რამდენიმე დღეში თბილისში ანტიოკუპაციური ტაქსი გამოჩნდება. იდეა მოძრაობას ძალა ერთობაშია ეკუთვნის.
ტაქსის მანქანები საქართველოს სახელმწიფო დროშისა და რუსული ოკუპაციის მთავარი ატრიბუტის – მავთულხლართების კომბინაციით იქნება გაფორმებული. მისი მთავარი დანიშნულება ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ქველმოქმედება იქნება.
ტაქსის სალონში დამონტაჟდება ვიდეომონიტორი, სადაც ნაჩვენები იქნება რუსული აგრესიისა და ოკუპაციის ამსახველი კლიპები, მძღოლები კი ძალა ერთობაშიას წევრები იქნებიან. გაერთიანების წევრები მგზავრებს, სურვილის შემთხვევაში, რუსულ საფრთხეებსა და ოკუპაციის პრობლემებზე ესაუბრებიან. მგზვარები თავად გადაწყვეტენ რამდენს გადაიხდიან მგზარობაში.
“გადახდილი თანხა ორგანიზაცია ძალა ერთობაშია სამოქალაქო-საპატრულო ჯგუფის მისიის შეუფერხებლად შესრულებას, ასევე შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, საოკუპაციო ზოლში მდებარე სკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას მოხმარდება”, – აცხადებს მოძრაობა.
კვირაში ერთხელ ტაქსის მგზავრებს საზოგადოების ცნობილი სახეები: მსახიობები, სპორტსმენები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები მოემსახურებიან. დაგეგმილია პირდაპირი ეთერები ფეისბუქის გვერდზე ანტისაოკუპაციო ტაქსი.
ონ.გე