ირმა ნიორაძე – “მე და ჩემს ქმარს ერთმანეთის მოფრთხილების ეტაპი გვაქვს”

ირმა ნიორაძე - “მე და ჩემს ქმარს ერთმანეთის მოფრთხილების ეტაპი გვაქვს”ვისაც პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძე სცენაზე უნახავს, ალბათ ერთხელ მაინც გაუვლია გულში, რომ გედის სიმღერას ასრულებს. თავადაც გამოგვიტყდა ამაში, ისე ვცეკვავ, თითქოს უკანასკნელი იყოსო. ამიტომაც არის, რომ მისი ყოველი მოძრაობა უზარმაზარი ემოციით არის სავსე და მთელ სპექტაკლს მოჯადოებული, სუნთქვაშეკრული უყურებ.

მისი 30 წლიანი საბალეტო კარიერა დიდ შრომასა და ნებისყოფაზე დგას – რეპერტუარში 50 სპექტაკლია. მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილი გოგონა ნაბიჯ-ნაბიჯ, დამოუკიდებლად იკვალავდა გზას დიდი სცენებისკენ. დღეს ის მსოფლიოში აღიარებული ბალერინაა, ცხოვრობს საფრანგეთში, ცეკვავს და სტუდენტებს თავის გამოცდილებას უზიარებს.

ირმა ნიორაძის მეუღლე ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძე გახლავთ. ჰყავთ ერთი შვილი, ილია, რომელიც 17 წლის არის.

პრიმა ბალერინამ “სარკეს” თავის კარიერაზე, გეგმებზე, პირად ბედნიერებასა და გულისტკივილზეც უამბო.

– ქალბატონო ირმა, რა ხდება მსოფლიოში აღიარებულ პრიმა ბალერინას პროფესიულ ცხოვრებაში დღეს?

– ჩემთვის ძალიან საინტერესო ეტაპი დადგა. მინდა, ჩემი 30 წლიანი გამოცდილება მომავალ თაობას გადავცე. მე-7 წელია საფრანგეთში ვარ, მონაკოსა და კანში ვმოღვაწეობ, ასევე ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას და, რა თქმა უნდა, ვცეკვავ.

– გადავავლოთ თვალი თქვენს ცხოვრებას. დღეს როგორ გახსენდებათ 30 წლის წინანდელი პერიოდი?

– უპირველეს ყოვლისა, მე არავინ დამხმარებია. მე მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე – ჩემი უფროსი დების გარემოცვაში, მუსიკალურ ოჯახში, სადაც სწავლა ყოველთვის პრიორიტეტი იყო, ხელოვნებას და მუსიკას დიდი ადგილი ეკავა.

უფროსი და ბალერინა იყო და მეც მის კვალზე წავედი. კონკურსისთვის რომ ვემზადებოდი, კომუნისტური სისტემა იყო და იმისათვის, რომ ამერიკაში წასვლის უფლება მოგეპოვებინა, აუცილებლად უნდა ჩასულიყავი მოსკოვში. ეს იყო რთული პროცესი. წავედი უიმედოდ. პოსტსაბჭოთა სივრციდან 18 წყვილი იყო ჩამოსული, მაგრამ მე ამირჩიეს. ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე, ასევე სტაჟირება გავიარე პეტერბურგის ვაგანოვას აკადემიაში.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს პედაგოგებს: ნატალია ზოლოტოვას, ნინა დიდებულიძეს, სერაფიმე ვეკუას, გოგი ალექსიძეს, ვერა წიგნაძეს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ვახტანგ ჭაბუკიანს, რადგან ისეთი სასკოლო ბაზა მომცა, კონკურსზე მომენიჭა ლაურეატის წოდება და შემდეგ უკვე ამერიკიდან მივიღე შემოთავაზება.

– თქვენი პირველი წარმატება და კარიერული აღმავლობა სწორედ ამ დროს დაიწყო?

– დიახ, როდესაც მარინის თეატრის რეპერტუარი მთლიანად ავითვისე. იმ სცენაზე ფეხის შედგმაც კი ძალიან რთული იყო, სადაც ცეკვავდნენ მატილდა ქსიშინსკაია, ანა პავლოვა და ბევრი გამოჩენილი მოცეკვავე, იმიტომ, რომ სხვა სკოლის წარმომადგენლებს არ იღებდნენ, თუმცა ვახტანგ ჭაბუკიანის სპექტაკლები დღემდე ამშვენებს მსოფლიო თეატრებს და მე ძალიან ბევრჯერ შემისრულებია მისი სპექტაკლები მარინის თეატრის სცენაზე. მსოფლიო აღიარება მოვიდა ძალიან დიდი შრომით – 50 სპექტაკლი მაქვს რეპერტუარში.

– ვისაც ბალეტზე ელემენტალური წარმოდგენა მაინც აქვს, იცის, რომ სიფრიფანა ბალერინის ჰაეროვანი ცეკვა ყოველდღიური მძიმე შრომის შედეგია. როგორია თქვენი ერთი დღე?

– დასვენება რას ნიშნავს, საერთოდ არ ვიცი. ბალერინა სულ ფორმაში უნდა იყოს. მისი ყოველი დღე არის ძალიან დატვირთული – ვდგები დილით ადრე, 15 წუთი დავრბივარ, ჩემი სახლიდან 3-4 წუთში უკვე ზღვის სანაპიროზე ვარ. მერე ვსაუზმობ, ვმეცადინეობ, საკუთარ თავზე ვმუშაობ, მაქვს რეპეტიციები, დღეგამოშვებით სტუდენტებისთვის გაკვეთილებს ვატარებ მონაკოში.

მიუხედავად გადატვირთული რეჟიმისა, ამოსუნთქვის საშუალება მაქვს, 7-8 საათისთვის სახლში ვარ და მერე უკვე ვაგრძელებ ფრანგული ენის სწავლას.

– საბალეტო სცენის კულისებს ახასიათებს ინტრიგები, კონკურენცია, შური. თქვენი კარიერის მანძილზე ეს მოვლენები პირადად შეგხებიათ?

– ჩემს შემთხვევაში ვერ დაგეთანხმებით, მე მიყვარს სხვის სპექტაკლზე მისვლა იმიტომ, რომ თვითონაც ვიზრდები და, საერთოდ, შეგნებულ ბალერინებს ასე მიგვაჩნია, როდესაც საინტერესო ბალერინა ცეკვავს, აუცილებლად ვესწრებით სპექტაკლს. მე როცა ინდივიდუალურად ვმუშაობ, “კოპირებას” ვერ გამიკეთებს მეორე ბალერინა და მე ვერ გავუკეთებ სხვა ბალერინას “კოპირებას”, რადგან ჩვენ არ ვესწრებით ერთმანეთის რეპეტიციებს.

სხვისი წარმატება არ უნდა გაღიზიანებდეს. ერთმა ადამიანმა ასეთი კითხვა დამისვა: “როგორ შეძელი 30 წლის განმავლობაში ისე გემუშავა, რომ შენზე ცუდს ვერავინ ამბობს ან როგორ მოახერხე, პრიმა ყოფილიყავი და შეგენარჩუნებინა ყველასთან ასეთი თბილი ურთიერთობა?”. შური, ბოღმა, მტრობა და ასეთი რაღაცები ჩემგან ძალიან შორსაა. თუ ისეთი ადამიანები არსებობენ, რომლებსაც შურთ მეორე ბალერინის, მათ შემოქმედებას არც ვადევნებ თვალს.

– როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ სხვა ბალერინებისგან, რა არის თქვენი ინდივიდუალური მანერა, სტილი?

– ბევრი რამ არის, რითიც გამომარჩევენ, მაგრამ უხერხულია ამაზე საუბარი, ეს მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს. ბალეტის სამყარო იმდენად ხანმოკლეა, რომ ერთი ამოსუნთქვით უნდა ცეკვავდე, თითქოს ეს არის პირველი და საბოლოო ცეკვა. ჩემთვის ყოველთვის ასე იყო, ყველა წამი იყო ძალიან ბედნიერი, ვფიქრობდი, რომ ეს აღარ განმეორდებოდა.

სახლიდან თეატრამდე როდესაც მივყავდი მძღოლს, ჯერ კიდევ დაძინებულ პეტერბურგს ვუყურებდი და ვიცოდი, რომ მომენატრებოდა ეს დრო, მომენატრებოდა ის სცენა, სადაც დიდი მოცეკვავეები მეფის წინაშე ასრულებდნენ ამა თუ იმ სპექტაკლს და მე იმ სცენაზე ვცეკვავდი. ჩემი სპექტაკლების ყოველი წუთი განუმეორებელია ჩემთვის.

– თქვენი ცხოვრების საქმე – ბალეტი – ოჯახისთვის რამდენ დროს გიტოვებთ?

– მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დედა ვარ. როდესაც ილია ჩემთან ცხოვრობდა და ერთად ვიყავით, სპორტის თითქმის არც ერთი სახეობა დავტოვე, ყველგან ვატარებდი, დამყავდა ფრანგულსა და ინგლისურ ენებზე. სპეციალურად ვისწავლე მანქანის მართვა, რადგან ვერავის ვანდობდი. რატომღაც მეგონა, რომ მხოლოდ მე უნდა ვყოფილიყავი მისით დაკავებული. მიხარია, რომ მე გავზარდე. ვცდილობდი, შვილისთვის ყოველთვის გამომენახა დრო და ვახერხებდი კიდეც, სანამ საფრანგეთში ჩემთან ერთად ცხოვრობდა.

როგორც ჩემმა პედაგოგმა აღნიშნა, როდესაც სცენასა და თეატრში ვარ, მე არ ვეკუთვნი ჩემს ოჯახს, ხოლო თუ სახლში ვარ – მე არ ვეკუთვნი თეატრს, ყველაფერს თავისი დანიშნულება უნდა ჰქონდეს.

– გვიამბეთ თქვენი სიყვარულის, ქორწინების ამბავი, როგორ შეხვდით იმ ერთადერთ მამაკაცს, ვისაც მთელი ცხოვრება დაუკავშირეთ.

– ეს უკვე წარსულშია, მაგრამ მახსენდება ფილმი “ქეთო და კოტე”, ისე მოხდა – ეს იყო პეტერბურგში… ჩვენ იქ შევხვდით ერთმანეთს. ახლა ძალიან საინტერესო და ერთმანეთის მოფრთხილების ეტაპი გვაქვს. მას 50 წელი შეუსრულდა. იცით, როგორ არის ჩემი მეუღლე? სულ თვითმფრინავში სძინავს და მეც სულ თვითმფრინავში ვარ. სულ ვშრომობთ, ჯერ ჩვენი თავისთვის ვერ მოვიცალეთ.

ჩვენ ვართ ცა და დედამიწა. მე უფრო ცა ვარ, ვიდრე დედამიწა. ის სულ რეალურ სამყაროსთან არის დაკავშირებული, მე კიდევ, ჩემი შემოქმედებიდან გამომდინარე…

– ცოლ-ქმრისთვის ასეთ რეჟიმში ცხოვრება რთული არ არის?

– მე ოჯახზე ვარ შეყვარებული და ეს არ ნიშნავს მარტო მეუღლის სიყვარულს. ვერ წარმომიდგენია ცხოვრება დედის, ჩემი დების, ჩემი მეუღლის, შვილის გარეშე. ჩვენ ძალიან დიდი ოჯახი ვართ! მარტო ჩემი მეუღლე რომ გამოვყო, არასწორი იქნება. მე ასეთი ადამიანი ვარ და ისიც ჩემნაირია.

ჩემი მეუღლე მხოლოდ ოჯახით ვერ იქნება ბედნიერი, ის ბედნიერია მაშინ, როცა მის გარშემო ყველაფერი მუშაობს, ყველაფერი შენდება და ყველა ბედნიერია. ალბათ მეც ეს თვისებები მაქვს.

– თქვენ კანში დააფუძნეთ ფესტივალი, რომელიც მსოფლიო ლეგენდას, მაია პლისეცკაიას, მიუძღვენით. 

– კანში დავაფუძნე მსოფლიო ბალერინის, მაია პლისეცკაიას, სახელობის პრიზი. ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება კანის კინოფესტივალის დარბაზში. გასულ ზაფხულს კი დიდი ხნის ოცნება ამიხდა, როდესაც ბათუმში ბატონ ვახტანგ ჭაბუკიანს მივუძღვენი საღამო, სადაც მსოფლიოს ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. წელსაც აქტიური სამზადისი მაქვს, რადგან მორის ბეჟარის საბალეტო დასს ველოდები.

– 2007 წელს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა თბილისის აეროპორტში. ახლა როგორ გახსენდებათ ეს შემთხვევა, როგორ აფასებთ მას?

– აეროპორტში 40 წუთი შემაფერხეს, შეიძლება ითქვას, დამაპატიმრეს. გამახსენდა, 1937 წელს როგორ ხდებოდა დაპატიმრებები, მეც სწორედ ასეთი შიში დამეუფლა, თუმცა ამ ფაქტის შესახებ არაფერი გამომიქვეყნებია, რადგან წარსულით არასოდეს ვცხოვრობ.

წლების წინ მე და ჩემი და (ოპერის ვარსკვლავი მზია ნიორაძე, ავტ.) ჩარეცხილების სიაში ვეწერეთ, ასევე ჩემი მეუღლის კომპანია რამდენჯერმე იყო დაყადაღებული. დიდი ბედნიერებაა, რომ 1937 წელს არ მომიწია ცხოვრება და მოღვაწეობა.

– როგორ ფიქრობთ, რატომ “არ უყვარდით” იმ დროს საქართველოში?

– ასე ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს არ ვუყვარვარ! მთავარია, მაყურებელს და ჩემს ერს ვუყვარვარ. ვერ დავკონკრეტდები, ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს ჩემი მიღწევების, რეგალიებისა და დამსახურებების ძალიან დიდი შეურაცხყოფა იქნება.

– ვინ იყო ის ადამიანი ან ადამიანები, რომლებმაც თქვენი სახელი და გვარი “ჩარეცხილთა სიაში” შეიტანეს?

– არ მიყვარს ასეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, თუმცა ის პერიოდი ძალიან ცუდად მახსენდება… როცა ამერიკაში ხარ და ზედიზედ ცეკვავ სპექტაკლებს, ურთულეს როლებს და ამ დროს საქართველოდან გირეკავენ, იცი, რა, ირმა, ძალიან გთხოვ, ჩამოდი, იცეკვე, რადგან ხელფასს ვერ ვურიგებთ მსახიობებს, მაყურებელი კი შენს სპექტაკლზე მოვა და შემოსავალი იქნებაო… როგორ შეიძლებოდა, უარი მეთქვა?! ჩამოვდიოდი, როცა არც ელექტროენერგია იყო, არც გათბობა და გაყინულ სცენაზე თითებგადატყავებული მაინც ვცეკვავდი 2004 წლამდე.

ამის შემდეგ ვიღაცამ გადაწყვიტა, ჩარეცხილების სიაში ვყოფილიყავი და ეს იყო ძალიან დასანანი. არ მაინტერესებს, ვინ იყო ამ ყველაფერში გარეული, არ ვადევნებ თვალყურს, სად არიან ის ადამიანები, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. მთავარია, ჩემს ქვეყანაში ყოველთვის ვნახო ბედნიერი სახეები, არ იყოს ომი და ჩემი საქართველო ძალიან მალე გამთლიანდეს.

ჩარეცხილებში ვიქნები თუ საშვს მომთხოვენ თბილისის ოპერის თეატრის შენობაში შესვლისთვის, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერს გავუძელი და გავუძლებ.

სარკენიუსი