ქუთაისში “გირჩმა” 100-ზე მეტი წვევამდელი ჯარიდან გაათავისუფლა

ქუთაისში "გირჩმა" 100-ზე მეტი წვევამდელი ჯარიდან გაათავისუფლაქუთაისში “გირჩმა” 100-ზე მეტი წვევამდელი ჯარიდან გაათავისუფლა. როგორც პოლიტიკური ცენტრის “გირჩი” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი განმარტავს, პოლიტიკური ცენტრის მოწმობა ქუთაისში 100-ზე მეტმა მსურველმა მიიღო, თუმცა ბოლო შემთხვევაზე პრობლემა გაჩნდა. მისი თქმით, კანცელარია კონკრეტული პირის დოკუმენტებს არ იტოვებს.

– ოპერატორი კანცელარიაში არ იტოვებს საბუთებს. ჩვენს წვევამდელს ეუბნება, რომ  ჯერ კომისარიატში უნდა განიხილონ საქმე და შემდეგ მივიდნენ კანცელარიაში.  კომისარი აშინებს და ზეწოლას ახდენს ამ ადამიანებზე. კანცელარიას უფლება არ აქვს უარი უთხრას საბუთების ჩაბარებაზე, ველოდებით საბოლოო პასუხს, – აცხადებს ცამციშვილი.

შეგახსენებთ, პარტიის წევრებმა იმ ახალგაზრდების დასახმარებლად, რომლებსაც ჯარში წასვლა არ უნდათ, რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნეს. “ბიბლიური თავისუფლება” აპრილში დარეგისტრირდა და ქუთაისში უკვე 100-ზე მეტი მღვდელმსახური ჰყავთ.

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე  ქვეპუნქტის მიხედვით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური, ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.

ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურს ვალერი ყენია ხელმძღვანელობს. როგორც  ქუთაისის მერიაში აცხადებენ,  ზეწოლის შესახებ საუბარი აბსურდულია. რაც შეეხება დოკუმენტებს, უკვე ყველა დოკუმენტი მიღებულია.

ნიუპრესი