ქართულ პოლიტიკაში ახალი მილიარდერი შემოდის – “დავით იაკობაშვილი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან განდევნის”

ქართულ პოლიტიკაში ახალი მილიარდერი შემოდის -  "დავით იაკობაშვილი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან განდევნის"შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა
“ახალი თაობა” ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წერდა, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი ქართულ პოლიტიკაში აპირებდა შემოსვლას.
მისი ისტორია რაღაცით დაემსგავსა ბიძინა ივანიშვილის ამბავს. რამდენიმე თვის წინ ქართული წარმოშობის მილიარდერს რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაეძაბა და ის თითქმის ორი თვეა, რუსეთში არ გამოჩენილა. ივანიშვილის მსგავსად, პუტინთან ურთირთობის გაფუჭების შემდეგ იაკობაშვილმაც ევროპას შეაფარა თავი.
ამ დღეებში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ნაციონალების ყოფილ მაღალჩინოსან დავით კეზერაშვილთან ერთად აპირებს საქართველოში ახალი ტელევიზიის დაფუძნებას.
დავით იაკობაშვილის პოლიტიკურ ვნებებზე საქართველოში პირველი სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ალაპარაკდა. მან “ახალ თაობასთან” საუბარში რამდენიმე წლის წინ თქვა, რომ კახა კალაძის უკან დავით იაკობაშვილი იდგა.
რა საფრთხეებს შეუქმნის დავით იაკობაშვილი ივანიშვილს, რა თამაშს თამაშობს კახა კალაძე, რომელი პარტიები იქნებიან პოლიტიკურ ველზე მთავარი მოთამაშეები? – ამის შესახებ ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობას” ესაუბრება.
ლადო სადღობელაშვილი:
– ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი მილიარდერი დავით კეზერაშვილთან ერთად აპირებს ახალი ტელევიზიის შექმნას. რა საერთო აქვს მას კეზერაშვილთან, ვერ გეტყვით, სამაგიეროდ, კარგად ვიცი მისი და კალაძის ურთიერთობის შესახებ.
ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, იაკობაშვილის ბიზნესინტერესების გამტარებელი გახდა კახა კალაძე. ეს ბიზნესწრეებში ყველამ კარგად იცოდა. ამის შესახებ მე “ახალ თაობასთან” საუბარში რამდენიმე წლის წინაც განვაცხადე.
მასზე გესაუბრეთ დაახლოებით ერთი თვის წინაც და გითხარით, რომ მილიარდერი იაკობაშვილი პოლიტიკაში აპირებს შემოსვლას, რადგან მას პუტინთან გაუფუჭდა ურთიერთობა.
მას ქართული პოლიტიკის მიმართ თუ სერიოზული ინტერესი გაუჩნდა, ეს ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან ცუდი იქნება.
– რატომ იქნება პოლიტიკაში მისი შემოსვლა ივანიშვილისთვის ძალიან ცუდი?
– პირველ რიგში იმიტომ, რომ დავით იაკობაშვილი ბევრად უფრო მაღალი დონის ფიგურაა, ვიდრე ივანიშვილი. მას რუსულ ბიზნესწრეებზეც “ოცნების” ლიდერზე მეტი გავლენები აქვს.
– ივანიშვილზე ბევრად მაღალი დონის მოთამაშეაო და ეს რაში გამოიხატება?
– მას სერიოზული კავშირები აქვს ამერიკელებთან. მან ამერიკელებთან ბიზნესკავშირები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაამყარა. ეს კავშირები დღემდე გრძელდება. მისი ჩარევით რუსეთში ძალიან ბევრი ამერიკული ინვესტიცია შევიდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ მას ამერიკელები ენდობიან. ის არ გახლავთ კრიმინალური გზებით გამდიდრებული ჩვეულებრივი ოლიგარქი. მას სულ სხვა დატვირთვა აქვს. მას სანაცნობო წრე ამერიკის უმაღლეს ეშელონებში ჰყავს და მისი ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა ივანიშვილისთვის იქნება უდიდესი საფრთხე.
იაკობაშვილს საქართველოში კონკურენციას ვერავინ გაუწევს. ამ ამბავში ყველა უძლური იქნება.
– ის არაფერს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს მასზე გაცილებით მეტი ფული აქვს?
– ბიძინას შეიძლება სამჯერ მეტი ფული აქვს, ვიდრე იაკობაშვილს, მაგრამ დგება მომენტები, როცა ასეთი დიდი ფული გადამწყვეტი აღარ არის.
ივანიშვილს თუ არჩევნების ყიდვა უნდა, ამის გაკეთება იაკობაშვილსაც შეუძლია. საქართველო არის პატარა ქვეყანა და აქ საარჩევნოდ, სულ რომ გასკდე, მილიარდზე მეტს ვერ დახარჯავ.
აი, ეს საფრთხე დაინახა ივანიშვილმა მამუკა ხაზარაძეში. საქმე საქმეზე თუ მიდგებოდა, მასაც შეეძლო ამდენი ფული დაეხარჯა. ამიტომაც მოხდა მისი განეიტრალება.
აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხაზარაძეს ის გავლენები არა აქვს, რაც დავით იაკობაშვილს, რომელიც ამერიკის უმაღლეს ეშელონებში მიღებული პირია. ეს ძალიან მაღალი დონეა.
ის მხოლოდ ბიზნესმენი არ არის. მას აქვს კარგი დიპლომატიური თვისებები და შეუძლია, ამერიკელებს და რუსებს შორის დაალაგოს ურთიერთობები. ამაზე მეტი რა გინდა.
ივნისის შემდეგ ის რუსეთში აღარ ჩასულა და ამ დროისთვის თავს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანას აფარებს. მას საქართველოში უკვე აქვს რაღაც დასაყრდენი და არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკაში შემოვა და ამ ველიდან “ოცნების” ლიდერს განდევნის.
მთლიანი განდევნა შეიძლება არ გამოუვიდეს, მაგრამ სერიოზულად შეასუსტებს მის გავლენებს. ივანიშვილს, შესაძლოა, 2020 წელს ხელისუფლების დათმობამაც კი მოუწიოს.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის პოლიტიკაში კახა კალაძესთან ერთად უნდა შემოვიდეს. ქართულ მედიაში ითქვა, კეზერაშვილთან ერთად აპირებსო, რისიც ნაკლებად მჯერა.
– მისი და კეზერაშვილის თანამშრომლობის რატომ არ გჯერათ?
– თანამშრომლობით შეიძლება ითანამშრომლონ, მაგრამ პოლიტიკაში იმ პიროვნებასთან ერთად შემოვა, რომელიც დღეს “ოცნებას” წარმოადგენს.
– “ოცნებას” არ წარმოადგენს, მაგრამ, როგორც ამბობენ, კეზერაშვილს მმართველ პარტიასთან დალაგებული აქვს ურთიერთობები.
– ესეც საინტერესო ფაქტია. ყველამ იცის, რომ კეზერაშვილს ივანიშვილთან დალაგებული აქვს. ამ დროს ის აპირებს ოპოზიციური ტელევიზიის შექმნას და აფინანსებს ოპოზიციურ პარტიას. მხედველობაში გიგა ბოკერიას ევროქოცები მყავს.
რაკი ბოკერიას პარტიის დაფინანსების გამო მას ხელისუფლებასთან პრობლემები არ შეექმნა, გამოდის, რომ ივანიშვილი ბოკერიას მოძლიერებით არის დაინტერესებული.
– მარტო ივანიშვილი არა, კალაძემ პირადად განაცხადა, ნაციონალებში დესტრუქციულები დარჩნენ, “ევროპულ საქართველოსთან” კი თანამშრომლობა შეიძლებაო.
– ღიად მიდის ევროქოცების გაძლიერება. ამის პარალელურად ძირავენ ნაციონალურ მოძრაობას. ამ პარტიას რუსთავი 2 ქაჩავდა და აცოცხლებდა. მალე რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება და იქ ნაცებს არ გააჭაჭანებს, რაც მათ რეიტინგს დაარტყამს.
– რამდენად ძლიერად დაარტყამს, სულ გაქრებიან?
– არ გაქრებიან და პარლამენტშიც შეძლებენ შესვლას, მაგრამ მთავარ ოპოზიციურ ძალად აღარ დარჩებიან.
იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა გიგა ბოკერიასთან ერთად გამოჩნდეს მამუკა ხაზარაძე, რაც “ევროპულ საქართველოს” სერიოზულ შანსებს გაუჩენს.
ივანიშვილმა ვისშიც საფრთხე დაინახა, ყველას პრობლემები შეუქმნა. ერთადერთი გიგა ბოკერიას გაძლიერებას არ უშლის ხელს.
დავიჯერო, იმის იმედი აქვს რომ ნაციონალებს დაშლის და “ევროპული საქართველოს” სახით მართულ ძალას მიიღებს?!
– ეს ცოტა დაუჯერებელია. არაა გიგა ბოკერია ის პიროვნება, რომ ივანიშვილმა მართოს. ბოკერია ბევრად მაღალი და სხვა დონეა.
– გიგა ბოკერია არის სერიოზული პოლიტიკოსი. ის შეიძლება მომენტში ფულით იყიდო, მაგრამ მისი ბოლომდე მართვა არის შეუძლებელი. ამიტომ არ მესმის, რატომ აძლიერებს “ოცნება” ამ პარტიას.
ამ მომენტისთვის “ევროპული საქართველო” სერიოზულად არის მოძლიერებული, მაგრამ საკმარისია, დავით იაკობაშვილი შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში, რომ “ოცნებაც” ნაცმოძრაობაც და ევროქოცებიც წაილეკებიან.
კალაძემაც თუ გადაწყვიტა, რომ იაკობაშვილთან ერთად შექმნას პარტია, მაშინ ძალიან ძლიერ ძალას მივიღებთ, რომელსაც ფული არასდროს მოაკლდება.
– კახა კალაძე წავა ივანიშვილის წინააღმდეგ?
– მას სხვა გზა უბრალოდ აღარ დარჩა. “ოცნების” ლიდერი მას თავად აიძულებს, რომ მმართველი პარტიიდან წავიდეს.
– ეს იძულება რაში გამოიხატება?
– ის ფაქტიურად მშრალზეა დატოვებული. მას თითქმის ყველა ბერკეტი აქვს გამოცლილი. მას მხოლოდ თბილისის მერიაზე და აჭარის რეგიონზე აქვს გავლენები.
– ეს ცოტაა?
– კალაძისთვის ცოტაა, აქამდე მას ძალიან დიდი გავლენები ჰქონდა. რაც დრო გავა, ეს გავლენები კიდევ უფრო შემცირდება.
მას გავლენების გაფართოებაში ხელს უწყობდნენ ძალოვან სტრუქტურებში მყოფი პირები. ისინი პირდაპირ თბილისის მერზე მუშაობდნენ. მასთან მიჰქონდათ ყველაზე და ყველაფერზე ინფორმაციები.
ყველა ძალოვანი, რომელიც კალაძესთან იყო დაკავშირებული, ივანიშვილმა სისტემიდან გაყარა. კალაძე ინფორმაციის გარეშე დარჩა. მას გავლენები შეუმცირეს პარტიაშიც.
ამით “ოცნების” ლიდერი თბილისის მერს ეუბნება, რომ მან გვერდზე უნდა გაიწიოს და თავისი გზა ნახოს.
– ასეთი მინიშნებები რა საჭიროა, პირდაპირ ვერ ეტყვის?
– პირდაპირ ასე არ ეტყვის.
– ირაკლი ღარიბაშვილს თუ უთხრა, პრემიერობიდან წადიო, ამას რატომ არ აკადრებს?
– ღარიბაშვილისგან განსხვავებით, კალაძე არჩეული მერია და მისი ასე გაშვება არ გამოვა. მასთან ურთიერთობაში ივანიშვილმა შემოვლითი გზა აირჩია და ყველანაირად ცდილობს აიძულოს, რომ თბილისის მერი განზე გადგეს.
– გადგება კალაძე განზე?
– როდესაც სიტუაცია მომწიფდება, აუცილებლად გადგება განზე. ის იაკობაშვილის ბიზნესინტერესების გამტარებელია და, შესაძლოა, მალე ისინი პოლიტიკური პარტნიორებიც გახდნენ.
იაკობაშვილის პოლიტიკაში შემოსვლით ბევრი რამე შეიცვლება. მამუკა ხაზარაძის შემოსვლაც ბევრ რამეს შეცვლის. საბოლოოდ, ეს ხელისუფლების შეცვლით დამთავრდება.
ისიც იცოდეთ, რომ იაკობაშვილი თუ მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველო სერიოზულად დაადგება რუსული ორბიტისკენ მიმავალ გზას. ივანიშვილმა ეს მისია ვერ შეასრულა. მან ქართველებს რუსეთი ვერ შეაყვარა.