“ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.
– გასულ კვირას საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პანკისის ხეობაში იმყოფებოდა. თქვენ მას ლამის შუღლის გაღვივებასა და პროვოკაციის მოწყობაში დასდეთ ბრალი. თქვენი აზრით, სახალხო დამცველს არა აქვს უფლება, რომელიმე რეგიონში ჩავიდეს?
– სახალხო დამცველს ყველგან შეუძლია ჩასვლა, მათ შორის პანკისშიც, მაგრამ გააჩნია, რა განცხადებებს გააკეთებს. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ის სამართალდამცავებსა და დაღუპული მაჩალიკაშვილის ახლობლებს შორის შუამავლის ფუნქციას იკისრებდა. სახალხო დამცველის აპარატი არ არის სამშვიდობო ძალები და არც ხელისუფლებას სჭირდება მოსახლეობასთან ვინმეს შუამავლობა.
კიდევ უფრო აღმაშფოთებელია, რომ ოპოზიციის და არასამთავრობოების ნაწილი ამ თემით ცდილობენ ქულების დაწერას. აქამდე არასდროს მომხდარა, რომ ტელევიზიებს დაკრძალვიდან ჰქონოდათ პირდაპირი ჩართვები. მაჩალიკაშვილის დაკრძალვაზე ამის მომსწრენიც გავხდით.
ეს ყველაფერი გამიზნულად გაკეთდა – ნაციონალები თავის სატელიტებთან და მათ მიერ მართულ მედიასაშუალებებთან ერთად ქისტების წაქეზებას ცდილობენ. უნდათ, რომ პანკისში მცხოვრები ქისტები და ჩეჩნები საქართველოს ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ.
პანკისში მყოფმა შალვა ნათელაშვილმა პირდაპირ მოუწოდა ადგილობრივებს აქციების დაწყებისკენ. ნაციონალების ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, თუ პანკისელები აქციებს დაიწყებენ, ჩვენ სოლიდარულები ვიქნებითო.
– ეს განცხადებები რატომ არის სახიფათო?
– იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირი მოწოდება არეულობისკენ. ნაციონალები და მათი სატელიტები რომ პანკისში ხელოვნურად ცდილობენ ვითარების დაძაბვას, ამის შესახებ ფეისბუქის ჩემს გვერდზეც დავწერე. ამას შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ზურაბ ჩხაიძე გამოეხმაურა. მან გაიხსენა, როგორ ცდილობდა ნაციონალური მოძრაობა 2003 წლისთვის პანკისში არეულობა მოეწყო.
– ნაციონალები მაშინ არაფერ შუაში იყვნენ. პანკისში არეულობა ჯერ კიდევ 1999 წლიდან დაიწყო. იქ ათასი ჯურის კრიმინალმა მოიყარა თავი. სხვა დანაშაულებს რომ თავი დავანებოთ, ფულის გამოძალვის მიზნით გატაცებულ ადამიანებს იქ მალავდნენ.
– ეგ თავიდან იყო არეულობა. 2002 წელს იქ ძალოვანებმა სერიოზული ოპერაცია ჩაატარეს და სიტუაცია დალაგდა. ამის შემდეგ შეეცადნენ ნაციონალები არეულობის შეტანას ხეობაში. ახლაც იგივე ხდება. გამოდიან ნაციონალები თავის არასამთავრობოებთან ერთად და ხელისუფლებას ხალხთან დალაპარაკებისკენ მოუწოდებენ.
ამიხსენით, რა შუაშია აქ ხალხთან დალაპარაკება. იმერეთში ან გურიაში რომ სპეცოპერაცია ჩაატარონ, ხომ არავინ მოითხოვს იქაურებთან დალაპარაკებას. არც იმას იტყვის ვინმე, რომ ეს იმერლების ან გურულების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია იყო. მაშ რატომ არის პანკისი გამონაკლისი. იქ ჩატარებული სპეცოპერაცია რატომ არის ქისტების წინააღმდეგ მიმართული?
