მიხეილ კალანდია – “თავს დამნაშავედ არ ვცნობ”

მიხეილ კალანდია - "თავს დამნაშავედ არ ვცნობ"პროკურატურა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მიხეილ კალანდიას პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა განუცხადა, დღეს წარდგენილი იქნება მტკიცებულებები, რომელთა დასაშვებად ცნობას ბრალდების მხარე მოითხოვს.

“წარმოდგენილი გვაქვს მტკიცებულებები და ვიშუამდგომლებთ მათ დასაშვებად ცნობას. ასევე გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიება. ბრალდების მხარე თავდაპირველ პოზიციას უჭერს მხარს და მიგვაჩნია, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები აღკვეთის გამოყენების”, – განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, როგორც მირიან მეგრელიშვილმა აღნიშნა, საქმეში არის ახალი მტკიცებულებები, მათ შორის 2019 წელს მოპოვებული მტკიცებულებები.

„მტკიცებულებების შინაარსში ვერ შევალ, თუმცა საქმეში არსებობს როგორც წერილობითი, ასევე აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა სახის მტკიცებულებები, რაც ერთობლიობაში ბრალდების მხარის პოზიციას ადასტურებს”, – აღნიშნა პროკურორმა მეგრელიშვილმა.

თავად მიხეილ კალანდია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ მას ბრალი ედება დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში. ამასთან, მოსამართლემ განუმარტა მას უფლებები და ჰკითხა, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალში.

„არ ვცნობ თავს დამნაშავედ”, – განაცხადა მიხეილ კალანდიამ.

მისი ადვოკატი ანა კოტეტიშვილი ამბობს, რომ დანაშაულის იარაღი საქმეში არ არსებობს. მას უკვირს, საიდან მივიდა გამოძიება დანაშაულის იარაღამდე, როცა არც ერთი მოწმე ამასთან დაკავშირებით არ საუბრობს.

“მას შემდეგ, რაც დაცვისა და ბრალდების მხრეებმა გავცვალეთ მტკიცებულებები, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ახალი არაფერი არ არის მასში. ახლიდან არის გამოკითხული რამდენიმე მოწმე, რომლებიც ახალს, ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერს ამბობენ.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, რა თქმა უნდა, დაცვის მხარეს აქვს მოტივირებული პოზიცია, თუ რატომ უნდა შეიცვალოს გამოყენებული პატიმრობა. ამ მოთხოვნას ვასაბუთებთ იმით, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები. მტკიცებულებები არის იგივე რაც იყო ძირ საქმეზე. დანაშაულის იარაღი საქმეში არ არსებობს და საინტერესოა საიდან მივიდა გამოძიება დანაშაულის იარაღამდე. არც ერთი მოწმე ამასთან დაკავშირებით არ საუბრობს”, – აღნიშნა კოტეტიშვილმა.

მიხეილ კალანდიას წინასასამართლო სხდომა სრულად დაიხურა. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრლადების მხარის შუამდგომლობა პროცესების დახურვის თაობაზე. პროკურორები სხდომის დახურვას, საქმეში არასრულწლოვანი პირების ფიგურირებით და მათი პირადი მონაცემების გაჟღერებით ასაბუთებდნენ.

ბრალდების შუამდგომლობას პროცესების დახურვის თაობაზე დაცვის მხარეც დაეთანხმა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

იპნ