„წყლის მოვარდნის შემთხვევაში ენგურზეც იგივე რისკია, რაც რამდენიმე წლის წინ ვერეს ხეობაში მოხდა“

„წყლის მოვარდნის შემთხვევაში ენგურზეც იგივე რისკია, რაც რამდენიმე წლის წინ ვერეს ხეობაში მოხდა“კომპანია „ჰერბის“ ხელმძღვანელი რამინ ჯომიდავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში იმ ორი პროექტის განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს, რომლებიც მდინარე ენგურსა და შავ ზღვაზე უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფის რისკს ხედავს.

_ გაქვთ პროექტი მდინარე ენგურთან დაკავშირებით. რა პრობლემები შეიქმნა მის განხორციელებასთან დაკავშირებით და რატომ არის აუცილებელი მისი განხორციელება?

_ ჩვენ გაკეთებული გვაქვს პროექტი, რომელიც მოიცავს მდინარე ენგურის კალაპოტისა და წყალსაცავის გაწმენდას, რათა წყალმა იმოძრავოს. ავარიული გაშვებისას როდესაც ხდება წყლის მასის გაშვება, მაშინ წყალი მოძრაობს 400 მეტრკუბი წამში სისწრაფით. ამ დროს წყალი ვერ გადის კალაპოტიდან და იტბორება ხალხი. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ რომ იყოს წყლის მოვარდნა, როგორც ეს ვერის ხეობაში იყო რამდენიმე წლის წინ, ეს რომ მოხდეს იქაც, კატასტროფა მოხდება. ალბათ სამეგრელოს ჩარეცხავს, რადგან წყალს გასაშვები არ აქვს.

გაეროში არის დადგენილება, რომ პატარა კაშხალიდან დაწყებული და დიდი კაშხალით დამთავრებული, კალაპოტები უნდა გაიწმინდოს. გაეროს ამ დადგენილებას საქართველოც არის შეერთებული. წყალი დიდ წყალსაცავები, როგორიც ენგურის წყალსაცავია, უნდა მოძრაობდეს მინიმუმ 2500 მეტრ კუბი წამში სისწრაფით. ეს მოთხოვნა არსებობს, ამიტომ ეს განიხილა ყველამ. მათ შორის სამინისტროებში, პარლამენტში. მას ყველამ მხარი დაუჭირა, მაგრამ მერე საკითხი წინ არ მიდის. ამიტომ გაუგებარია ეს მიდგომა.

ტრაგედია უნდა მოხდეს, რომ მერე დავიწყოთ მუშაობა?! ურემი რომ გადატრიალდება, აი ის ვარიანტია ასეთი მიდგომა.

_ წყლის კალაპოტის გაწმენდაზეა საუბარი პროექტში თუ კალაპოტის შეცვლას ან გაფართოებას ითხოვთ?

_ არსებული კალაპოტი უნდა გაიწმინდოს. იქ პატარა მდინარეებიც შემოდის, რომელთაც შემოაქვს ინერტული მასალა, მაგრამ ენგურს არ ჰყოფნის ძალა, რომ ეს ინერტული მასალა,   ხრეში, ქვიშა, ლამი და ა. შ. გაიტანოს. ამოსაწმენდია, რათა წყალს მიეცეს საშუალება, რომ გავიდეს.

ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი. ეს უნდა გაკეთდეს უსაფრთხოების მიზნით. პლუს ამას საინტერესო ის არის, რომ ეს ინერტული მასალა მოხმარდეს საქმეს. ხრეში და ქვიშა მოხმარდება ნაპირდაცვით სამუშაოებს. რაც დარჩება, მისი რეალიზაცია მოხდება იმისათვის, რომ ამ პროგრამამ იმუშავოს. იმიტომ, რომ შემოვიყვანთ კომპანიას, რომელიც იმუშავებს, მაგრამ მას თუ არ გადაუხადე, ეს პროექტი გაჩერდება. ჯერ-ჯერობით სახელმწიფო ამაში არც მუშაობს და არც აპირებს ამაში ფულის ჩადებას.

ამასთან ერთად, ქვიშასა და ხრეშში არსებობს ქიმიური შემადგენლობა ძალიან სერიოზული რაოდენობით, რომლის იქიდან გამოღებაც მოხდება გადამუშავების შედეგად. ის ქიმიური ნივთიერებები კი მოხმარდება ქვეყნის ეკონომიკისა და მრეწველობის განვითარებას.

_ ოკუპირებული აფხაზეთის დაინტერესებაც არის ამ პროექტის მიმართ.

_ დიახ, აფხაზების დაინტერესება არის იმიტომ, რომ რაღაც ტერიტორია აფხაზეთის ტერიტორიაზეც არის, 12 კმ-ია. ჩვენ გვქონდა შეხვედრა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან. მათ გამოთქვეს მზადყოფნა. ჩამოვიდნენ გალში და იყო შეხვედრა. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. აფხაზებმა ამას კარგად აუღეს ალღო, დაინტერესდნენ. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ მიწერა გაეროს გენერალურ მდივანს და ევროგაერთიანების პრეზიდენტს დონალდ ტუსკს, რომ ეს პროექტი მათთვის საინტერესოა და მზად არიან, ამ პროექტში მიიღონ მონაწილეობა. მაგრამ ჩვენგან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია არცერთი უწყების დონეზე.

_ აღნიშნეთ, რომ ამ პროექტის მიმართ ინტერესი არ გამოიჩინა ქართულმა მხარემ და პირიქით დაინტერესდა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება. ეს ხომ არ არის ეროვნული ინტერესების საზიანო?

_ თუ ჩვენ პოლიტიკას დავუკვირდებით, რაც არის გაცხადებული, რომ აფხაზების ინტეგრირება გვინდა, მაშინ აფხაზებთან მიმართებაში ამაზე უკეთესი პროექტი არ არის. რა თქმა უნდა, აფხაზებს ეს აინტერესებს, მაგრამ თუ მართლა გვინდა აფხაზების ინტეგრირება, ამ პროექტს უნდა მიეცეს რეალიზების საშუალება. მოხდებოდა მცირე რაოდენობით აფხაზების დასაქმება, მეორე საკითხია უკვე ის, რომ როდესაც ერთიანი ურთიერთობა და საქმიანობაა, მაშინ ყალიბდება რაღაცა დონის ურთიერთობის აღდგენა.

კი ბატონო, ჩვენ ავაშენეთ სავაჭრო ცენტრი, მაგრამ მოდიან?

_ რუსეთიც ხომ არ არის ჩართული, ან ინტერესი ხომ არ აქვს, რომ რაღაცა ფორმით ჩაერთოს?

_ რუსეთის მხრიდან იყო დაინტერესება. ეს გამოითქვა 2007 წელს, როდესაც სოჭში ოლიმპიადა უნდა ჩატარებულიყო და ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად მათ სჭირდებოდათ ინერტული მასალა. მაშინ აფხაზეთის ტერიტორიიდან მდინარე ენგურიდან ამოიღეს, რაც არ შეიძლებოდა.

მათ გამოთქვეს დაინტერესება პროექტის მიმართ, მაგრამ მერე მოხდა ომი და შეწყდა.

_ წყალბადის მოპოვებაზეც გაქვთ პროექტი. ამასთან დაკავშირებით რას ეტყვით ჩვენს მკითხველს?

_ ეს არის მეორე პროექტი. წყალბადი უკვე არა მდინარე ენგურზე, არამედ შავ ზღვაში მოიპოვება და იქიდან უნდა მოხდეს წყალბადის ამოღება. ახლა მიმდინარეობს ამ პროექტის დამუშავება.

საქართველო არც ამ პროექტის მიმართ არ იჩენს არავითარ ინტერესს. გერმანელები დაინტერესდნენ, რომლებიც კანცლერის დავალებით მოქმედებდნენ და უცხოეთში რამდენიმე ორგანიზაციაში ეს საკითხი იხილებოდა. გამოირკვა პარტნიორი, რომელიც მზად იქნება ამ პროექტის გასაგრძელებლად.

ჩვენ ახლა ძიებაში ვართ, უნდა მოვძებნოთ პარტნიორები გერმანიაში, რადგან გერმანია ფულს ჩვენ კი არ გვაძლევს, არამედ გერმანულ ორგანიზაციას, რომელიც პროექტს ჩვენთან ერთად გააკეთებენ. ეს პროექტი იმ დონემდეა, რომ ახლა გვჭირდება დახმარება, რათა ბოლომდე მივიყვანოთ.

_ წყალბადის გამოყენებისა და მისი რეალიზაციისთვის არის საინტერესო ამ პროექტის განხორციელება თუ სხვა მიზეზიც არის?

_ ზღვას თავისი პრობლემები აქვს. ზღვის მასა, დაახლოებით 93%, პრაქტიკულად მკვდარია. ამას გარდა, ყოველთვის იწევს და ამოდის, ყოველწლიურად ამ გოგირდწყალბადის ნამატის მასა შეადგენს 75-80 მილიონ ტონას.

ეს მასა რაღაცა ადგილს იკავებს ზღვაში. არსებობს საშიშროება რომ გამეორდეს ტრაგედია, რომელიც 1927 წელს ყირიმის მიწისძვრის შედეგად იყო და 2 კილომეტრის სიგრძისა და 700-800 მეტრის რადიუსზე ამოვიდა ეს მასა.

მაშინ ის 400 მეტრის სიღრმეში იყო, ამიტომ წყალმა გადაფარა ის, ახლა 80-100 მეტრ სიღრმეზეა, ასე რომ, როგორი დონის კატაკლიზმის რისკია, ამის თქმა ძნელია. მაღალი რისკია, თუ მისი რაღაც ფორმით ნეიტრალიზაცია არ მოხდა.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა