რომან გოცირიძე – „შეზღუდვები აუცილებელი იყო. ვაქცინაციის დაწყებამდე როგორმე უნდა გავძლოთ“

რომან გოცირიძე - „შეზღუდვები აუცილებელი იყო. ვაქცინაციის დაწყებამდე როგორმე უნდა გავძლოთ““ახალი თაობის” კითხვებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე პასუხობს.

– 28 ნოემბრიდან შეზღუდვები დაწესდა. როგორია თქვენი შეფასებები?

– ხელისუფლება დამნაშავე იმიტომ კი არ არის, რომ ეს შეზღუდვები დააწესა, არამედ დამნაშავეა იმიტომ, რომ აქამდე მიიყვანა საქმე. მოიქცა სრულიად უპასუხისმგებლოდ ზაფხულში. როდესაც ამბობდნენ, რომ აი შვედური მოდელი და რაღაცა რბილი მიდგომა. საქართველოში არანაირი მოდელი არ ყოფილა, ეს იყო ქართული მოდელი და სრული განუკითხაობა. ერთადერთი, რაც მოქმედებდა შეზღუდვებიდან, იყო, რომ პირბადის გარეშე არ უნდა შესულიყავი მაღაზიაში. როდესაც იგივე შვედეთში უამრავი შეზღუდვა იყო.

– როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა, ოპოზიციას ამდენი ხალხი არ უნდა გაგეყვანათ ქუჩაში. ის, რომ კანონი არ დაგირღვევიათ, ამართლებს თქვენს საქციელს?

– ყველა აქცია მიმდინარეობდა ნიღბებით და მაქსიმალური დისტანციით. თუ ხელისუფლება დარწმუნებული იყო, რომ ასეთ კატასტროფულ შედეგამდე მივიდოდა, მაშინ უნდა გადაედო არჩევნები. ან რაიმე სხვა ზომებისთვის მიემართა, გაემკაცრებინა, განესაზღვრა თავშეყრის რაოდენობა და ასე შემდეგ.

– შეზღუდვები რა შედეგს მოიტანს?

– ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ როგორმე ოდნავი ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს ჯანდაცვის სისტემას. ეს არის ელემენტარულად აქა-იქ ცეცხლის ჩაქრობის ღონისძიება და ეს ჩაქრობა ძალიან ძვირი დაუჯდება ქვეყანას.

ამ მძიმე გადაწყვეტილებებით მოსალოდნელია მცირეოდენი შედეგი. ეს მცირეოდენიც ნიშნავს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას. შეზღუდვები იყო გარდაუვალი და ახლა აუცილებელია ამ ყველაფრის ისე მართვა, რომ ოდნავი შვება მიეცეს ჯანდაცვის სექტორის და როგორმე გავძლოთ ვაქცინაციის დაწყებამდე.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა