ლევან ალაფიშვილი – “მთელი მთავრობა გადამალულია – ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ მუშაობს”

ლევან ალაფიშვილი - "მთელი მთავრობა გადამალულია - ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ მუშაობს"კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ლევან, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხელისუფლების სტრატეგია როგორია?
– საკმაოდ რთული მდგომარეობაა. რთული მდგომარეობაა. ხელისუფლებას ბევრად უფრო ეფექტურად შეეძლო აქიდან გამოსვლა, მაგრამ შეცდომა შეცდომაზე დაუშვა და ახლა ისე შევიდა პროცესები ჩიხში, რომ აქედან გამოსვლა არათუ ამ ხელისუფლებას, ბევრად უფრო მაღალი დონის ხელისუფლებასაც კი გაუჭირდებოდა.
ახლა, რასაც თვალყურს ვადევნებთ, ეს არის არა ქვეყნის და მისი ინტერესების გადარჩენაზე, არამედ საკუთარი თავის და საკუთარი იმიჯის გადარჩენაზე ზრუნვა.
– რამდენად შეძლებს თუნდაც საკუთარი თავის და იმიჯის გადარჩენას?
– ძალიან გაუჭირდება, ეს თითქმის შეუძლებელია. შეუძლებელია თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ 20 ივნისამდე იყო სხვა რეალობა, 20 ივნისის შემდეგ სხვა რეალობაშია როგორც ქვეყანა, ისე ხელისუფლება.
თუ ხელისუფლება სტრატეგიულად სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებდა და არ გაჯიქდებოდა, მაშინ ბევრად ნაკლები დანაკარგებით გამოვიდოდა აქედან. ახლა უკვე ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ახლა, რასაც ხელისუფლება მიზანმიმართულად აკეთებს, ეს არის ადამიანებში შიშისა და პანიკის დათესვა.
– და რაში აწყობს?
– თვითგადარჩენისთვის აკეთებს ამას. იმ სამარცხვინო განცხადებებზე, რაც მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, კომენტარის გაკეთებაც კი არ მინდა.
თუ ოდნავ მაინც უფრო კვალიფიციური იქნებოდა ჩვენი ხელისუფლება ან ინტერნეტში მაინც ჩაიხედავდა, ადამიანებს კი არ დააშინებდა, არამედ ეტყოდა, რომ რუსეთი ეკონომიკურ სანქციებს ასე მარტივად ვეღარ დაგვიწესებდა.
– რას გულისხმობთ?
– რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოა. რუსეთს ძალიან უნდოდა აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანება, რისთვისაც მას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებოდა. ჩვენი მხარდაჭერით რუსეთი გახდა ვტო-ს წევრი. ამდენად, ის ასე მარტივად ვერ დაგვიწესებს ემბარგოს, წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთთან გარკვეული ვალდებულებები აქვთ.
– 2006 წელს ხომ დაგვიწესა.
– მაშინ არ იყოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. ამიტომ, ვიღაც უნდა გამოსულიყო და ეს უნდა ეთქვა, როგორც რუსეთისთვის, ისე ჩვენი მოსახლეობისთვის.
თუ ღვინის ხარისხი არ იქნება შესაბამისი სტანდარტების, ის მიუღებელი იქნება როგორც რუსული, ისე ამერიკული და ქართული ბაზრისთვისაც, მაგრამ სანქციებს ასე მარტივად ვეღარ დაგვიწესებს.
რაც შეეხება რუს ტურისტებს, ისინი მაინც ჩამოდიან, რადგან მოსწონთ საქართველო და არავის უგდებენ ყურს. აი, ნახავთ, როგორ მალე აღდგება ავიარეისებიც. პროცესები უფრო გაამწვავა თავად ხელისუფლებამ.
– რაში აწყობდა?
– ხალხში შიში რომ დაეთესა. ხალხი პანიკას რომ მოეცვა. ეს ერთგვარი პიარ-ტექნოლოგიური სვლაა. მე აქ სწორედ იმ პოლიტ-ტექნოლოგის ხელს ვხედავ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ მთლიანად ამოაყირავა სურათი.
როგორც ჩანს, ის უცხოელი პიარ-ტექნოლოგი კვლავ გასცემს რჩევებს. მაგრამ აქ ერთი დიდი განსხვავებაა, მაშინ ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდი იყო და არჩევნებზე ასეთ რაღაცეებს იტანს საზოგადოება, მაგრამ ახლა წინასაარჩევნო პერიოდი არ არის და ასეთი პიარსვლები შეიძლება სახიფათოც კი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის. ეს ერთგვარი ბეწვის ხიდია, ამიტომ მე ვურჩევდი, გონს მოეგონ.
– თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?
– საზოგადოებასთან ინტენსიურ კომუნიკაციაში. ახლა გადამალვის დრო არ არის. ხელისუფლება დამალულია. პირიქით, რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია, მეტი ინტერაქცია, მეტი ურთიერთობა ყველასთან, რომ სიტუაცია განიმუხტოს.
თუმცა, რომ გითხრათ, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება და ხელისუფლება მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას, ეს უბრალოდ შეუძლებელი იქნება.
ახლა მთავარია, 2020 წლის არჩევნებმადე მივიდეთ მშვიდად, შეცდომების გარეშე და შემდეგ უკვე ამომრჩეველი, საზოგადოება, ამ ქვეყნის მოქალაქეები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას.
– ხელისუფლებისგან რა გადაწყვეტილების მოლოდინში ხართ?
– დღეს ხელისუფლება რა გადაწყვეტილებას იღებს, არ ჩანს, არათუ მისი გადაწყვეტილებები არ ჩანს, თავად არ ჩანს. სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გახსოვთ, რომ გადამალეს?! დღესაც იგივე ხდება, მაგრამ ახლა მთელი მთავრობაა გადამალული.
ის თაობა, რომელიც რუსთაველზე დგას, ღიად ეუბნება ხელისუფლებას: ჩვენ ვართ პატრიოტები! დიახ, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და მოვითხოვთ ჩვენ მიერ დაქირავებული ხელისუფლებისგან მოქმედებას, ქვეყნის წინ წაყვანას და არა პირიქით!
ამას ეუბნებიან არა მხოლოდ დღევანდელ მთავრობას, არამედ მთელ პოლიტიკურ სპექტრს.
ეს არის თაობა, რომელმაც მოცემულობა შეცვალა, რომელმაც რეალობა შეცვალა. 20 ივნისის შემდეგ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. ახლა უკვე ისტორიას ეს ახალგაზრდები წერენ. ისინი მოვიდნენ, უკვე აქ არიან წარმოუდგენლად მაღალი პასუხისმგებლობით სამშობლოს წინაშე.
ხელისუფლებამ ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს, უნდა გააცნობიეროს, რომ სხვა რეალობაა 20 ივნისის შემდეგ და ისე ვეღარ გააგრძელებს.
დღეს ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას: ან ამ ახალგაზრდებთან ერთად გააგრძელოს ცხოვრება ან მათ გარეშე.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა