თორნიკე შარაშენიძე – “რა უნდათ, ვერ გავიგე, რომელი მთავრობა დარჩენილა მესამე ვადით?!”

თორნიკე შარაშენიძე - “რა უნდათ, ვერ გავიგე, რომელი მთავრობა დარჩენილა მესამე ვადით?!”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.
– ბატონო თორნიკე, რომელი საარჩევნო მოდელი ჯობია ჩვენი ქვეყნისთვის, გერმანული თუ ამერიკული? ახალი დისკუსია და მოლაპარაკებები დაიწყო “ოცნებაში”, მაჟორიტარების ერთ ჯგუფს მთლიანად მაჟორიტარული ანუ ამერიკული მოდელი უნდა. ეს რამე ახალი სპექტაკლია?
– კი, სპექტაკლია. თავის ჭკუაში ხალხს აჩვენებენ რომ აი, არის ხალხი, ვინც მთლიანად მაჟორიტარულს ითხოვს. არ არის გამორიცხული, რომ დაიარონ და აკრიფონ მოსახლეობაში მომხრეები, ფული გადაუხადონ და უთხრან, მაჟორიტარული მოითხოვეთო.
– საერთოდ რატომ გაჩნდა ეს იდეა, რომ გაანეიტრალონ გერმანული მოდელი?
– რაღაც სპექტაკლია, რომ აი, არსებობს ხალხი, ვინც ითხოვს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი.
– ჩვენი ქვეყნისთვის რამდენად მისაღები და კარგია ამერიკული მოდელი?
– მთლიანად მაჟორიტარული თეორიულად ცუდი ნამდვილად არ არის. ყველა ინდივიდუალურად იყრის კენჭს და იბრძვის. თუმცა ღარიბ ქვეყანაში, ხომ იცით, როგორც ხდება, მილიონერი, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს და ყველას თავზე აზის, იგებს მარტივად.
რომ იყოს მიუკერძოებელი, ობიექტური ცესკო, რომ იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, დეპოლიტიზირებული პოლიცია და სპეცსამსახურები, მაშინ კი ბატონო, იყოს მაჟორიტარული, რაზეა საუბარი, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ არის?! ჩვენთან რომ იყოს იდეალური დემოკრატია, სრულად მაჟორიტარული იქნებოდა ფანტასტიური. თუმცა არ არის დემოკრატია.
– დემოკრატია რომ იყოს, ასეთი ამბავი ხომ არ იქნებოდა, რაც ახლა ხდება?
– ნამდვილად ასეა. ამერიკული მოდელი რომ მოუნდათ, მოდი, ჯერ სხვა რამეში დაემსგავსე ამერიკას და მერე ჩამიტარე ამერიკული მოდელით. ეგრე სად არის, შენ როგორც გინდა, ისე რომ ჭრი და კერავ.
– როდემდე გაგრძელდება ეს ქაოსი?
– ეს უკვე ხელისუფლების აგონიაა. ოპოზიცია არ დათმობს არაფერს. ბოლო 7 წლის მანძილზე, ოპოზიციას, ნაცმოძრაობას, პირველად აქვს მორალური უპირატესობა “ოცნებასთან” შედარებით. შესაბამისად, ამ მომენტს ოპოზიცია არ დათმობს, ეს მისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.
“ოცნება” შეეცდება, ხან მაჟორიტარულის შემოგდებით, ხან ტიტუშკების მობილიზებით, სიტუაცია გაანეიტრალოს. წაგებულ თამაშს თამაშობს “ქართული ოცნება”, მისთვის უარესია ასეთი არჩევანის წინაშე დაყენება, რომ ან ყველაფერი ან არაფერი, რადგან შერეული სისტემით სწორედ ამას თამაშობს – ან ყველაფერი ან არაფერი.
– რა იქნება, ყველაფერი თუ არაფერი?
– ორი ვარიანტია, ან მიაღწევენ შერეულს, ან ისე საშინლად წააგებენ, რომ ისევ სააკაშვილი დაბრუნდება და მერე ძალიან ცუდად წაუვათ საქმე. როცა თავად აყენებენ ასეთ არჩევანს – ან ყველაფერი, ან არაფერი, ეს თავად მათთვისაა ძალიან სარისკო. ასეთი წარუმატებელი მთავრობა რომ ხარ, ასეთი არჩევანი ძალიან სარისკოა. შეეძლოთ შემოეღოთ პროპორციული არჩევნები და, როგორც დემოკრატიული მთავრობა, ისე შესულიყვნენ ისტორიაში, თუმცა ამაზე უარი თქვეს.
– ვადამდელი არჩევნები არც ოპოზიციას აწყობს და მაშინ რა გამოდის, 2020 წლამდე ეს სიტუაცია უნდა იყოს? თუ რისი იმედი აქვს ოპოზიციას, რომ დათმობს ხელისუფლება?
– სულ ცოტა, ოპოზიციას იმის იმედი აქვს, რომ ამ აქციებით და გარედან ზეწოლით, შეარყევს “ოცნებას” და მერე “ოცნება” არჩევნებს წააგებს.
ორი რაღაცის იმედი აქვს ოპოზიციას. ერთი: თუ მიაღწევს “ოცნება” 2020-ის არჩევნებამდე, მიაღწევს ძალიან დასუსტებული და შერეული სისტემითაც წააგებს, მეორე: “ოცნება” ვერ მიაღწევს არჩევნებამდე და სულ დაიშლება ამდენ რყევებში.
– ნელ-ნელა კიდევ ტოვებენ უმრავლესობს დეპუტატები.
– ამ ხალხს თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩაერთო. ხვდებიან, რომ წაგებულ საქმეში არიან და გაიქცნენ. რის იმედზე აპირებს “ოცნება” 2020-დან 2024-მდე ქვეყნის მართვას? ლეგიტიმაცია სერიოზულად შერყეულია, ნდობა დაკარგულია. საქმე პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია. რითი უნდა შევიდნენ ისტორიაში?! რამე ააშენეს, ან რამე რეფორმა გაატარეს?! არ ჩანს არაფერი მსგავსი.
რა უნდათ, ვერ გავიგე, რომელი მთავრობა დარჩენილა მესამე ვადით?! ამათზე უფრო წარმატებული და ეფექტური იყო წინა მთავრობა, გაკეთებული დატოვეს მაინც რაღაც, მაგრამ ვერ დარჩნენ მესამე ვადით და სამარცხვინოდ წავიდნენ. ასე რომ, ჩნდება კითხვა, რის ხარჯზე აპირებენ დარჩენას?!
– იმედი აქვთ, რომ დარჩებიან მესამე ვადით.
– ეს ხომ გამორიცხულია. მათი დარჩენის ცივილური ფორმა იქნებოდა, კოალიციაში თუ შევიდოდნენ ვინმესთან, მაგრამ ამაზე ფიქრიც კი არ უნდათ.
– საერთაშორისო ჩართულობას ვხედავთ ამ პროცესში, თუმცა არანაირი ინიციატივა არ მიიღო და არ გაიზიარა “ოცნებამ”.
– მე მგონი, ეს შეხვედრა მოხდა იმის იმედით, რომ “ოცნებას” ეგონა, ოპოზიცია არ მოვიდოდა ამ შეხვედრაზე, რომ მერე ეთქვათ, აი ჩვენ დავთანხმდით, მაგრამ ოპოზიცია დესტრუქციულია და არ მოვიდა. ოპოზიცია კი მივიდა ამ შეხვედრაზე. შესაბამისად, ეს სპექტაკლი რომ ჩაიშალა, მოუწიათ ყველაფერზე უარის თქმა. ყველა კარგად ხვდება, რომ არაფრის დათმობას არ აპირებენ. ყველაზე მეტად საქმეს ართულებს ის, რომ აქ ამერიკას ელჩი არ ჰყავს და ელჩის გარეშე ამერიკა ვერ რეაგირებს სათანადოდ.
– რამდენად მიდის სიტუაცია სამოქალაქო დაპირისპირებისკენ? რამდენად გამწვავდება ვითარება?
– გამწვავებულია უკვე და ეგ არის. კონტრაქციების მოწყობა საქმეს არ შველის. საქართველოს ისტორიას მაინც შეხედონ. პროპორციულზე უარის თქმა რას ნიშნავს? ნიშნავს რადიკალიზაციას და ისევ ორი პოლუსის დატოვებას. ან მიშა, ან ბიძინა! აქ ხომ იზრდება იმის რისკი, რომ მართლა მიშა დაბრუნდეს?!
რეალურად თვითონ ზრდიან მიშას დაბრუნების შანსს. საერთოდ პოლიტიკურ მეცნიერებაში არის ერთი კანონი, რომ თუ არჩევნები ტარდება მაჟორიტარული სისტემით, მაშინ რჩება მარტო ორი პარტია, ორი პოლიტიკური ძალა. თუ გინდა, რომ იყოს მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი, მაშინ უნდა იყოს პროპორციული. ამათ თვითონ მიჰყავთ ყველაფერი იქითკენ, რომ იყოს ორი ძალა. იმის იმედი აქვთ, რომ მიშას შიშით, ხალხი ისევ ბიძინას მისცემს ხმას.
– ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს სხვადასხვაგვარი შეფასებები მოჰყვა. თქვენ რას იტყვით, რამდენად დააზარალა მან ოპოზიცია?
– ბურჯანაძე არც არასოდეს მალავდა თავის პოლიტიკურ ორიენტაციას. ბურჯანაძეს დაუძახეს ოპოზიციურ შეკრებაზე, რადგან ფაქტია, რომ არსებობს პოლიტიკოსი და მომხრეებიც ჰყავს. მის იგნორირებას აზრი არა აქვს. მეორეც, 2003 წელსაც და 2012 წელსაც ხელისუფლება შეიცვალა. ორივე შემთხვევაში, როგორც ვაშინგტონი, ისე მოსკოვი, მხარს უჭერდა ხელისუფლების შეცვლას. მობეზრდა შევარდნაძე როგორც ამერიკას, ასევე რუსეთს, მობეზრდა სააკაშვილი როგორც ამერიკას, ისე რუსეთს.
შესაბამისად, ბურჯანაძის ვიზიტში არის რაღაც ლოგიკა, რომ შეამოწმოს, მობეზრდა თუ არა რუსეთს ივანიშვილი. ამერიკას რომ ბეზრდება, ამას ისედაც ყველა ხედავს.
– ხომ არ შენელდება ოპოზიციის მუხტი?
– არა, არ შენელდება, მათ სანამ რესურსი აქვთ, შეეცდებიან, რომ გააგრძელონ ეს ყველაფერი და მთავრობა შეარყიონ. ერთი წელი დარჩა არჩევნებამდე და ეცდებიან ამ ერთ წელში, ბოლომდე შეარყიონ.
– ანუ მთელი წელი ასეთ რყევებში უნდა ვიყოთ?
– კი, სამწუხაროდ. მე მთელი ჩემი ცხოვრება სულ რყევებში ვარ.