ოლეგ ბასილაშვილი – “გაბუნიამ ქაჯობა გამოავლინა, მაგრამ არც რუსულ მედიას აქვს უფლება, ასე ცუდად შეაფასოს ქართველი ხალხი”

ოლეგ ბასილაშვილი – “გაბუნიამ ქაჯობა გამოავლინა, მაგრამ არც რუსულ მედიას აქვს უფლება, ასე ცუდად შეაფასოს ქართველი ხალხი”გაბუნიამ თავისი უკულტურობა და თუ გნებავთ, ქაჯობა გამოავლინა, თუმცა არც რუსულ მედიას აქვს უფლება, გაბუნიათი შეაფასოს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ისტორია, – ამის შესახებ ქართული წარმოშობის რუსმა მსახიობმა, საბჭოთა კინოსა და თეატრის არტისტმა ოლეგ ბასილაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბულობისა და “რუსთავის 2”-ის საავტორი გადაცემის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგის შეფასებისას განაცხადა.

ბასილაშვილი ამბობს, ერთი უკულტურო ადამიანის გამო რუსი და ქართველი ხალხის შეფასებისგან თავი უნდა შეიკავოს ორივე მხარემ.

„თუ კონკრეტულად “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის მონოლოგზე ვისაუბრებთ, ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო და რაც მთავარია, უცენზურო გამოსვლა. ჟურნალისტს არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მისი ყოველი სიტყვა უნდა იყოს აწონილ-დაწონილი, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ არაპროფესიონალიზმთან არ გვქონია საქმე. ეს გახლდათ რუსეთისა და კერძოდ, მისი პრეზიდენტის პროვოცირების საუკეთესო მაგალითი, რომელიც მას, საბედნიეროდ, არ გამოუვიდა. თუმცა, აქვე მინდა ვთქვა, რომ ვიღაც ერთი ჟურნალისტით არ შეიძლება შეფასდეს ქართველი ერი და მისი კულტურა. გაბუნიამ თავისი უკულტურობა და თუ გნებავთ, ქაჯობა გამოავლინა, თუმცა არც რუსულ მედიას აქვს უფლება, გაბუნიათი შეაფასოს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ისტორია, რომლითაც სრულიად სამართლიანად ვამაყობთ. ერთი უკულტურო ადამიანის გამო რუსი და ქართველი ხალხის შეფასებისგან თავი უნდა შეიკავოს ორივე მხარემ. მე მაშინვე გამოვეხმაურე რუსეთ-საქართველოს შორის ხელოვნურად დაწყებულ დაძაბულობას. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და ამის უარყოფა შეუძლებელია“, – განაცხადა ოლეგ ბასილაშვილმა.

მსახიობი მიიჩნევს, რომ საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, სადაც სითბოთი და პატივისცემით ხვდებიან რუს ხალხს.

„მე არ ვსაუბრობ პოლიტიკასა ან პოლიტიკოსებზე, ვგულისხმობ უბრალო ადამიანურ ურთიერთობებს კულტურაში, სპორტში ან სულაც ადამიანურ ურთიერთობებს. ძალიან გულსატკენია იმ ტალახის სროლა, რომელიც ამ ამბებს მოჰყვა, რადგან სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ქართველი კაცის გენეტიკაში კოდივით დევს ოჯახში სრულიად უცხო ადამიანის ძვირფასი ახლობელივით მიღება. ეს ქართული კულტურის ნაწილია, რომელსაც ვერც ჟურნალისტის უცენზურო მონოლოგი, ვერც რუსული მედიის პასუხი და რადიკალური განცხადებები გააბათილებს. მე ყოველთვის მსუბუქი შეფასების მომხრე ვარ, მაგრამ ახლა მკაცრად უნდა ვთქვა – თითო მახინჯი ყველა ოჯახში არსებობდა და ასე იქნება ყოველთვის. გამონაკლისი არც საქართველოა და არც რუსეთი. ხელოვნური დაძაბულობა შემთხვევით არ მიხსენებია – საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, სადაც ასეთი სითბოთი და პატივისცემით ხვდებიან რუს ხალხს. პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ ამის აღიარება ბევრს არ უნდა. და მაინც, ეს არის რეალობა, რომელსაც ყველა კარგად ხედავს. სწორედ ამგვარ დამოკიდებულებას შეუძლია ორ ხალხს შორის ურთიერთობის დალაგება“, – განაცხადა ბასილაშვილმა.

იპნ