მამუკა გამყრელიძე – “გახარიამ მიიღო გარანტიები, რომ არ დაიჭერენ”

მამუკა გამყრელიძე - "გახარიამ მიიღო გარანტიები, რომ არ დაიჭერენ"“ახალი თაობის” კითხვებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს
– ბატონო მამუკა, გახარია მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. რატომ?
– ადამიანმა პირდაპირ ეთერში ღიად მოიტყუა, რომ ვიღაც ელჩები იყვნენ მასთან. ყველა ელჩმა უარი თქვა, ჩვენ არ ვყოფილვართო. ადამიანი ტყუის ტყვიებთან დაკავშირებით. უამრავი ტყუილი მოვისმინეთ მისგან. უტიფრად ტყუის. მე რამდენადაც ვიცი და ჩვენ გვყავს საერთო ნაცნობები, მე და ბატონ გახარიას, ყველასგან ვიცი, რომ არის უაღრესად ადაკვატური და მოაზროვნე ადამიანი, მას ძალიან სხარტი აზროვნება აქვს, ძალიან ჭკვიანია და არც ისეთი ცუდია, როგორც ამას წარმოაჩენს.
– მაშინ რა ხდება?
– როგორც ჩანს, მას აუხსნეს ვიღაც სხვა მრჩეველებმა, რომ მან ყველაფერი თავის თავზე უნდა აიღოს, როგორც ჩანს, რაღაც გარანტიები მიიღო, შესაძლოა, გადაუხადეს კიდევაც და კმაყოფილი და ბედნიერი დარჩება ყველა, თუ მას გაუყენებენ შორ გზას.
სამაგიეროდ, სხვები გასუფთავდებიან. ხომ ვნახეთ, რაც მოხდა, ქუცნაშვილი გადააყოლეს ამ ამბავს, ასევე კობახიძეც. გახარია ალბათ არ უნდოდათ, მაგრამ იძულებულები გახდებიან. სამაგიეროდ ის ხალხი, ვინც გახარიას გარდა ბრძანებას იძლეოდა, გვარებიც არის ცნობილი, ეს ხალხი აბსოლუტურად არ დაზარალდება.
– ყველა სუფთად გამოძვრება, გახარიას გარდა?
– დიახ, ამ ერთზე გადატყდება. ეს ახალგაზრდობაც დაკმაყოფილდება, იტყვიან, რომ ყოჩაღები ვართ, აი რა გავაკეთეთ, ჩვენსას მივაღწიეთ და მოკლედ კრება დარჩება მხიარული.
– ბევრი ტყუილი თქვა გახარიამო და სხვების გადასარჩენად ცრუობს?
– შესაძლოა საკუთარი თავის გადასარჩენადაც. ის იღებს რაღაცა გარანტიებს, ხომ შეიძლებოდა რომ დაეჭირათ, არა?! წარმოიდგინეთ, რომ გასკდეს ასეთი ამბავი, რომ ეს ბრძანება გახარიამ კი არ გასცა, არამედ დასახელებული პიროვნებები რომ არიან უშიშროებიდან და ბატონი ბიძინას პირადი დაცვიდან, ამ ხალხმა გასცა ეს ბრძანება, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ტალღა აგორდება?!
თუნდაც პანკისში რაც მოხდა, დარწმუნებული ხართ, რომ გახარიამ გააგზავნა იქ სპეცრაზმი?! მე სულაც არ ვარ დარწმუნებული. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა იმ დღეს, რომ გახარია საერთოდ აზრზე არ იყო და მის ზურგს უკან მოხდა ეს ყველაფერი.
– ვინ იძლევა ამ ბრძანებებს, ვინ არის ეს იდუმალებით მოცული?
– როგორც ჩანს, სრულიად სხვა ძალები მართავენ სიტუაციას და გახარია ერთგვარი შირმის როლშია.
– უღირს გახარიას ეს ყველაფერი?
– ყველაფერს თავისი ფასი აქვს, ყველაფერს!
– ანუ?
– ანუ ესე იგი უღირს.
– მისგან შესაძლოა დიდი პოლიტიკური მოღვაწე დამდგარიყო, თუმცა ყველაფერს ხაზი გადაესვა და გაფუჭდა გახარია პოლიტიკურად. საუბარი მის დაწინაურებაზე და ასე შემდეგ წარსულში დარჩა.
– გახარიამ თავი, როგორც პოლიტიკოსმა, ვერ გამოიჩინა. დავიწყოთ მისი მოსვლის პირველივე დღეებიდან – როგორც შს მინისტრმა, ძალიან ხისტი და უხეში განცხადებები აკეთა. მერე სრულიად უადგილოდ მოიხადა ბოდიში. მერე რაღაცა ეჭვები გაჩნდა, რომ ახალგაზრდებსა და მას შორის რაღაცა კავშირები არსებობდა.
თავიდანვე, როგორც პოლიტიკოსი, ის ვერ ჩამოყალიბდა. ამიტომ მისი გაპოლიტიკოსება და გასერიოზულება ალბათ არარეალური იქნებოდა. თანაც თუ დავაკვირდებით, ვის ნიშნავს პრემიერად ბატონი ბიძინა – ეს ის ხალხია, ვინც მისი ყურმოჭრილი მონაა. გახარია, სავარაუდოდ, მისი ყურმოჭრილი მონა ვერ იქნებოდა თავისი ხასიათიდან გამომდინარე. ვიმეორებ, ყველაფერს თავისი ფასი აქვს.
– თავად ბიძინასაც უნდა გახარიას მოშორება?
– რა თქმა უნდა. გახარია უქმნის უხერხულობას მთელ “ქართულ ოცნებას”. ახლა მასზე კონცენტრირდება ყველა უარყოფითი და ნეგატიური აზრი. მოთხოვნა ამ ახალგაზრდებისა, რომლებიც ქუჩაში დგანან, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც გახარიას გადადგომაა.
– თუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრეს, ამადაც უღირს? ბიძინას გამო ამაზეც თანახმაა?
– არა, როგორც ჩანს, სწორედ აქ მიიღო მან გარანტიები. სწორედ ამიტომ საუბრობს ასე თამამად, რომ მე გავეცი ბრძანება, მე ვიყავი, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე კანონის ფარგლებშიო. აი, ეს მთავარი ნარატივი გასდევს მის განცხადებებს ყოველთვის.
– ასეთივე გარანტიები ჰქონდა ვანო მერაბიშვილს მიხეილ სააკაშვილისგან, მაგრამ ის ახლა ციხეშია. ხვალ იმუშავებს ამ ხელისუფლების გარანტიები?
– ყოველთვის ამას ვიძახი და სხვათა შორის ეს 2011-ში მიხეილ სააკაშვილსაც ვუთხარი: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მაღალ თანამდებობებზე ორმაგი მოქალაქეობის მქონე ხალხის დანიშვნა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება!
– მიანიშნებთ, რომ გახარია თავს უშველის?
– რა თქმა უნდა, როცა გაუჭირდება, ადგება და წავა.
– თქვენც ხომ ორმაგი მოქალაქეობა გქონდათ?
– დიახ და სწორედ ელჩად რომ მნიშნავდა მიშა, მაშინ ვუთხარი, რომ ეს არ არის სწორი. მან მითხრა, რომ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება და ამიტომ, რატომაც არა.
მე ვამბობ, რომ ეს კანონი არის არასწორი. თუ შენ მიდიხარ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე, არ არის მართებული, რომ იყო ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანი. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება მომავალი მთავრობისთვის.
გახარიამ მიიღო გარანტიები, ამიტომ ყველაფერს იღებს თავის თავზე, რა პრობლემაა, ადგება და წავა. ამ ადამიანს თავისი ბიზნესიც აქვს რუსეთში, აქვს რაღაცა კავშირები. ადგება და წავა.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა