საფრანგეთის ელჩი აშშ-ში მომავალ კვირას დაბრუნდება

საფრანგეთის ელჩი აშშ-ში მომავალ კვირას დაბრუნდებასაფრანგეთი აშშ-ში ელჩს მომავალ კვირაში დააბრუნებს, – ამის შესახებ აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ელისეს სასახლისა და თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორი ლიდერი შეთანხმდა, დაიწყონ ღრმა კონსულტაციები ნდობის აღსადგენად და ასევე ოქტომბრის ბოლოს შეხვედრა გამართონ ევროპაში.

სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა განიხილეს ავსტრალიას, აშშ -სა და ბრიტანეთს შორის გაფორმებული შეთანხმების შედეგები.

„შეთანხმდნენ, რომ არსებულ ვითარებას წაადგება მოკავშირეებს შორის ღია კონსულტაციები საფრანგეთისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების სტრატეგიული ინტერესების საკითხებზე,“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთმა ვაშინგტონიდან და კანბერადან ელჩები გაიწვია და აშშ „ზურგში დანის დარტყმაში დაადანაშაულა“ მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ საფრანგეთთან 40-მილიარდიანი კონტრაქტი გააუქმა და არჩევანი ბირთვული ენერგიის წყალქვეშა ნავების აშშ-ისა და ბრიტანეთის ტექნოლოგიით აგებაზე გააკეთა.

იპნ