ასე არც თავად ადგილობრივები ფიქრობენ, არასამთავრობოები და ნაცები უჩიჩხინებენ, გინდა თუ არა თქვენ წინააღმდეგ იყო მიმართულიო. ხელოვნურად ძაბავენ სიტუაციას. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები.
– ამ ლოგიკით “ქართული ოცნების” და არასამთავრობოების ნაწილიც ანტისახელმწიფოებრივად იქცეოდა, როცა 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციით ცდილობდა ქულების დაწერას, მაშინ ისინიც ამბობდნენ, რომ ეს პანკისელების წინააღმდეგ იყო მიმართული.
– ლაფანყურის საქმე არის გამოძიებული. ისიც დადასტურებულია, რომ იქ ხალხი შეიტყუეს. ეს საქმე წარსულია და მას პანკისში დაძაბულობა არ მოჰყოლია. ახლა სხვანაირად არის საქმე – ყველაფერი კეთდება, რომ პანკისში დაძაბულობის კერა შეიქმნას. ეს საქართველოსთვის შეიძლება ცუდად დასრულდეს.
პანკისის მიმართ თავისი ინტერესები აქვს რუსეთს. ისინი 3-4 თვეში მაინც ახსენებენ ამ რეგოონს და ამტკიცებენ, რომ იქ ტერორისტები არიან. პანკისში სპეცოპერაციის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე რამზან კადიროვმა თქვა, რომ იქ ტერორისტები იყვნენ.
პანკისის მიმართ კადიროვსაც თავისი ინტერესები აქვს. აქ, ქისტების გარდა, ცხოვრობენ გროზნოდან წამოსული ჩეჩნები, რომლებიც სოლიდარულები არიან იმ ჩეჩნების მიმართ, რომლებიც რუსეთს ებრძვიან. აქედან გამომდინარე კადიროვს და რუსეთს უნდათ, რომ როგორმე შეაღწიონ იქ.
პანკისელი ქისტები ყოველთვის სახელმწიფოებრივი პოზიციით გამოირჩეოდნენ. ახლა, ეტყობა, მაგათ შორისაც იპოვეს ნაცებმა პროვოკატორები და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებინებენ. ერთმა მათგანმა განაცხადა, კახეთის გუბერნატორი დაგვემუქრა, ისე უნდა გადაგიაროთ, როგორც კადიროვმა გადაუარა სალაფიტებსო.
– თუ დაემუქრა მათ ირაკლი ქადაგიშვილი, არ უნდა ეთქვა?
– ეგეც საკითხავია, რამდენად დაემუქრა. რატომ უნდა დავუჯეროთ იმ ადამიანს. ქადაგიშვილის პოზიციაც მოესმინა ვინმეს. ერთ-ერთი მათგანი გამოვიდა და დაიჩივლა, საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ გვაქცევსო. ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და ამ ხელისუფლების მიმართ მადლობის მეტი არაფერი ეთქმით.
– ამ ხელისუფლებას რატომ უნდა უთხრან მადლობა? ეგენი საუკუნეებია, პანკისში ცხოვრობენ, “ოცნებამ” კი არ ჩამოასახლა. ისინი არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და ბევრი მათგანი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.
– ამ შემთხვევაში მე ქისტებზე არ ვსაუბრობ, ისინი ჩვენი ძმები არიან და რაზეა ლაპარაკი. მე იმ ხალხზე ვლაპარკობ, რომლებიც ჩეჩნეთიდან ლტოლვილის სტატუსით ჩამოვიდნენ, ზოგი ევროპაში წავიდა საცხოვრებლად, ზოგი აქ დარჩა. ამ ადამიანებს არ ეთქმის საქართველოს ხელისუფლების მიმართ საყვედური.
იმის გამო, რომ ისინი შევიფარეთ, რუსეთთან არაერთი პრობლემა შეგვექმნა. რამდენჯერ დაბომბა რუსულმა ავიაციამ ამის გამო საქართველოს ტერიტორია. მათი შეფარების გამო დაგვიწესა რუსეთმა თავის დროზე სავიზო რეჟიმიც.
მესმის, რომ მათ გული სტკივათ ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვაზე, მაგრამ ყველაფერი ხომ არ უნდა იკადრო? ეს არ არის სწორი.
არც იმაზე ხაზგასმაა სწორი, რომ პანკისში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. მთელ საქართველოს უჭირს და პანკისი ხომ არ იქნება შვეიცარია? ჩადით და ნახეთ, რა ხდება გურია-სამეგრელოში.
– იქაც მძიმე მდგომარეობაა. იქაურები ამას აპროტესტებენ და პანკისელებმა ამაზე რატომ არ უნდა ამოიღონ ხმა?
– ხმა როგორ არ უნდა ამოიღონ, მაგრამ ისეთი სურათის დახატვა, რომ მარტო მანდ არის ცუდად საქმე, არ შეიძლება. ჩადით და ნახეთ, გურიაში რა ხდება, ფაროსანამ ხალხი მშიერი დატოვა.
არასამთავრობოები, ნაციონალები და მათი სატელიტები ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს პანკისელების დისკრიმინაცია ხდება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს მოღალატეები რელიგიური შუღლის გაღვივებასაც ცდილობენ.
ყველას ადათ-წესებს პატივს ვცემ. მაგრამ ის აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ საქართველოს არცერთი რეგიონი უხუცესთა საბჭოებით არ უნდა იმართებოდეს. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და გვაქვს კონსტიტუცია. კონსტიტუცია უხუცესთა საბჭოებს არ სცნობს.
– კონსტიტუცია არც არაფორმალურ მმართველ სცნობს, მაგრამ მართავს ქვეყანას ასეთი მმართველი.
– მე მგონია, რომ არაფორმალური მმართველი არ გვყავს ჩვენ. ვიღაცეები თუ ამბობენ, რომ ივანიშვილი მართავს ქვეყანას, ეგ ჭეშმარიტებას არ ნიშნავს. უხუცესთა საბჭოს პატივს ვცემ, მაგრამ საქართველოს ყველა რეგიონი არსებული კანონმდებლობით უნდა იმართებოდეს.
თავის დროზე სვანეთშიც იყვნენ უხუცესები, მათაც დიდი გავლენა ჰქონდათ, მოსამართლის ფუნქციასაც კი ითავსებდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.
– პანკისელი უხუცესები სასამართლოს ფუნქციას სულაც არ ითავსებენ.
– გასაგებია, მაგრამ ისინი ამბობენ, სპეცოპერაციამდე ჩვენთვის მოგემართათო. მათთვის რატომ უნდა მიემართათ? როდესაც სახელმწიფო ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს, ეს სამოქალაქო პირებს რატომ უნდა შეუთანხმოს? უხუცესების გაფრთხილება საჭირო არ იყო და არ მესმის, რატომ მოჰყვა ამას ასეთი აჟიოტაჟი.
– ამას ასეთი აჟიოტაჟი იმიტომ მოჰყვა, რომ რამდენიმე წლის წინ სწორედ ამ უხუცესებმა სთხოვეს ხელისუფლებას, იქნება ხეობას ყურადღება მიაქციოთ, რადიკალური ისლამი გაძლიერდა და ახალგაზრდები სირიაში მიდიანო. ხელისუფლებამ მაშინ რატომ არაფერი იღონა?
– რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას? სირიაში საქართველოდან კი არა, მთელი მსოფლიოდან წავიდა ხალხი საომრად. ადამიანი საზღვარს რომ კვეთს და საბუთები წესრიგში აქვს, რატომ უნდა შეუშალონ ხელი მას? შუბლზე არავის აწერია, რომ ისლამურ სახელმწიფოში საომრად მიდის.
– ეს შუბლზე მართლა არავის აწერია, მაგრამ სპეცსამსახურებს არ უნდა სცოდნოდათ, რადიკალური ისლამის მიმდევრები ახალგაზრდების გადაბირებას რომ ახდენდნენ?
– სპეცსამსახურებმა ამ მიმართულებით იმუშავეს და რამდენიმე პირიც დააკავეს. ასეთი რამეების დადგენა ადვილი არ არის. ეს საქართველოს კი არა, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც უჭირთ.
სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხს გამოძიება გასცემს. გამოძიებას ყველა ერთად უნდა დაველოდოთ. თუ ვინმეს მხრიდან გადაცდომას ჰქონდა ადგილი, ის კანონით დაისჯება. დაუშვებელია ამ პირის პანკისელებისთვის გადაცემა, როგორც ამას ზოგიერთი ითხოვს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველას ადათს პატივს ვცემ, მაგრამ უხუცესებმა არ უნდა გვიკარნახონ, როგორ მოვიქცეთ. მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე ტერორიზმს ეხება. დადასტურებულია, რომ ახმედ ჩატაევი საქართველოში შემოვიდა. ის იყო საერთაშორისო ტერორისტი და ხელისუფლება ვალდებული იყო, მისი მხარდამჭერები დაედგინა და დაეკავებინა.
– ხელისუფლებას ისიც უნდა დაედგინა, თუ ვინ და რატომ გამოუშვა ჩატაევი 2013 წელს ციხიდან.
– ეგ ყველაფერი დადგენილია. მის გათავისუფლებას ის არასამთავრობოები ითხოვდნენ, ახლა ყველაზე მეტს რომ ყვირიან. 2013 წელს ჩატაევი ტერორისტი არ ყოფილა. ასე რომ მის გათავისუფლებაში რაიმე პრობლემა არ არსებობს.
ვერც იმ ხალხს გავამართლებ, ვინც ჩატაევის შემოსვლის გამო საყვედურობს საქართველოს ხელისუფლებას. ტერორისტები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შედიან და საშინელ ტერაქტებს აწყობენ. ჩვენთან ტერაქტები თავიდან იქნა აცილებული. ეს უნდა დავინახოთ. ტერორისტების შესვლისგან, სამწუხაროდ, არცერთი ქვეყანა დაცული არ არის.
– ტერორისტსაც გააჩნია, ჩატაევის დონის ტერორისტი სხვა ქვეყანაში არ შესულა. თან ამ ადამიანის ამოცნობა ძალიან მარტივად შეიძლებოდა, ცალი ხელი და ცალი ფეხი აკლდა.
– საზღვარზე რომ შემოსულიყო, ამოიცნობდნენ და დააკავებდნენ კიდეც. ის საზღვრის გვერდის ავლით შემოვიდა. ეს ცუდი ფაქტია, მაგრამ ამისგან არცერთი ქვეყანა დაზღვეული არ არის.
ნაცებს და მოღალატე არასამთავრობოებს კი ვურჩევ, რელიგიური შუღლის გაღვივებას შეეშვან. სწორედ მათი ანგარიშების წყალობით იწერება დასკვნები, რომ საქართველოში მუსლიმების უფლებები ირღვევა. რატომღაც გვავიწყდება, რომ მუსლიმებით ვართ გარშემორტყმული. ვინ არის იმის გარანტი, რომ ერთ დღეს თურქეთი ქართველი მუსლიმების დასაცავად საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოიჭრება. ვინ გაუწევს მაგათ წინააღმდეგობას.
შემოჭრამდე საქმე არ მივა, მაგრამ წინააღმდეგობის გამწევიც არავინაა. დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადება უნდოდათ და თურქეთის საელჩოს ერთი განცხადების შემდეგ უკან დაიხიეს.
საქართველო არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ამიტომ კარგი იქნება თუ ხელისუფლება კარგად შეისწავლის არასამთავრობოების წარმომავლობას და დაფინანსების წყაროებს. მათი განცხადებები საქართველოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. საქართველოს მსგავსად, ისრაელიც მუსლიმური ქვეყნებით არის გარშემორტყმული. ისრაელში ვინმემ რომ გაბედოს იმის თქმა, რომ მუსლიმების უფლებები ირღვევა, ეგრევე ვირის აბანოში უკრავენ თავს. ჩვენთანაც ასე უნდა იყოს. მითუმეტეს, რომ რელიგიური ნიშნით არავის შევიწროვება არ ხდება.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა