გიორგი ბარამიძე – „ოცნების“ რეპრესიებისთვის მზად ვართ“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი ბარამიძე გამოკითხვაზე დაიბარა. ”ახალი თაობა” გიორგი ბარამიძეს ესაუბრა.

_ შსს-მ სასამართლოს მიმართა, რომ გამოკითხვაზე დაგიბაროთ. აპირებთ თუ არა მოსვლას და როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას?

_ დიახ, ვაპირებ სასამართლოზე მისვლას გამოკითხვისათვის.

რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, ეს არის მათი პირადი სტრატეგია, რომ რამენაირად შეეცადონ საკუთარი პასუხისმგებლობა გადააკისრონ ოპოზიციას. ამაზე საუბრობენ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში, როდესაც ლაპარაკობენ, რომ პოლიციამ ამისთვის გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და ხალხს ესროლა დათვის ტყვიები.

და არა მხოლოდ პარლამენტთან, სადაც ძალის გამოყენების ლოგიკა კიდევ შეიძლება მოძებნო, მაგრამ დათვის ტყვიების გამოყენება და დამიზნებით სროლა სრულიად გაუმართლებელია. ამაში ლოგიკა არანაირი არ არსებობს, ისევე როგორც ადამიანებისთვის თვალების დათხრა. სხვათა შორის, იგივე დათვის ტყვიების გამოყენება კანონით აკრძალულია.

ამას რომ თავი დავანებოთ და გავიხსენოთ, რომ პარლამენტიდან ასობით და ათასობით მეტრის დაშორებით დასდევდნენ ადამიანებს და დამიზნებით ესროდნენ ამ ტყვიებს. ამ შემთხვევაში იმ ტყუილის თქმასაც ვერ შეძლებენ, რომ ვიღაცა ამ შემთხვევაშიც თავს ესხმოდა.

ქაშუეთიდან დაწყებული, სასტუმრო „მარიოტის“, რუსთაველის თეატრის, სასტუმრო „რედისონის“ ტერიტორიით გაგრძელებული და ფილარმონიით დამთავრებული ადამიანებს ყველა ამ ადგილზე თავს ესხმოდნენ. მე პირადად დილამდე მათთან ერთად ვიყავი და ვხედავდი, რომ ლამის უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდეც კი სდიეს ახალგაზრდებს.

_ საუბრობთ პასუხისმგებლობის სხვა მიმართულებით გადატანაზე, აქვე შეაფასეთ შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადება, სადაც ის საუბრობს, რომ როდესაც პოლიციას თავს ესხმოდნენ, ისინი არ დაემორჩილებოდნენ ბრძანებასო. ეს განცხადება რას ნიშნავდა თქვენთვის?

_ ეს საერთოდ კატასტროფული განცხადებაა. მეზვრიშვილი ლაპარაკობს, რომ პრაქტიკულად 6-7 საათის განმავლობაში შსს-ს პირადი შემადგენლობიდან ძირითადი ნაწილი კონტროლიდან იყო გამოსული, დაკარგეს კონტროლი. მაგათ რომ დავუჯეროთ, ისინი გადავიდნენ ჭკუიდან და ხალხს დათვის ტყვიებს დამიზნებით ესროდნენ, დასდევდნენ ნახევარ თბილისში და არბევდნენ.

ხომ ყველამ ვნახეთ, რომ ეს არა მარტო პარლამენტის კიბეებთან ხდებოდა, ხომ გვაქვს კადრები ნანახი, როგორ დასდევდნენ მთელ რუსთაველზე, მელიქიშვილზე, სხვა ახლომდებარე ქუჩებში თუ ეზოებში და არბევდნენ ხალხს. ამ განცხადებით რა გამოდის? ამდენი პოლიციელი მათი კონტროლის არეალიდან გამოვიდა? გამოდის, რომ ისეთი პოლიცია გვყავს, რომ ისინი 6-8 საათის განმავლობაში კონტროლიდან გამოვიდნენ და ამას თავისი პირით ამბობენ?!

_ ხომ არ არის ეს ის, რაზეც ანა დოლიძემ ისაუბრა, რომ შსს პასუხისმგებლობის ზედა ეშელონებიდან მეისრეებზე გადატანას შეეცდება?

_ დიახ, რა თქმა უნდა. ამ აბსურდული განცხადებით ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობა მოიცილონ და გადაიტანონ საშუალო და დაბალი რგოლის თანამშრომლებზე, მაგრამ დღეს გამოვიდა, რომ ამ რაოდენობის პოლიციელი მათი კონტროლიდან გამოვიდა?! და ამ ყველაფრის შემდეგ ისინი თანამდებობებზე რჩებიან?!

იურიდიული ენით რომ ვთქვათ, ჩვენ პოლიციის მიერ თავსლაფდასხმული მათივე ხელმძღვანელობა ვართ, ნოლები ვართ, არაფერს არ წარმოვადგენთ და ცარიელი ადგილები ვართო, ამას ამბობენ, ოღონდ თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობა დათვების ტყვიების გამოყენებაზე და ხალხის რბევაზე.

_ თქვენ მოწმის სტატუსით გიბარებენ თუ რას გედავებიან?

_ მითხრეს, რომ იმ ღამეს თქვენ იქ ბრძანდებოდით და გვინდა გამოგკითხოთო. მე ვუთხარი, რომ იქ ვიყავი დასაწყისიდან დილის 7 საათამდე. ვუთხარი, რომ არ მივალ შსს-ში და როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, მზად ვარ, სასამართლოს წესით გამომკითხონ. სასამართლოში მივალ.

უბრალოდ ახლა ესენი ცდილობენ ოპოზიციის ლიდერებისა და წარმომადგენლების დაბარებით ის ხაზი გაატარონ, რომ თურმე ამათ სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთეს. ესეც პიარული ნაწილია სრულად. ცდილობენ ხალხი დააჯერონ, რომ სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთეს. იძახიან, მესამე სახელმწიფო გადატრიალება აღვკვეთეთო.

პრეზიდენტ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა, რომელიც ტანკებით და ავტომატების გამოყენებით დაემხო, შეადარეს „ვარდების რევოლუციას“. თითქოს ისიც ასეთივე ძალადობრივი იყო და ხელისუფლების დამხობა, რომელსაც მთელმა მსოფლიომ ტაში დაუკრა და „ვარდების რევოლუცია“ დაარქვა, როგორც ხავერდოვანი და უსისხლო რევოლუციის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითი და ახლა იძახიან, რომ თურმე საშინელება იყო და ახლაც ის უნდოდა მოეწყო ოპოზიციას.

ასე ცდილობენ, რომ ოდნავ მაინც ხავსს მოეჭიდონ და ამ ხავსის მოჭიდებაში სისულელეებს ლაპარაკობენ და თავის თავს თვითონვე იჭრიან, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები და ამას უკვე ვეღარ აკონტროლებენ.

_ რა მოლოდინი გაქვთ? ხომ არ ელოდებით, რომ ბრალს წაგიყენებენ. მელიას ეპიზოდზე ასეთი მოლოდინი იყო ოპოზიციაში, რომ პოლიტიკური რეპრესიები იწყებოდა. ამ შემთხვევაშიც ხომ არ ელოდებით? მით უფრო, რომ თქვენთან ერთად ოქრუაშვილი და უგულავაც დაბარებულები არიან.

_ ჩვენთვის, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისთვის, ამ ხელისუფლებისგან აბსოლუტურად არაფერია მოულოდნელი და არაფერი იქნება სიურპრიზი. ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ პირდაპირ განაცხადეს, რომ ჩვენი განადგურება მათი მიზანია. ამ ხნის განმავლობაში ამით იყვნენ დაკავებულები.

თან ამას ლაპარაკობდნენ და თან გაიძახიან, კოჰაბიტაცია შეცდომა იყოო. ამით ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს რაღაც შეღავათი გაგვიკეთეს და თავზე ხელს გვისვამდნენ, მაგრამ ცხადია, რომ ჩვენი პარტიის განადგურებით იყვნენ დაკავებულები. ზოგი ციხეშია, ზოგი ქვეყნიდან გაგდებულია და ყველანაირად დევნის ქვეშ ვართ. შესაბამისად, ამათგან რაიმე მოქმედება ჩვენთვის სიურპრიზი არ იქნება. ამიტომ, ყველაფრისთვის მზად ვართ, როცა ვებრძვით მათ.

თავიდანვე ვიძახდით და ბევრი არ იჯერებდა, რომ ესენი არიან კოლაბორაციონისტული და პუტინის საქმის გამკეთებელი რეჟიმი. ამიტომ, ყველაფრისთვის ყოველთვის მზად ვართ. კონკრეტულად რას იზამენ, ეს არ ვიცი. მე პირადად და ჩემი მეგობრები ნაცმოძრაობიდან მზად ვართ, ნებისმიერი ტიპის რეპრესიულ ნაბიჯებს თვალი გავუსწოროთ და ამ რეპრესიულ ხიფათისთვისაც მზად ვართ.

ამიტომ, არ წავსულვართ საქართველოდან და ვებრძვით, რაც შეგვიძლია, კანონის   ფარგლებში.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019