პაატა ზაქარეიშვილი – “პროცესებს დღეს ნაციონალები მართავენ”

პაატა ზაქარეიშვილი - "პროცესებს დღეს ნაციონალები მართავენ"“ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს
– ბატონო პაატა, როგორ აფასებთ შექმნილ ვითარებას?
– ის კრიზისი, რომელიც იყო “ქართულ ოცნებაში”, გადავიდა სახელმწიფოზე. ეს ის შემთხვევაა, როცა მათი შიდა მოუგვარებელი პრობლემები სახელმწიფოს პრობლემები გახდა. მე მანამდეც არაერთხელ მითქვამს თქვენი გაზეთის საშუალებით, რომ რაც მანამდე ხდებოდა, ეს იყო შიდა პარტიული კრიზისი და აი ახლა, სახელმწიფოში დადგა ეს პოლიტიკური კრიზისი.
ეს არის საკმაოდ შემაშფოთებელი, რომ “ქართული ოცნება” ვერ გაუმკლავდა თავის შიდა პრობლემებს და გარეთ გამოხეთქა ამ ყველაფერმა. შემდეგ კი ეს ძალიან ეფექტურად გამოიყენა მათმა ოპონენტმა, ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც ჩასაფრებულია, რომელიც არის დესტრუქციული ძალა.
– თითს იშვერენ ნაციონალური მოძრაობისკენ, მაგრამ როდესაც სახელმწიფოს სათავეში ხარ, ის რაც მოხდა, რაც ჩაიდინე, ამის ოპოზიციისთვის გადაბრალება რამდენად ადეკვატურია?
– ეს ყოვლად დაუშვებელია! ძალიან სამარცხვინო იყო პრემიერმინისტრის გამოსვლა ამ მიმართულებით, რომ უცხო ქვეყანაში გადახვეწილ, უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილს დააბრალა პრობლემები. ეს არის უსუსურობის გამოვლენა. ეს არის განცხადება, რომ მე სახელმწიფო არა ვარ და ვიღაცა შორიდან მართავს სიტუაციას. ასე არ არის და რომც იყო, ეს არ უნდა თქვა.
ეს ხალხი გამოვა და გეტყვის, თუ ის მართავს იქიდან, მაშინ ავდგებით და ბარემ აქ ჩამოვიყვანთ. ისინი ცდილობენ სახელმწიფოში შექმნან განცდა, რომ ეს არის ორი ძალის დაჯახება და სინამდვილეში გვეუბნებიან, რომ ერთი ძალა არსებობს მხოლოდ და ეს არის ნაციონალური მოძრაობა. დაახლოებით ეს შეტყობინება იყო ბახტაძისგან.
– გახარიაზე რას იტყვით?
– გახარია უფრო ზომიერი იყო. ის ცდილობდა, თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. თვითონ რომც არ გაეცა ეს ბრძანება და სხვას გაეკეთებინა, პასუხისმგებელი თავად არის, რადგან კონსტიტუციით მას ევალება ეს საკითხები. ამიტომ ბუნებრივია, მას მოუწევს პასუხის გაცემა ბევრ კითხვაზე.
– ტექნიკურად შეეცადა ყველა, თავი აერიდებინა კითხვისთვის, თუ ვინ გასცა ბრძანება. როგორ ფიქრობთ, ეს მოდიოდა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისგან?
– ძნელი სათქმელია. მე მაინც მგონია, რომ ეს უფრო უშიშროების კონტექსტიდან გამომდინარე მოდიოდა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილიდან. მე არ მინდა ისე გამოვიდეს ხოლმე, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილს ვაფარებდე ხელს, მაგრამ არ მგონია, მას გაეცა ბრძანება, რომ დაარბიეთ. ეს უფრო მგონია, რომ უშიშროების და შს სამინისტროს ბრძანება იყო. რას ისვრის სპეცსამსახური, ეს არ არის არც ბიძინას და არც პეტრეს ან პავლეს საქმე.
– აბა ვისი საქმეა?
– ეს უკვე არის შიდა მოქმედების წესი. უხეშად რომ ვთქვათ, თუ ძაღლი გყავს და მას დაგეშავ ადამიანზე, ძაღლმა იცის უკვე, რაც უნდა გააკეთოს, უნდა უკბინოს. ანუ როცა სპეცსამსახურები გყავს, რომლებიც მომართულია და გაწვრთნილია დარბევაზე, მიტინგების დაშლაზე, მათ თავისი აღჭურვილობა აქვთ, თავისი იარაღი აქვთ, თავისი გაზი აქვს, თავისი წყალი აქვს და თავისი რეზინის ტყვია აქვს. ამიტომ ის როგორც კი ღებულობს ბრძანებას, რომ დაარბიოს, ის არბევს ისე, როგორც ნასწავლი აქვს ეს დარბევა. ანუ შლის ისე, როგორც ნასწავლი აქვს რომ დაშალოს.
ამ დროს ბრძანებას გასცემს მხოლოდ და მხოლოდ შს სამინისტრო. ვინც არ უნდა სხვა ყოფილიყო ეს, ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს შს სამინისტრო, ის, ვის დაქვემდებარებაშიც არის ამ ტიპის სამსახურები.
– გახარიამ თქვა, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე და სწორედ ამიტომ არ მიდის, რათა გამოიძიოს ყველფერი. რა შედეგი დაიდება?
– მე ჯერ არ მინახავს ამ ქვეყანაში გამოძიებული საქმე. გამოძიება მიმდინარეობს – ამათ ენაზე ნიშნავს, რომ გამოძიება არ დასრულდება არასდროს. ეს იქნება მორიგი თვალში ნაცრის შეყრა.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ დღეს პროცესებს მართავს ნაციონალური მოძრაობა, ეს დესტრუქციული ძალა, რომელიც ქვეყნის ნგრევაზეა მომართული და არა ქვეყნის მშენებლობაზე. დღევანდელი ხელისუფალი კი არის უუნარო ძალა. ნაცმოძრაოაბა არის ყველაფრის მკადრებელი, “ოცნება” კი – არაფრის მკეთებელი. დღეს დღის წესრიგს ხელისუფლებას უდგენს ნაციონალური მოძრაობა.
– მაქსიმალურად შეეცდება ნაცმოძრაობა, პროცესები შეინარჩუნოს ქუჩაში?
– რა თქმა უნდა! ეს არის ხელისუფლების ბრალი! ამიტომ, კი არ უნდა გაექცნენ პასუხისმგებლობას, რაც ბახტაძემ გააკეთა, არამედ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. დროა, დაიწყონ ლაპარაკი სხვა პოლიტიკურ ძალებთან. იმ ძალებთან, ვინც გაკრიფეს თავის დროზე. დაელაპარაკონ უსუფაშვილს, ალასანიას, მათ, ვინც ახლა გავიდა მათგან.
– ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, ყველა განუდგა “ოცნებას”.
– რა თქმა უნდა, განუდგა, მაგრამ მოუწოდოს, მოდით ვილაპარაკოთ, ბოდიში მოუხადონ. პირდაპირ ბიძინა ივანიშვილმა უნდა თქვას, რომ შეცდომა დაუშვა, რომ გაკრიფა პოლიტიკური ველი, რომ დაშალა კოალიცია, რომ ამის გამო მის გვერდით დარჩნენ მხოლოდ ფარისევლები, მედროვეები და მლიქვნელები.
– დარჩა ნაციონალების პირისპირ და ვეღარ უმკლავდება?
– დიახ. თურმე კოალიციაში იყო ძალა, რომელიც მას ამისგან იცავდა, ამიტომ მოიხადოს ბოდიში და დაუძახოს ამ ხალხს მოლაპარაკების მაგიდასთან. თქვას, რომ მზად არის თანამშრომლობისათვის.
თუ ამას გააკეთებს, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი კონსტრუქციული ძალა მივა მასთან და დაიწყებენ სიტუაციის გამოსწორებას, ოღონდ ამ სამარცხვინო “ოცნებისგან” უნდა მოახდინოს დისტანცირება. გამოვიდეს და თქვას, რომ ამან არ გაამართლა. არ გაამართლა შუას გაკრეფვამ, არ გაამართლა კოალიციის დაშლამ და ახლა პროპორციულ სისტემაზე იმიტომ გადადიან, რომ შანსები შეუქმნან დანარჩენ პარტიებს.
ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება თუ იტყვის, რომ არაა საჭირო ნულოვანი ბარიერი. საჭიროა 3%. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა 5%, მაგრამ ჯანდაბას, 3% იყოს.
– ანუ ნულოვანს არ ემხრობით?
– არა. 3% მოგვცემს საშუალებას, რომ ბევრი ღირსეული პოლიტიკური პარტია შევიდეს და თითო კაცის პარტია ვერ მოხვდეს პარლამენტში. პროპორციული დიდი მონაპოვარია, ეს აუცილებელია.
– ვადამდელი არჩევნები იქნება?
– თუ პროპორციულ სისტემაზე მიდიან, ვადამდელი არჩევნებიც არ არის პრობლემა. თუმცა პარტიები ვერ მოასწრებენ მომზადებას, ამიტომ ჯობია, თავის დროზე ჩატარდეს და პოლიტიკური პარტიები ნორმალურად მოემზადონ არჩევნებისათვის.
– ასეთი სისტემა ქაოსს გამოიწვევსო.
– უკვე გაისმა ხმები, რომ პროპორციული სისტემა შექმნის ქაოსს. ოქრიაშვილმა თქვა, თუ არ ვცდები. ეს არის ძალიან მცდარი აზრი. ქაოსს შექმნის არა პროპორციული სისტემა, არამედ ნულოვანი ბარიერი. სწორედ ამიტომ შემოგვტენეს იდეა ნულოვანი ბარიერის, მერე ქაოსი რომ იქნება თქვან, რომ ეს თქვენი ბრალია, პროპორციულს რომ მოითხოვდითო. ნულოვანი ბარიერი უნდა შეცვალონ 3%-ით და ყველაფერი იქნება იდეალურად.
– დღეს რა განმუხტავს არსებულ სიტუაციას? ბიძინა ივანიშვილს სახლთანაც მიდის აქციები, მარტო გახარიას გადადგომას აღარ ითხოვენ. როგორ გამოვალთ ამ კრიზისიდან?
– “ქართული ოცნება” ფიქრობს, რომ დაეცემა ტემპერატურა და ხალხი აღარ გამოვა ქუჩაში, ხოლო ნაცმოძრაობა ფიქრობს, რომ პირიქით, თუკი მეტს მივაწვებით, გადადგება გახარია. ანუ ნებისყოფის ამბავია, რომელი პოზიცია უფრო მყარი და მდგრადი იქნება. ნერვების თამაშია, ვინ უფრო მოითმენს ამას ყველაფერს.
“ოცნების” ყველა უკანდახევას მიიწერს ნაციონალური მოძრაობა. ისევე, როგორც პროპორციულს იბრალებს, თუმცა ნაციონალებს არასდროს ნდომიათ პროპორციული წესით არჩევნები.
ვნახოთ, ვისი ნერვები უფრო მყარი იქნება. ვინ გაუძლებს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა