ეკა გიგაური – შს მინისტრმა უფლებამოსილება უნდა შეიჩეროს

ეკა გიგაური - შს მინისტრმა უფლებამოსილება უნდა შეიჩეროსშინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინდელ ინტერვიუში რამდენიმე საკითხზე ტყუილი თქვა. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიგაურმა აღნიშნა, მინისტრმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ სერგეი გავრილოვის ქვეყანაში შემოშვების უფლება არ გვქონდა, ან თუნდაც ის, რომ პოლიციას არ ჰქონდა მომიტინგეების გაფრთხილების ვალდებულება ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.

„მინისტრი ზოგ შემთხვებაში ისეთ საკითხებზე საუბრობდა, რომელზეც ყველანი ვთანხმდებით. როდესაც საუბარია აქციის დარბევაზე, არავის უთქვამს, რომ პოლიციას ძალის გამოყენების უფლება არ ჰქონდა. ამაზე არ არის აქ საუბარი. საუბარია იმაზე, სანამ პოლიცია ძალას გამოიყენებდა, რატომ არ შეატყობინა მან მოსახლეობას, რადგან შეტყობინების შემთხვევაში ძალიან ბევრი დატოვებდა აქციის ადგილს. ასევე საუბარია იმაზე, რატომ გამოიყენეს პირველ რიგში რეზინის ტყვიები და არა სხვა საშუალებები, რომელიც ნაკლებად დანაზიანებელი იქნებოდა დემონსტრანტებისთვის. მხოლოდ და მხოლოდ ამაზეა საუბარი. ამიტომ მისი დისკუსიის გადატანა იმაზე, თითქოს პოლიციამ ძალა გამოიყენა და ეს კანონიერი იყო, კი, ეს ასე იყო და პოლიციას აქვს უფლება ძალა გამოიყენოს, მაგრამ რამდენად პროპორციული იყო ეს ძალა, ამასთან დაკავშირებით ისმის კითხვები.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, მან თქვა, რომ გავრილოვის არშემოშვების უფლება არ ჰქონდათ, რაც არის ტყუილი. ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე სასაზღვრო პოლიციას შეუძლია უარი თქვას ადამიანის ქვეყანაში შემოშვებაზე. უარის თქმის საფუძვლები სასაზღვრო პოლიციას ჰქონდა. ასევე ტყუილია ისიც, რომ მინისტრის თქმით, პოლიციას არ ჰქონდა ვალდებულება დემონსტრანტები გაეფრთხილებინა ძალის გამოყენების შესახებ. ამაზე პირდაპირ საუბრობს პოლიციის შესახებ კანონი”,- განაცხადა გიგაურმა.

აქედან გამომდინარე, ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ 20 ივნისის აქციის დარბევის საქმის გამოძიებამდე უფლებამოსილება უნდა შეიჩეროს.

„ვფიქრობ, რომ უნდა შეიჩეროს უფლებამოსილება. გვქონია შემთხვევები, მაგალითად ე.წ. ტრაქტორების საქმეში, როდესაც მინისტრი წავიდა თანამდებობიდან, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ ის ჩართული იყო კორუფციაში. აქაც ვფიქრობ, შინაგან საქმეთა მინისტრს და უშიშროების საბჭოს მდივანს აქვს ყველანაირი საშუალება, გავლენა მოახდინოს გამოძიებაზე. ზუსტად ამიტომ, ის უნდა წავიდეს თანამდებობიდან. გარდა ამისა, იმ ბრძანების გამოც უნდა წავიდეს, რომელიც მან აქციის დაშლისას გასცა. კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობა იქნება, თუ თვითნებობდნენ პოლიციელები და ძალა ასე გამოიყენეს. ამ ყველაფრის გამო მინისტრი უნდა გადადგეს“, – განაცხადა გიგაურმა.