ირაკლი კობახიძე – ახალი იდეა გაჩნდა – მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები

ირაკლი კობახიძე - ახალი იდეა გაჩნდა - მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებიპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციასთან დღევანდელ შეხვედრაზე ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მრავალმანდატიანი ოლქებით ჩანაცვლების თაობაზე ახალი იდეა გაჟღერდა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მმართველ პარტიაში მსჯელობა გაიმართება.

“დღეს ახალი იდეა გაჟღერდა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება გერმანული მოდელისგან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ დაგვჭირდება გუნდში კონსულტაციების გავლა. საუბარია ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მრავალმანდატიანი ოლქებით ჩანაცვლებაზე. ეს არის ზოგადი არსი ამ ინიციატივის. ამას არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები”,- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციასთან მომდევნო შეხვედრა ორ კვირაში გაიმართება, სადაც მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხი განიხილება.

“საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე, რომ გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც განიხილება მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხი. ჩვენს გუნდთან ერთად განვიხილავთ მიზანშეწონილობის საკითხს და ამის შემდეგ გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია. შემდეგი შეხვედრა დაახლოებით ორ კვირაში გაიმართება”,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

იპნ