და წინა ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები.
მინდა “ოცნების” წარმომადგენლებს ვურჩიო, რომ გამუდმებით ნუ ახსენებენ 26 მაისს და 7 ნოემბერს.
2011 წლის 26 მაისს ოპოზიციამ მანქანით გადაუარა სპეცრაზმელს. 26 მაისის დარბევის წინ სამართალდამცავების ავტომობილების დაზიანება უძღოდა წინ.
ასევე გაგახსენებთ 2009 წ;ლის მოვლენებს. ოპოზიცია თბილისის პოლიციის სამმართველოსთან რომ მივარდა, აღარ ახსოვთ? აღარ ახსოვთ, როგორ გადახტნენ ადამიანები სამმართველოს ეზოში.?
ამათ წინააღმდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა და ამის გამო ისინი ძალიან აღშფოთებული იყვნენ. დღეს იგივე ხალხი ძალის გამოყენებას ამართლებს. მათი აზრით, მშვიდობიანი პროტესტანტების დარბევა გამართლებული იყო.
იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც რუსი ოკუპანტის პარლამენტში დაჯდომა გააპროტესტა, ეუბნებიან, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდითო.
იმ სისასტიკეს, რაც ხელისუფლებამ ამ ადამიანების მიმართ გამოიჩინა, მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – ივანიშვილმა ასე მოუხადა პუტინს ბოდიში.
– პუტინს რაზე მოუხადა ბოდიში?
– ქართველი ახალგაზრდების პროტესტის შედეგად გავრილოვი საქართველოდან გაიქცა. ამით ივანიშვილი პუტინთან ჩაფლავდა.
ამან, ეტყობა, კრემლს უპატაკა, რომ საქართველოს მოსახლეობა მზად იყო რუსეთთან ჩასახუტებლად და ქვეყანა მალე შეცვლიდა საგარეო პოლიტიკას. გავრილოვის აქ ჩამოსვლა ერთგვარი ტესტი იყო. ივანიშვილი ჩაფლავდა და ახლა თავის დაძვრენას ცდილობს.
ამიტომაც მოიგონა პროკურატურამ ამბოხება. ამით რუსეთს ეუბნებიან. ქვეყანა კი მზადაა რუსეთთან ჩასახუტებლად, მაგრამ ვიღაცებმა გადატრიალება სცადეს და ამიტომ დროებით არ გამოვიდა ეგ ამბავიო.
– ისე, გამოვა როდესმე ეგ ამბავი, რომ რუსეთს ჩავეხუტოთ?
– ივანიშვილს ძალიანაც კი უნდა, რომ ასე მოხდეს, მაგრამ არ გამოვა. ისედაც არ იყვნენ დალაგებულები, მაგრამ ამ ჩაფლავების შემდეგ მთლად აიჭრნენ. მთელი კვირა გვეუბნებოდნენ, რომ გახარიამ სისხლისღვრისგან გვიხსნა. 4 ივლისს კი გვითხრეს, სპეცრაზმელებმა თავად დაიწყეს სროლაო. ახლა აგვიხნან, გახარიამ გადაგვარჩინა, თუ სპეცრაზმელებმა.
ამაზე მათგან ჭკვიანურ პასუხს არ ველოდები, ისინი აგონიაში არიან და სისულელეს სისულელეზე ამბობენ.
– მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ამბოხება ახსენა, გაჩნდა ვარაუდი, რომ ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერების დასაკავებლად ემზადება. ამაზე რას ფიქრობთ?
– ამათგან არაფერი გასაკვირი არ არის. ივანიშვილმა ხალხის ნდობა საბოლოოდ დაკარგა. აქამდე მის გინებას საზოგადოება ერიდებოდა, ახლა ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა.
“ოცნების” მსგავსად, მისი ლიდერიც აგონიაშია და ჰგონია, რომ თუ ოპოზიციის ლიდერებს დაიჭერს, საპროტესტო მუხტი ჩაქრება.
– ლიდერების დაკავების შემთხვევაში არ ჩაქრება საპროტესტო მუხტი?
– გამორიცხულია. ნიკა მელიას თუ დაიჭერს, მის ადგილზე გაჩნდება სამი ნიკა მელია. და ასევე იქნება სხვა ლიდერების დაპატიმრების შემთხვევაშიც. გეუბნებით, რომ ეს ხელისუფლება დამთავრებულია.
– დამთავრებულია ვითომ?
– დამთავრებულია. ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის შეუქცევადი პროცესი = პროტესტი არ შეწყდება.
– ხელისუფლება მიიჩნევს, რომ პროტესტი უკვე შეწყდა და ამის საილუსტრაციოდ რუსთაველზე ხალხის შემცირებული რაოდენობა მოჰყავს.
– როცა ხელისუფლებას ცუდად აქვს საქმე, მაშინ გადადის ხოლმე თავების თვლაზე. თავებს სააკაშვილის ხელისუფლებაც ითვლიდა და შევარდნაძისაც. ორივე ხელისუფლება დამთავრდა. დამთავრდება “ოცნებაც”.
ამ ხელისუფლებამაც და მომავალმაც უნდა შეიგნოს ერთი რამე – ხალხთან ბრძოლა არავის არ დაუმთავრებია გამარჯვებით. ამ მხრივ არც “ოცნება” იქნება გამონაკლისი.
რაც მალე აუკრავენ პუტინის მიერ ხელდასმულ გახარიას გუდა-ნაბადს, მით უკეთესი იქნება “ქართული ოცნებისთვის”.
შს მინისტრი ვერ იქნება ის ადამიანი, ვისაც ქართველების სისხლში აქვს ხელები გასვრილი.
იმასაც ხომ გააჩნია, თუ რატომ დაღვარეს ქართველების სისხლი. მხოლოდ იმიტომ გვესროლეს ტყვიები და დაგვარბიეს, რომ გავბედეთ და ოკუპაცია გავაპროტესტეთ.
თვალები დაგვთხარეს იმიტომ, რომ იმ ქვეყნის წარმომადგენლის ჩამოსვლა გავაპროტესტეთ, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული.
გიორგი გახარია არის დამთავრებული და ამას მალე მიხვდება “ოცნება”. არის რაღაცები, რაც არ “პრავდება”.
ხალხს არც ზღაპრების არ სჯერა. ახლა ათას სისულელეს გვიყვებიან. მათ შორის იმასაც, რომ თურმე ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა.
– არ დაუტოვებია მანდატი?
– არაფერი არ დაუტოვებია. თუ დატოვა, მაშინ დაიდოს ქუცნაშვილის მანდატი. ამათი მანდატები თუ არ დაიდო, ისე შეგვიყვანენ რუსეთში, აზრზე მოსვლას ვერ მოვასწრებთ.
“ოცნების” დეპუტატებს ნამუსი რომ ჰქონდეთ, პარლამენტს 20 ივნისის ღამევე დატოვებდნენ.
– “ოცნების” დეპუტატებს მომხდარის გამო ჭმუნვა საერთოდ არ ეტყობათ – ნუკრი ქანთარიამ დაგვმოძღვრა, აქციის დაშლა ბალეტი არ არისო.
– ნუკრი ქანთარიაზე ნაძირალა კაცს პარლამენტში ვერ ნახავთ. ეს ადამიანი ყოველგვარ ბოროტებაზე წამსვლელია და ამაზე მისი წარსულიც მეტყველებს. მისთვის ადამიანის დაჭრაც ჩვეულებრივი ამბავია და რატომ გიკვირთ, რომ დარბევას ამართლებს. ამ ტიპის ადამიანი რომ მორალს წაგიკითხავს, სულ მცირე, უხერხულია.
“ოცნების” დეპუტატებს პარლამენტი მეორედ მაშინ უნდა დაეტოვებინათ, როცა ივანიშვილმა მათ სახალხოდ მოჭრა თავი. ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი მოახსნევინა და მის დაჭერას აპირებდა. საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის გამო ვეღარ გაბედა ნიკას დაჭერა. მისი კოლეგების ადგილზე სირცხვილისგან გარეთ ცხვირსაც კი არ გამოვყოფდი.
ამათ ნამუსი არა აქვთ. მათთვის მთავარია, ფული იშოვონ, თორემ ხალხი და ქვეყანა საერთოდ არ აინტერესებთ. მათ არც ივანიშვილი ადარდებს და საკმარისია, ლიდერს ფეხი დაუცდეს, პირველები გაყიდიან. ბიძინა რომ წავა, ამათ პასტას ვერ გააგდებინებ ხელიდან, იმდენ რამეს დაწერენ ლიდერზე.
ეს დროც მალე დადგება.
მათი ერთგულების იმედი დიდად არც ივანიშვილს აქვს და მათი ბედიც დიდად არ ადარდებს. მის სავარძელს თუ რამე დაემუქრა, ამათ უყოყმანოდ მოიშორებს.
მისთვის მთავარია, რაც შეიძლება მეტი ქონება დააგროვოს. ან რად უნდა ამდენი ფული, რით ვეღარ გაძღა, რამდენი მილიარდი უნდა იშოვოს, რომ დაწყნარდეს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა