ევროპის მასშტაბით ქართული კრიმინალური ქსელის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელსაც ქართველ სამართალდამცველებთან თანამშრომლობით იტალიის პოლიცია ხელმძღვანელობდა.
პრაიმტაიმის ინფორმაციით საფრანგეთში დაკავებული „კანონიერი ქურდი“ 58 წლის კახაბერ ალიშბაია გახლავთ მას კრიმინალურ წრეებში „კახა ზუგდიდსკის“ სახელით იცნობენ.
ის „კანონიერი ქურდის“ სტატუსით მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ჯერ კიდევ 1993 წელს „აკურთხეს“. კრიმინალური კარიერის განმავლობაში ალიშბაია 4-ჯერ არის ნასამართლევი, მათ შორის ბოლოს 2015 წელს საფრანგეთში გაასამართლეს, თუმცა მაშინ საპატიმროდან თავის დაღწევა მოახერხა.
სპეცოპერაციის ფარგლებში ასევე დაკავებული არიან ზუგდიდელი კრიმინალური „ავტორიტეტი“ გიორგი ბიგვავა, ქუთაისელი ოთარ გიგიაძე და თბილისელი შალვა კიკნაძე.
დაკავებულთა შორისაა იტალიის ქალაქ ბოლონიაში მდებარე ქართული რესტორნის მეპატრონე კონსტანტინე მიროტაძეც. ის პირადად უწევდა კოორდინაციას იტალიის ტერიტორიაზე მოქმედ დანაშაულებრივ ქსელს.
იტალიის სახელმწიფო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერს დანაშაულებრივი დაჯგუფების გამოვლენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის.
„საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის არაჩვეულებრივი მუშაობისა და საქართველოს მეკავშირე ოფიცრის ჩართულობის წყალობით, შესაძლებელი გახდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარება“, – ნათქვამია იტალიის სახელმწიფო პოლიციის განცხადებაში.
პრაიმ ტაიმი