ხათუნა ხოფერია – “გვარამია ემიჯნება სააკაშვილს და საკუთარ ამბიციებზე იწყებს მუშაობას”

ხათუნა ხოფერია - "გვარამია ემიჯნება სააკაშვილს და საკუთარ ამბიციებზე იწყებს მუშაობას"ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” “კითხვებს ხათუნა ხოფერია პასუხობს.

– ქალბატონო ხათუნა, ბოლო პერიოდში ხელისუფლებას თქვენც ხშირად საყვედურობთ. როგორ აფასებთ იმ პროცესებს, რაც ივნისის ბოლოდან ვითარდება?
– სადაც კრიტიკაა საჭირო, მე არ ვერიდები ამას. დღეს კი ხდება ის, რაც დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, რასაც ყველანი ველოდით. ველოდით იმიტომ, რომ მუდმივად ქვეყნდებოდა საუბრები გვარამიასა და სააკაშვილს შორის, სააკაშვილსა და ბიძამისს – თემურ ალასანიას შორის და მუდმივად არსებობდა იმის საფრთხე, რომ ეს ადამიანები პროვოკაციას აუცილებლად გააკეთებდნენ. პირველ რიგში კი გააკეთებდნენ იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებისთვის წაერთმიათ ის მთავარი მონაპოვარი, რასაც 7-წლიანი მშვიდობიანი ცხოვრება ერქვა, რადგან ქართველ საზოგადოებას არც შიდა და არც გარე ასპარეზზე მშვიდობასთან მიმართებაში არანაირი საფრთხე არ შექმნია.
– თუმცა დღეს შეექმნა.
– რომ იტყვიან, მათ ეს მოახერხეს და შეძლეს რაღაც ესკალაციამდე მიყვანა ამ პროცესის. როდესაც ნახეს, რომ საზოგადოება კონკრეტული თემის გარშემო დაირაზმა, მოხდა სოლიდური მასის შეკრება რუსთაველზე, მათ მოახერხეს, ის, რომ ჰქონოდათ მცდელობა სახელმწიფო გადატრიალების.
– ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ რაიმე მსგავსს ადგილი არ ჰქონია და, რომ ჩანაწერები სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს.
– ტიპიური სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ყველაზე კლასიკური ნიმუში იყო სახეზე, ლიდერების მონაწილეობით და მათი მოწოდებებით. გაწვრთნილი რაზმებით და შტურმირებული შეტევებით. ძალიან კარგად ორგანიზებული ჯგუფი მუშაობდა. კარგია, რომ სახელმწიფო ამ საშინელ სცენარს გადარჩა.
– თუმცა ვერ გადარჩნენ და მძიმედ დაშავდნენ აქციის მონაწილეები.
– ყველა პოლიციელის და ზოგადად ამ სფეროში მომუშავე ადამიანის ნომერ პირველი ამოცანაა, დაიცვას სახელმწიფო. ამის შემდეგ სახელმწიფო არის ვალდებული, როდესაც ის შეძლებს თავისი ინსტიტუციების დაცვას, დაიცვას თავისი მოქალაქეების სიცოცხლე. ახალგაზრდა გოგონამ თვალი დაკარგა, ეს ამბავი მეც ძალიან მეტკინა. ასევე მეტკინა იმ პოლიციელის ამბავი, რომელმაც 95%-ით დაკარგა მხედველობა, დაკარგა სამსახური და ცოლ-შვილი დარჩა მშიერი. მე მათ მთელი გულით ვუთანაგრძნობ, ეს უმძიმესი ტკივილია.
ეს ყველაფერი კი ისევ და ისევ დეპუტატების დაუდევრობით, მათი უტვინობით და არაპროფესიონალიზმით გადაიზარდა ამ პროცესებში. ეს პროცესი გამოკვეთილად პოლიტიკურ აქცენტს ატარებდა, მტრის წარმომადგენელი იჯდა უმაღლეს სავარძელში.
– გახარიას გადადგომის მოთხოვნა დღემდე დღის წესრიგშია და აქტუალობას არ კარგავს. ხელისუფლების წარმომადგენლები კი საზოგადოებას გაურბიან.
– გახარიას გადადგომის მოთხოვნა დღემდე იქნება დღის წესრიგში. ჯერ აქციები არ იყო დაწყებული, რომ სალომე სამადაშვილმა გახარიას გადადგომის მოთხოვნა წამოაყენა. რა, გახარიამ ჩასვა გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში თუ მისი მოწვევით იყო ჩამოსული?!
დღეს, მით უმეტეს, იქნება მისი გადადგომის მოთხოვნა, რადგან ამ კაცმა გადაარჩინა სახელმწიფო. მათ არ სჭირდებათ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, სახელმწიფო გადაარჩინონ. სანამ გაზს გაისროდნენ, სანამ რეზინის ტყვიებს გაისროდნენ, გახარიას გადადგომა მათ მანამდეც უნდოდათ.
– გავრილოვი საზღვარზე ვერ შემოვიდოდა გახარიას ნებართვის გარეშეო.
– კანონში არის გაწერილი, ვისი შემოშვება არ შეიძლება საქართველოში. ეს არის შავით თეთრზე დაწერილი. გავრილოვის მიმართ არ არსებობდა მუხლი, რომლის მიხედვითაც მას საქართველოში ვერ შემოუშვებდნენ. ამაზე პასუხი უნდა მოჰკითხოთ იმ ადამიანებს, ვინც ამ ასამბლეის წევრები იყვნენ და მათ შორის იყო გიგი წერეთელიც. სად არის, რატომ არ ჩანს, რატომ არაფერს ამბობს ამ საკითხზე?!
2 თვის განმავლობაში აყენებდნენ საკითხს, რომ ეს ასამბლეა ჩატარებულიყო თბილისში, რატომ მანამდე არ წავიდნენ ამის წინააღმდეგი? თავად პოლიტიკოსებმა რატომ არ გააპროტესტეს გავრილოვის ყოფნა?!
– შიგნით “ოცნებაში” ხომ არ შეუწყვეს ხელი ამ პროცესს? შიგნით ხომ არ ჰყავთ მოღალატეები?
– “ოცნებაში” ვინ რას წარმოადგენს, ვინ არ მომწონს და ვინ მოღალატეა, ამას მთელი პოსტები მივუძღვენი, მე ეს არც დამიმალავს, ჩემს აზრს ამ საკითხზე ყოველთვის თავისუფლად გამოვთქვამ. ძალიან ბევრი რამე და ვინმე არ მომწონს.
ასევე მე ღიად დავაფიქსირე ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ღამეს გაბუნიამ საშიშროების წინაშე დააყენა, სიკვდილის წინაშე დააყენა ჩვენი მილიონი მოქალაქე, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა და იმათ დასაცავად რომ გავედით, ერთი დეპუტატიც კი არ იყო მოსული “ქართული ოცნებიდან”.
ეს ადამიანები დღემდე ვერ გარკვეულან, სად უნდა იყვნენ და სად არ უნდა იყვნენ. ის, რაც იმ დღეს გაბუნიამ გააკეთა, იყო სუფთა პოლიტიკური საკითხი, ეს იყო საკითხი, რომელიც მმართველ პარტიას უნდა დაეცვა, მმართველი პარტია უნდა მდგარიყო თავის ხალხთან და არა რიგითი თბილისელები, რომლებმაც არ ვიცოდით, რა უნდა გვეთქვა და როგორ უნდა გვეთქვა.
ეს არის შიდა და საგარეო პოლიტიკა, რომელზეც ისინი ხალხს უნდა დალაპარაკებოდნენ და ამ დროს რას აკეთებდნენ? რას და მახათი ეჭირათ! არავინ მოსულა ხალხთან, იმიტომ, რომ პოლიტიკა არ იციან! არ იციან, სად არიან! ვერ ხვდებიან!
– სწორედ ამას განიცდის ჩვენი საზოგადოებაც, რომ ხალხი სხვაგანაა და ხელისუფლება სხვაგან.
– ხალხთან არ არიან, ხალხთან მისვლის ეშინიათ. მათ ისიც არ იციან, როდის არის საჭირო მიტინგი და როდის არ არის. მათ რატომღაც ჰგონიათ, რომ ბრიფინგებით უნდა გააჟღერონ თავისი სათქმელი. ესენი იმასაც ვერ ხვდებიან, რომ არ არიან ის პერსონები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ბრიფინგებს უნდა ატარებდნენ.
ასეთი პერსონა შეიძლება იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მაგრამ შენ რომ დეპუტატი ხარ, ჩემი არჩეული და პირდაპირ გიწერია, რომ შენ ხარ ჩემი ხმა იმ პარლამენტში, მე რომ ქუჩაში გამოვდივარ, შენ ჩემ გვერდით არ უნდა იდგე?!
8 წელი ვიყავი პარლამენტის წევრი და ბევრად უფრო ცუდი რაღაცები ხდებოდა ჩვენს დროს. ბევრად მძიმე. გოჩა ესებუასთან ვიყავი წასული, მასთან მოლაპარაკებებზე ვარ შესული. როგორც დეპუტატი, ისე წავედი, არც კამერები გამიყოლებია და არც გადაცემები გამიკეთებია. ავტომატიც დამადო ესებუამ საფეთქელზე მაშინ. ამათ რა უბედურება ჭირთ, ვერ გავიგე რა?!
– საკმაოდ კრიზისული სიტუაციაა, გამოსავალს რაში ხედავთ?
– გამოსავალი აუცილებლად იქნება. იმასაც გეტყვით, რომ დღეს ჩვენ რეალურად ოპოზიციაც არ გვყავს. ეს არ არის პოლიტიკური ოპოზიცია, რომელთან ერთადაც სახელმწიფო უნდა წყვეტდეს კონკრეტულ საკითხებს.
ოპოზიცია უნდა იყოს მუდმივად ჩასაფრებული პოლიტიკურ საკითხებზე, პოლიტიკური ძალა, რომელიც მუდმივად მზადყოფნაში გამყოფებს, რომ რაიმე არ შეგეშალოს. ჩვენთან კი არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მხოლოდ თავის გადარჩენაზეა მორგებული.
უფრო მეტსაც გეტყვით – თვითონ ოპოზიციასაც შიგნით სერიოზული პრობლემები აქვს.
– რას გულისხმობთ?
– ვუყურებთ და ყველა კარგად ვხედავთ, გვარამია როგორ ნელ-ნელა ემიჯნება სააკაშვილს და საკუთარი, პირადი ამბიციების დაკმაყოფილებაზე იწყებს მუშაობას.
ის უკვე სხვა კატეგორიაშია გადასული. ის, გაბუნიასთან ერთად, უკვე იმ კატეგორიაშია გადასული, რომ ისინი სააკაშვილსაც ხელს უშლიან იმ პოლიტიკის გატარებაში, რომელიც რეალურად მათ აინტერესებთ.
დღეს მძიმე სიტუაცია გვაქვს – ძალიან დაბალი დონის მმართველი პოლიტიკური ძალა გვყავს, თუ არ გამოვარჩევთ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც თავის გასაკეთებელს ყოველთვის აკეთებენ. დანარჩენი აბსოლუტურად ნოლი და არაფრის გამკეთებელია.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა