ლადო სადღობელაშვილი – “ოცნებას” კახა კალაძე და ზვიად ძიძიგურიც ტოვებენ, ღარიბაშვილის ბენეფისი იწყება”

ლადო სადღობელაშვილი - "ოცნებას" კახა კალაძე და ზვიად ძიძიგურიც ტოვებენ, ღარიბაშვილის ბენეფისი იწყება"რა ძალები ერთიანდებიან ვასაძის გარშემო, ვისთვის უნდა გახდეს სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლა, ვინ და რატომ დატოვებს მმართველ პარტიას ახლო მომავალში? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
ლადო სადღობელაშვილი:
– სანდო წყაროსგან შევიტყვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძალიან მალე “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი გუნდი დატოვებს. მმართველ პარტიას კონსერვატორები დატოვებენ.
ასევე მოსალოდნელია “ოცნებიდან” კახა კალაძის წამოსვლა. ამის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ გითხარით, სანამ “ოცნებიდან” ბესელია და მისი თანამოაზრეები წამოვიდოდნენ.
– კალაძეც და ძიძიგურიც სამტრედიიდან არიან. სამტრედიულ რევანშთან გვაქვს საქმე?
– არა, სამტრედიული რევანში არ იქნება. სულ სხვა პროცესები დაიწყო. თავიდან შეთანხმდნენ, რომ ერთიანობას შეინარჩუნებდნენ, ელემენტარულად დასაკარგი ადამიანი აღარ ყავთ.
დიდი მცდელობის მიუხედავად, ერთობის შენარჩუნება ვერ ხერხდება და ივანიშვილმა თანაპარტიელებს მისცა უფლება, დატოვონ “ოცნება”. ძალიან კარგად ვიცი, რატომაც წავიდა ამაზე “ოცნების” ლიდერი.
– რატომ წავიდა?
– იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი პარტიის შეყვანა უნდა პარლამენტში. შემდეგ მათგან შექმნის კოალიციას.
ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ “ქართული ოცნება” პარლამენტში უმრავლესობით ვეღარასდროს მოვა. არ გამიკვირდება, 2020 წლის არჩევნებზე “ოცნებაზე” მეტი ხმები ნაციონალებმა აიღონ.
ახლა მთავარი მეოცნებე ცდილობს, რომ “ოცნებაზე” განაწყენებული ხალხის გულები და ხმები მის მიერ კონტროლირებადი ჯგუფებით მოიგოს.
მის მიერ კონტროლირებადი ერთი ჯგუფი უკვე შეუდგა საქმიანობას. მხედველობაში ბესელია და მასთან ერთად წამოსულები მყავს.
ყველას რატომღაც ეგონა, რომ მმართველ პარტიას ზარდიაშვილის გუნდი დატოვებდა, მაშინ გითხარით, რომ ზარდიაშვილი დარჩებოდა და ბესელიას გუნდი წავიდოდა. ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი.
ახლა გეუბნებით, რომ მალე “ოცნებას” კალაძე და ძიძიგური დატოვებენ. ეს პროგნოზიც გამართლდება.
– ზვიად ძიძიგური ისეა გამაგრებული “ოცნებაში”, მაგას იქედან თუ გამოაგდებენ, თორემ თავისი ნებით არ წამოვა.
– მისი ნება რომ იყოს, არც წამოვიდოდა. ახლა იქ სულ სხვა ვითარებაა. “ოცნებაში” ძიძიგურის ადგილი აღარ არის.
ერთია ის, რომ ეს რღვევა ივანიშვილის კურთხევით ხდება და მეორეა ის, რომ მმართველ პარტიაში ერთმანეთს ჭამენ. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ერთმანეთის ჭამას კიდევ უფრო გააძლიერებენ.
კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის გუნდი თავის გავლენებს არ დათმობს, სხვები ამის ატანას აღარ აპირებენ და დაშლა გარდაუვალია. “ოცნება” ისე დაიშლება, როგორც ნაციონალური მოძრაობა დაიშალა.
ამ დაშლას ხელს შეუწყობს ივანიშვილიც. ის შეეცდება, რამდენიმე პარტია შეათრიოს პარლამენტში და მათგან შექმნას კოალიცია.
– დარწმუნებული ხართ, რომ “ოცნებიდან” წამოსულები ივანიშვილსაც არ გაემიჯნებიან?
– ეს გამორიცხულია. დააკვირდით “ოცნებიდან” წამოსულებს. ივანიშვილზე ცუდს არ იძახიან.
– როგორ არ იძახიან. უკვე იძახიან.
– ვინ იძახის? მე არაფერი გამიგია.
– ლევან გოგიჩაიშვილმა უკვე თქვა, რაც ხდება, ივანიშვილის ბრალიაო.
– მერე რა. ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.
– რატომ არ ნიშნავს არაფერს?
– იმიტომ, რომ არაფერი არ არის. მაშინ დავიჯერებდი, რომ მისი წინააღმდეგები არიან, თუ მასზე ცუდ სიტყვებს იტყოდნენ.
დამერწმუნეთ, ივანიშვილს ისინი არავითარ შემთხვევაში არ გააკრიტიკებენ. ისინი “ოცნებიდან” კი წამოვიდნენ, მაგრამ მათ იმედი აქვთ, რომ “ოცნების” ლიდერი მათ სპონსორობას გაუწევს.
– გამოდის, რომ “ოცნებიდან” ივანიშვილის გულის მოსაგებად მოდიან.
– დაახლოებით ასე იქნება. მათ ლიდერის ფული სჭირდებათ.
– კალაძეც ფულის გამო წამოვა? მას საკუთარი ფინანსები აქვს.
– კალაძე ფინანსურად დამოუკიდებელი იქნება, მაგრამ ივანიშვილის წინააღმდეგ არც ეგ წავა.
სხვებთან შედარებით უფრო რთულად აქვთ საქმე კონსერვატორებს. ისინი იმდენად უსირცხვილოდ ხუჭავენ ყველაფერზე თვალს, რომ ივანიშვილსაც აღარ აქვს მათი ატანა. მომავალ წელს ამოარტყამენ კონსერვატორებს პანღურს ერთ ადგილას და დარჩება ეს შენი ზვიად ძიძიგური ხახამშრალი.
“ოცნებიდან” ხალხის წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ირაკლი ღარიბაშვილიც იქნება. მმართველ პარტიაში ამ ადამიანს ბევრი ვერ იტანს. ჩემს ხელს არსებული ინფორმაციით, შუალედური არჩევნების შემდეგ “ოცნებაში” მისი ბენეფისი დაიწყება. ის ხალხი, ვისაც ღარიბაშვილი არ უყვარს, მმართველი პარტიიდან წავა, მაგრამ ივანიშვილის ქოლგის ქვეშ დარჩება.
ეს უკანასკნელი შეეცდება, რომ მომავალ წელს პარლამენტში რამდენიმე პარტია გაათრიოს, მათგან შექმნას კოალიცია და ისევ ქვეყნის სათავეში დარჩეს.
ამისთვის ხელის შეშლა მხოლოდ მესამე ძალას შეუძლია. მესამე ძალის გამოჩენა ნაცებსაც ჩააჩოჩებს და ქოცებსაც.
– მესამე ძალა კარგი იქნებოდა, მაგრამ არსად ჩანს.
– აუცილებლად გამოჩნდება.
– როდის?
– ძალიან მალე.
– ეს ძალიან მალე როდისაა?
– არ გამოვრიცხავ რომ მესამე ძალა შემოდგომაზე მეტეორივით დაგვეცეს თავზე.
დიდი ალბათობით ეს ლევან ვასაძე იქნება.
– ლევან ვასაძე იქნება მესამე ძალა? ამას სერიოზულად ამბობთ?
– რა თქმა უნდა. ლევან ვასაძეს შეუძლია, ძალიან სერიოზული ძალა შექმნას. ეს ადამიანი საქართველოში ბევრს მოსწონს.
– ბევრი მას რუსეთის ემისრად მიიჩნევს.
– რატომ? რაკი რუსეთში აქვს ბიზნესი? იმდენი პოლიტიკოსი ვიცი, დასავლეთის მზეს რომ ფიცულობენ და რუსულ საქმეს აკეთებენ. ყველაფერის მიუხედავად, ვასაძე ხალხს მაინც უყვარს. ის თავის გარშემო კარგ ხალხს თუ შემოიკრებს, შანსი აქვს, ნაცებიც დაამთავროს და ქოცებიც.
– კარგ ხალხში ვის გულისხმობთ?
– ეროვნულად განწყობილ ადამიანებს. ასეთი ადამიანები საქართველოში მრავლად არიან. ერთ რამეს აქედანვე ვურჩევ ვასაძეს, იმ ხალხს, ვინც მის გარშემო გაერთიანდება, ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარება მოსთხოვოს.
– ნარკომანები აპირებენ მასთან გაერთიანებას?
– იმ ხალხში, ვინც თავს ეროვნულ ადამიანად მიიჩნევს, ბევრი ეწინააღმდეგება მარიხუანის ლეგალიზებას, მაგრამ თავად სიამოვნებით აბოლებენ პლანს. მომავალში უხერხულობა რომ აიცილოს თავიდან, ვასაძემ ამ ადამიანებს ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარება უნდა მოსთხოვოს და ვინც ნარკომანი აღმოჩნდება, ახლოს არ გაიკაროს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა