“ქართულ ოცნებაში” პოლიტიკოსებს მაია მიმინოშვილი არჩევს”

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, ბიძინა ივანიშვილს არწმუნებენ, რომ ზაფხულში მოხდეს სამთავრობო ცვლილებები და მას მიებას შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– 2020 წელს “ქართული ოცნების” არსებობის საკითხიც კითხვის ქვეშ დადგება. ამიტომ, ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება სწორედ ეს იქნება. მე არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც აქეთკენ წავიდეს ყველაფერი და სწორედ ასე განვითარდეს მოვლენები.
თუ თვითგადარჩენა უნდა “ქართულ ოცნებას”, მაშინ სწორედ ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს. დღეს “ქართული ოცნება” სახელისუფლო პარტიის ანტიპოდია. ქვეყანას განვითარების გეგმა და სტრატეგია სჭირდება, რაც მას არ აქვს. ამიტომ დღითიდღე კიდევ უფრო გაუჭირდება ხელისუფლებას.
მე ჯერ კიდევ “ქართული ოცნების” წევრი ვიყავი, როდესაც კვირიკაშვილი გადადგა, გუნდის შიგნით ვამბობდი, რომ ვერ გაქაჩავს ბახტაძე და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნება.
პირველ რიგში ვადამდელი არჩევნები არის დასანიშნი იმიტომ, რომ ქვეყანამ ამოისუნთქოს. ისეთი მუხტი გროვდება, რომ შეიძლება ამას აფეთქება მოჰყვეს, არჩევნები კი ამოსუნთქვის საშუალებას მოგვცემს. ძალთა გადანაწილების შესაძლებლობა გაჩნდება და “ქართული ოცნება” აღარ იქნება ქვეყანაში ყველაფერზე პასუხისმგებელი. პასუხისმგებლობაც გადანაწილებული იქნება, რაც კარგია.
– თქვენ ამბობთ, რომ “ოცნება” უმრავლესობით ვერ მოვა?
– ვერ მოვა და ამის პირობას გაძლევთ. შეუძლებელია, “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვოს.
– მაშინ ხელისუფლებისთვის რა აზრი აქვს ვადამდელ არჩევნებს?
– არსებულ ვითარებას განმუხტავს ვადამდელი არჩევნები და სწორედ ამიტომ უნდა დაინიშნოს. “ქართულ ოცნებას” აუცილებლად მოუწევს კონსულტაციების გამართვა სხვებთან, რომ მთავრობა დაკომპლექტდეს. ეს იქნება პასუხისმგებლობის ერთგვარი გადანაწილებაც. და ეს იქნება გარდამავალი პერიოდის დასაწყისი, რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს და ახალი ძალა გამოიკვეთოს.
გაურკვეველი რეკრუტირებით, ქალბატონი მიმინოშვილი ხალხს აგროვებდეს და ასე ცდილობდე პოლიტიკის კეთებას, მით უფრო სახელმწიფოს მართვას, ეს გამორიცხულია, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ წარმოდგენა არ გაქვს, რას ნიშნავს პოლიტიკა და სახელმწიფოს მართვა.
– მაია მიმინოშვილზე საუბრობთ?
– დიახ. მიმინოშვილმა როგორ უნდა შეარჩიოს პოლიტიკოსები?! მიმინოშვილმა შეიძლება სტუდენტებისთვის ტესტები შეადგინოს, მაგრამ არა – პოლიტიკოსებისთვის. პოლიტიკოსებს ვერ შეარჩევს მიმინოშვილი.
– პარტიაში პოლიტიკოსებს მაია მიმინოშვილი არჩევს?
– დიახ, პარტიაში მიმინოშვილი არის რეკრუტირებით დაკავებული. გამოკითხვებს ატარებს და ხალხს ეკითხება, თუ ვინ მოსწონთ. ამდენად აბსურდული წარმოდგენა აქვთ საერთოდ პოლიტიკაზე.
პირდაპირ ვამბობ, სირცხვილია! არ შეიძლება პოლიტიკოსებს ქულებით აფასებდე და ზომავდე. ქულები და ტესტები შეიძლება სტუდენტებს შეავსებინო და დაუწერო, მაგრამ არა – პოლიტიკოსებს, ეს რაღაც ნოუჰაუა, რაც არსად და არასდროს არ გამიგია. პოლიტიკოსს ხალხი აფასებს და არა ტესტი. თუ ხალხისგან არ აქვს პოლიტიკოსს ნდობა და ის არ იმსახურებს ამომრჩევლისგან მანდატს, შეუძლებელია, ის პოლიტიკაში იყოს და საერთოდ პოლიტიკოსი გახდეს.
– ვინ დააკომპლექტებს საარჩევნო სიას კალაძე, გახარია თუ ღარიბაშვილი?
– ეს სერიოზული დავის საგანი გახდება, მაგრამ კალაძის მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო სია ჩვენ ვნახეთ. მდინარაძეები, კილაძეები, კობახიძეები სწორედ კალაძის მიერ არის მოყვანილი, ეს ის ხალხია, ვინც კალაძემ ჩაწერა სიაში და რეკომენდაციები გაუწია.
რაც სეეხება გახარიას, ის ყველას ძირს უთხრის, საერთოდ ძირგამომთხრელი საქმიანობით არის დაკავებული.
– ღარიბაშვილი არ ჩანს. რატომ?
– ვერ გეტყვით, არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს, რა ქვედა დინებებია “ქართულ ოცნებაში”, ჩემთვის მთავარია, რა მოხდება ქვეყანაში და რას იზამს ხელისუფლება, რამდენად შეძლებს ის კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას.
მე რასაც ვუყურებ, ამ მეთოდებით და გზით ის ვერ შეძლებს ამ რეალობიდან გამოსვლას. ამიტომ, სასწრაფოდ არის ვადამდელი არჩევნები დასანიშნი.
მთავარი არის ბიძინა ივანიშვილი, იმ შეცდომებს რასაც უშვებენ გახარია, კალაძე, ღარიბაშვილი და სხვები, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ნაკლებად აინტერესებთ. მთელი პასუხისმგებლობა მოდის ბიძინა ივანიშვილზე.
– ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, მათაც ხომ აქვთ პასუხისმგებლობა.
– არავითარი პასუხისმგებლობა მათ არ აქვთ. ეს ის ხალხია, ვინც სამეფო კარზე იბრძვის თავიანთი ადგილის მოსაპოვებლად და გასამყარებლად. ერთმანეთისთვის ფეხის დადებით, ერთმანეთის დაბეზღებითა და ინტრიგებით არიან დაკავებულები. მათ არც ამ ქვეყნის მომავლის ხედვა გააჩნიათ და არც ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა. ბიძინა ივანიშვილის გარეშე პოლიტიკურად ამ ადამიანების მარგი კოეფიციენტი ნულის ტოლია.
– თქვენ ამბობთ, რომ ვერც ერთი მათგანი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ვერ შედგა?
– რა თქმა უნდა, ვერა, ისინი მარტო, ბიძინა ივანიშვილის რესურსის გარეშე, არაფერს წარმოადგენენ.
– “ქართული ოცნება” კიდევ შეიძლება ვინმემ დატოვოს თუ ლევან კობერიძე ბოლოა?
– არა, არის ხალხი, ვინც კიდევ დატოვებს “ოცნების” პარტიას. პოლიტიკოსი ხომ იცით, ისე არ ტოვებს პარტიას, ისე არ დგამს ნაბიჯს, ყველა რაღაცის მოლოდინშია. იყო მოსამართლეების საკითხი, კიდევ იქნება კენჭისყრები, სხვა თემები და არის პარტიაში ხალხი, ვინც გარკვეულ დროს ელოდება.
“ქართული ოცნება” ჩაძირული გემია. ამიტომ, ყველა ხვდება, რომ დღეს იქ ყოფნას აზრი არ აქვს.
შუალედური არჩევნების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა გარდაუვალი იქნება.
– რატომ?
– პრაქტიკულად ყველგან აგებენ. ეს საკმაოდ შეცვლის სურათს და რეალობასაც. ახლა ბიძინა ივანიშვილი ელოდება შუალედურ არჩევნებს, რაც იქნება მთავარი ინდიკატორი. აქ გამოჩნდება, რომ არავითარი ჭარბი ნდობა არ არსებობს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი