ნუგზარ ქსოვრელი – “ქინძმარაული სამხრეთ კორეაში შედის”

ნუგზარ ქსოვრელი - "ქინძმარაული სამხრეთ კორეაში შედის"“კორპორაცია ქინძმარაულის” გენერალური დირექტორის თქმით, სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს გამოიკვეთა, რომ ბაზარზე ქართული ღვინის მიმართ დაინტერესება მზარდია, თუმცა მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქართველ მეწარმეებს იქ დიდი გადასახადების გადახდა უწევთ.

“ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება სამხრეთ კორეასთან, რაც თავისთავად გვიძვირებს საქმიანობას. ამის გამო კი, თავიდანვე არაკონკურენტუნარიან გარემოში ვხვდებით. ხოლო პრობლემის გადასაჭრელად მთავარი როლი და ვალიც კი, საქართველოს მთავრობას ეკისრება და აუცილებლად უნდა დაგვიდგნენ მხარში,”-აღნიშნა ნუგზარ ქსოვრელმა, გადაცემა “საქმიან დილაში”.

მისი თქმით, სამხრეთ კორეა, არის 52 მლნ-იანი ქვეყანა, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდება და გამორჩეულია ცხოვრების დონით, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, ერთ სულ მოსახლეზე და ღვინის სიყვარულით.

“გეგმაში გვაქვს სამხრეთ კორეის ბაზარზე შესვლა და ჩვენ დავიწყეთ კიდეც მისი საფუძვლიანი კვლევა. გარდა ამისა, უახლოეს 5 წელიწადში ვგეგმავთ, ევროპის ქვეყნებმა ჩვენს სტატისტიკაში, პირველ სამეულში გადაინაცვლონ, ხოლო განსაკუთრებით საინტერესო ბაზრად კვლავ ჩინეთი დარჩება, რომელიც ლიდერია ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებელში, ამას კი ხელი შეუწყო, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ და უფრო ფართოდ და სწრაფად გაგვიღო კარი ჩინეთის ბაზარზე,” – განაცხადა კორპორაცია ქინძმარაულის“ გენერალურმა დირექტორმა, ნუგზარ ქსოვრელმა.

ბიემჯი