მალხაზ მაჩალიკაშვილი – “ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს დიდი ფული უპოვეს”

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს დიდი ფული უპოვეს"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ზელიმხან ხანგოშვილის გერმანიაში მკვლელობის შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს მალხაზ მაჩალიკაშვილი პასუხობს.
– ბატონო მალხაზ, ზელიმხან ხანგოშვილის საქართველოდან წასვლაში თქვენ ხელისულებას დასდეთ ბრალი. რაში ადანაშაულებთ საქართველოს ხელისუფლებას? ან მის მკვლელობასთან დაკავშირებით რა ინფორმაციებს ფლობთ?
– ზელიმხან ხანგოშვილის გარდაცვალებას რაც შეეხება, მე ამ ამბის გაგების პირველივე დღიდან წამოსული ვარ თბილისიდან, მის ოჯახში ვარ და ოჯახის წევრებთან ერთად სამძიმარს ვიღებ. როგორც გვაქვს ინფორმაცია, ოთხშაბათს, მაქსიმუმ ხუთშაბათს, უკვე გადმოასვენებენ. ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით გეტყვით იმას, რომ ეს ამბავი მთელმა ქვეყანამ იცის.
– რომელი ამბავი?
– ზელიმხან ხანგოშვილი იბრძოდა ჩეჩნეთში ორივე ომის პერიოდში. მაშინც და დღესაც, ჩვენ ვთვლიდით ამას კავკასიის გამანთავისუფლებელ კამპანიად. ის აქ დაბადებული და გაზრდილია და ამ ბრძოლების შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად.
– საქართველოში მშვიდ ცხოვრებას ეწეოდა? რაიმე ინციდენტი ხომ არ ჰქონია?
– არანაირი ინციდენტი. ის მშვიდად ცხოვრობდა და ძირითადად იყო თბილისში. იქ მოღვაწეობდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მას მალე დაესხნენ თავს.
– 2015 წელს მოხდა ეს თავდასხმა. ვინ იყვნენ თავდამსხმელები? გაირკვა, ვინ ესროლა და რატომ?
– მაშინ მას ესროლეს 8 ტყვია. მან დაზიანება მიიღო ხელის და მხრის არეში, პირდაპირ მანქანაში მჯდომს ესროლეს, თუმცა მაშინ სიკვდილს გადაურჩა და ეს გადარჩენა მისი მოქნილობით და გამოცდილებით მოხდა.
ახლა რაც ჩაიდინეს გერმანიაში, ზუსტად ასეთივე მკვლელობის მცდელობა იყო მაშინ, 2015 წელს. დღევანდელმა ხელისუფლებამ 2015 წლის თავდასხმა რაღაც მსუბუქ დაზიანებად შეაფასა და პროკურატურამ საქმე შეწყვიტა, არანაირი გამოძიება არ ჩაუტარებიათ. თავად ხანგოშვილი ითხოვდა, რომ გამოძიებულიყო ეს თავდასხმა, დაესაჯათ ის ადამიანები, ვინც თავდასხმა განახორციელა ზელიმხანზე, თუმცა დიდი თხოვნის და მცდელობის მიუხედავად, პროკურატურამ ყველაფერი უპასუხოდ დატოვა.
ამ ხელისუფლების ხელწერაა გამოუძიებელი და კითხვებზე პასუხგაუცემელი საქმეები. ზელიმხანის საქმეც ზუსტად ასე დარჩა. არ გამოიძიეს. დღევანდელმა ხელისუფლებამ ზუსტად იცის, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული!
– ხელისუფლებამ საიდან იცის?
– როგორ არ იციან, როცა თბილისის ცენტრში კაცს თავს დაესხნენ და ყველაფერს 6-7 კამერა ათვალიერებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ამოღებულია და ყველა დეტალი იციან საგამოძიებო უწყებებმა. თუმცა შეწყვიტეს ამის გამოძიება.
– რატომ შეწყვიტეს?
– იმიტომ შეწყვიტეს, რომ ეს იყო რუსეთის დავალება! დღევანდელი ხელისუფლება პირდაპირ კავშირშია რუსეთთან. ამიტომ შეეშინდათ ამ მასალების გამჟღავნების და დამნაშავე პირების დაკავების და დატოვეს ეს საქმე გაუხსნელი.
– მისი მკვლელობის დაკვეთა რუსეთის სპეცსამსახურებიდან მოდის?
– ზუსტად ამის თქმა ძნელია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ასეა.
– ხელისუფლებას რაში დებთ ბრალს? საქმე რომ გამოძიებულიყო, დღეს ზელიმხან ხანგოშვილი ცოცხალი იქნებოდა?
– დიახ, ზუსტად ამიტომ მე პირდაპირ ვადანაშაულებ დღევანდელ ხელისუფლებას. დღევანდელ ხელისუფლებაში ეს დაუსჯელობის სინდრომი უკვე ტრადიციადაა ქცეული.
ამ დაუსჯელობას რა მოაქვს?! მოაქვს სახელმწიფოს დანგრევა, ქაოსი, კრიმინალი, ის, რაც ახლა ცხვირწინ დაგვხვდა, აი, ზუსტად ეს მოაქვს! ამ ადამიანმა თავი დაუცველად იგრძნო, მიაჩნდა, რომ საქართველოში მას საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ იძულებული გახდა, გადახვეწილიყო ევროპის ქვეყნებში. იქ ჩაბარდა პოლიტიკურად დევნილის სტატუსით.
– როგორც აღმოჩნდა, არც იქ ყოფილა უსაფრთხოდ.
– დიახ, თურმე არც იქ ყოფილა უსაფრთოდ. გამოდის, რომ იმ დღიდან, როდესაც სიკვდილს გადაურჩა, უთვალთვალებდნენ და მიაგნეს გერმანიაში, სადაც სიცოცხლეს გამოასალმეს.
ის იყო კავკასიის პატრიოტი, საქართველოს პატრიოტი კაცი, მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს საქართველო პატრიოტების და ნამდვილი ვაჟკაცების ქვეყანა არ არის.
– გერმანიის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა მკვლელი. რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ გაიხსნება ეს საქმე?
– ამ საქმეში უკვე ჩარეულია ხალხი, ვფიქრობ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს მკვლელობა გაიხსნას. მართალია, მკვლელი დაკავებულია, თუმცა უნდა გაირკვეს, დამკვეთი ვინ არის. როგორც ვიცი ამაზეც მიდის უკვე მუშაობა. ჩვენთვის ცნობილია, რომ მკვლელს დაკავებისას აღმოაჩნდა დიდძალი თანხა.
– ფიქრობთ, რომ ეს იყო ამ დანაშაულის ჩადენის საფასური?
– რა თქმა უნდა, ეს არის გადახდილი თანხა. სხვანაირად ამხელა თანხა საიდან უნდა ჰქონოდა?! თავდამსხმელი ორი იყო. ერთი პირი უკვე დაკავებულია და მეორეს ეძებენ.
– რატომ ჰყავდა მტერი ზელიმხან ხანგოშვილს? რადგან ჩეჩნეთში იბრძოდა თუ იყო კიდევ სხვა რამ?
– ძნელი სათქმელია, იმიტომ ჰყავდა მტერი, რადგან ჩეჩნეთში იბრძოდა თუ საქართველოში გამოუჩნდა მტერი, დღევანდელ ხელისუფლებაში.
– ამასაც უშვებთ?
– არ არის გამორიცხული.
– ხელისუფლებას რაში უშლიდა ხელს ზელიმხან ხანგოშვილი, ან მისი მტერი რატომ იყო?
– ეს ზემდგომებმა ძალიან კარგად იციან, უშლიდა თუ არა ხანგოშვილი მათ ხელს. უფრო სერიოზული ეჭვებია, რომ ეს იყო რუსეთის დაკვეთა და ხელისუფლებამ რუსეთს უარი ვერ უთხრა.
როდესაც თავდასხმა მოხდა, ჩვენ მაშინვე გვქონდა ინფორმაცია, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მოხდა. თუმცა ამ ხელისუფლებამ თავდამსხმელები არ დასაჯა, ზუსტად იცოდნენ, ვინც იყვნენ, მაგრამ გაუშვეს. მაშინ რომ დაეკავებინათ თავდამსხმელები, დღეს ზელიმხანი ცოცხალი იქნებოდა.
– ბატონო მალხაზ, 20 ივნისს დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესები იწყება და მათ შორის თქვენი ძმისშვილიც არის. რა მოლოდინი გაქვთ?
– მე უკვე არ ვიცი, ეს როგორ ავხსნა, ან რა პასუხი გავცე ამ კითხვებზე. დღეს ყველა ღიად საუბრობს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი, რომ აქ არ არის კანონი, არ არის სასამართლო და რომ ყველაფერი ერთი კაცის ნება-სურვილზეა დაფუძნებული.
სასაცილო რაღაცეებს ჩადიან, სასაცილოს! საქმეში ჩაუხედავი ადამიანიც ხვდება ამ ყველაფერს, რაც დღეს ამ ქვეყანაში ხდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია რაიმე დასკვნა გამოვიტანო, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო და როგორ გაასამართლებენ ამ ბიჭებს.
იმ ღამეს რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით. პირადად მე ამ ბიჭებს არ დავადანაშაულებდი, რადგან ამ ხელისუფლებამ ჩამოიყვანა ჩვენი მტერი გავრილოვი, დასვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე, ამან კი გამოიწვია დიდი აგრესია, დიდი ვნებათაღელვა და ამას მოჰყვა ეს პროტესტი და აქციები.
– თქვენს ძმისშვილზე რას იტყვით?
– ჩემი ძმისშვილი ამ თვეების განმავლობაში ყოველთვის ჩემთან ერთად იდგა. არასდროს არავის აქციაზე არ მივსულვართ. იმ საღამოს ჩვენი კარავი პოლიციის ჯაჭვთან აღმოჩნდა. პირველი დღიდან მოყოლებული, მე და ჩემი ბიჭები ყოველთვის ყურადღებით ვიყავით და ჩვენს კარავს ვიცავდით, რათა იქ ვინმეს იარაღი არ დაედო ჩვენთვის.
იმ საღამოსაც ჩვენი კარავის გარშემო ვტრიალებდით და ისე მოხდა, რომ წინა ხაზზე აღმოვჩნდით. ამის მიუხედავად, ჩემს ძმისშვილს არაფერი არ დაუშავებია, მას ჩემი დაცვის მეტი არაფერი გაუკეთებია. დღეს ყველამ კარგად იცის, ჩემი ძმისშვილი რატომ არის დაკავებული.
– რატომ?
– ამაზე ახლა არ ვისაუბრებ. მთელმა ქვეყანამ იცის, მორის მაჩალიკაშვილი რატომ ჰყავთ დაკავებული. თუმცა, ამის მიუხედავად, მე იმედს ვიტოვებ, რომ მას 17 სექტემბერს აქვს სასამართლო და სასამართლოდან გაათავისუფლებან. ამის მოლოდინი მაქვს და ვნახოთ.