“კოალიციური მთავრობა არაფორმალურ მმართველობას დაასრულებს”

"კოალიციური მთავრობა არაფორმალურ მმართველობას დაასრულებს"კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილებაზე საუბრობს.
– ბატონო ავთანდილ, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის ცვლილება საკონსტიტუციო ცვლილებას საჭიროებს. თუ პოლიტიკური ნება არ იქნება შეიძლება კანონპროექტი ჩავარდეს?
– თუ ხელისუფლების მკვეთრი პოლიტიკური ნება არ არის საარჩევნო სისტემის შეცვლა, მაშინ ეს კანონპროექტი განწირულია.
კონსტიტუციის გადასინჯვის ორი გზა არსებობს: ერთი, ორი მესამედის უმრავლესობით და მეორე – სამი მეოთხედის უმრავლესობით.
თუ ცვლილებები კონსტიტუციაში ორი მესამედის უმრავლესობით იქნა მიღებული, მაშინ კანონპროექტი ამოქმედდება არა მაშინვე, არამედ მომდევნო პარლამენტის მიერ უნდა იყოს დამტკიცებული, რომელიც 2020 წლის არჩევნების შედეგად დაკომპლექტდება.
რაც შეეხება კონსტიტუციის სამი მეოთხედით გადასინჯვას, ამ შემთხვევაში ცვლილებისთვის 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ამიტომ, თუ ეს საპარლამენტო უმრავლესობის მკვეთრი პოლიტიკური ნება არ იქნება, სულაც არ არის გასაკვირი, რომ 113 დეპუტატის მხარდაჭერა ვერ მოიპოვოს კანონპროექტმა.
– ამ შემთხვევაში კანონპროექტი ჩავარდნისთვისაა განწირული?
– რასაკვირველია! თუ მაჟორიტარების ნახევარზე ოდნავ მეტი უარს იტყვის, მაშინ რაც უნდა მხარი დაუჭიროს ოპოზიციამ, ცვლილების განხორციელებისთვის მაინც არ იქნება საკმარისი მხარდაჭერა.
დამერწმუნეთ, მხოლოდ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ნებაზე არის დამოკიდებული პროპორციული სისტემის ბედი.
მე თავად არ ვარ პროპორციული სისტემის მომხრე.
– არსებულ სისტემას უჭერთ მხარს?
– დიახ, ცხადია კორექტივებით, ვგულისხმობ ორპალატიან პარლამენტს. ზედა პალატა დაკომპლექტდეს მაჟორიტარებით, ქვედა კი – პროპორციულით. ამის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში დღესაც არსებობს. ეს იქნებოდა ჩემთვის იდეალური ვარიანტი. შემიძლია განვითარებული დემოკრატიების მაგალითები დაგისახელოთ: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია.
– ნულოვანი ბარიერის პლუსებზე და მინუსებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
– ბუნებრივ ბარიერის პოზიტივი პირველ რიგში პარლამენტის პლურალიზმია. მე მახსენდება 1992-95 წლების პარლამენტი, სადაც 15 პარტია იყო წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული მსოფლმხედველობისა და შეხედულებების პარტიები იყო წარმოდგენილი, ამ პარლამენტმა კონსტიტუცია მიიღო.
მაგრამ არის კი კომპრომისული განწყობა დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში?! მეშინია, რომ ასეთი განწყობა არ იყოს და პარლამენტი ქმედუუნარო გახდეს.
– ამ შემთხვევაში რა ხდება?
– პირველ რიგში, ეს ხდება პოლიტიკური არასტაბილურობის საფუძველი. ეს შეიძლება სერიოზული საფრთხე იყოს. 5 თვე დასჭირდა ანგელა მერკელს, რომ კოალიციური მთავრობისთვის მიეღწია.
კოალიციური მთავრობა თუ შეიქმნება, არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი დასრულდება. ბიძინა ივანიშვილს აღარ ექნება ბერკეტი, რომ მთავრობა მართოს. ესეც არის სერიოზული პლუსი.
– ნულოვანი ბარიერი სწორედ იმიტომ შემოიღეს, რომ პატარ-პატარა პარტიები მოისყიდოს “ოცნებამ” და მათთან შექმნას კოალიცია და არა – რეალურ ოპოზიციასთან. რამდენად რეალურია ეს სცენარი?
– ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ მანდატს მოიპოვებს “ქართული ოცნება”. თუ 35-40% მოიპოვა, მაშინ 10-11%-ის შეგროვება პატარ-პატარა პარტიებთან ძალიან გაუჭირდება. ამიტომ იძულებული იქნება, მსხვილ პარტიებს მიმართოს.
საპარლამენტო რესპუბლიკა კოალიციური მთავრობების გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია.
– საუბარია არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობაზე. რას იტყვით?
– კატეგორიულად არ ვარ ამის მომხრე. სავლდებულო ნიშნავს გარკვეული სანქციის არსებობას. რა, ადამიანები უნდა დაისაჯონ?! არა, ამის მომხრე არ ვარ.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა