”გოგო ხარ თუ ბიჭი?!” – მაჩაბლის ქუჩაზე მოზარდებმა ბიჭი გრძელი თმის გამო ცემეს

”გოგო ხარ თუ ბიჭი?!” - მაჩაბლის ქუჩაზე მოზარდებმა ბიჭი გრძელი თმის გამო ცემეს12 ივლისის, ღამით თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე, ინციდენტი მოხდა. თვითმხილველი კაცი, რომელსაც უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ვინაობის გამხელა არ სურს, ნეტგაზეთს უყვება, რომ მოზარდების აგრესიულმა ჯგუფმა ჯერ უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეურაცხყო, შემდეგ კი ბიჭს გრძელი თმის გამო სცემა.

თვითმხილველის თქმით, მოვლენენი სწრაფად განვითარდა: თავდაპირველად პირები ქუჩაზე მდებარე “ტაილანდური მასაჟის” კარზე აბრახუნებდნენ და შიგნით მყოფებს უყვიროდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ.

“ამის შემდეგ, ქუჩის მეორე მხარეს არაბი ქალების ჯგუფი გამოჩნდა – ყველა ჰიჯაბით იყო. მათ დაუწყეს ყვირილი და მრავალი ცუდი სიტყვა უთხრეს. უყვიროდნენ, თუმცა ახლოს არავინ მისულა”, – აცხადებს ის.

მისივე განცხადებით, შემდგომ ქუჩაზე გრძელთმიანმა ბიჭმა ჩამოიარა, რასაც ასევე მოჰყვა ადგილზე მყოფ მოზარდთა გაღიზიანება. თვითმხილველის თქმით, მათ ფიზიკურად შეურაცხყვეს ბიჭი, პარალელურად კი მის თმაზე მიანიშნებდნენ.

“როდესაც ბიჭი მათ მიუახლოვდა, ძალადობრივი გზით დაუპირისპირდნენ. უყვიროდნენ, გოგო ხარ თუ ბიჭიო და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ერთ-ერთმა ბიჭმა, რომელიც შემდგომ პოლიციამ აიყვანა, ასფალტზე დააგდო ის, პარალელურად კი სხვები ურტყამდნენ. მას გზის მოპირდაპირე მხარეს მყოფი ორი გოგო დაეხმარა”, – ყვება თვითმხილველი.

მისი თქმით, ადგილზე მოსულმა პოლიციამ ერთ-ერთი მოზარდი წაიყვანა.

“ნეტგაზეთი” დეტალების გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში ადასტურებენ, რომ ინციდენტი მართლაც მოხდა და პოლიცია ადგილზე შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა. თუმცა, სამინისტროში ინფორმაცია აქვთ მხოლოდ დაპირისპირების შესახებ, რომლის დროსაც ორ პირს მესამე პირთან მოუვიდა ჩხუბი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხვები.

მოგვიანებით ნეტგაზეთი სალომე კვარაცხელიას დაუკავშირდა. ის ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, რომლებიც ინციდენტში ჩაერივნენ და დაზარალებულ ბიჭს დაეხმარნენ.

სალომე კვარაცხელიას თქმით, ბიჭი ამჟამად თავს ნორმალურად გრძნობს, თუმცა მანამდე თავის არეში ორი ნაკერის დადება დასჭირდა.

“რომ გავაშველეთ, კიდევ იწევდნენ. მეგობრებთან ერთად იყვნენ, არ იყვნენ მარტო. კიდევ ერთხელ რომ წამოვიდნენ, მერე უკვე დავრეკე პატრულში, რომელიც, დაახლოებით, 7-10 წუთში მოვიდა. მერე მოჰყვა სასწრაფოც”, – ყვება ის.

სალომე კვარაცხელია ასევე გამორიცხავს შელაპარაკებას მხარეებს შორის. მისი თქმით, აგრესიული ჯგუფი გრძელი თმის გამო დაზარალებულს თავს მაშინ დაესხა, როცა ის უბრალოდ ქუჩაზე მიდიოდა.

ნეტგაზეთი