ემზარ კვიციანი – “ბიძინა ივანიშვილს გიგა ბოკერია მფარველობს”

ემზარ კვიციანი - "ბიძინა ივანიშვილს გიგა ბოკერია მფარველობს"რა დანაპირებს გვისრულებს რუსეთი, რა მისია აკისრია გიგა ბოკერიას, რა შარში გაეხვივნენ სუსი და შსს, რატომ არ უპასუხა გახარიამ მწვავე კითხვებს პარლამენტში? – ამის შესახებ “ახალ თაობას” პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი ესაუბრება.
– 2 მაისს პარლამენტი შს მინისტრს უსმენდა. ამ მოსმენით თქვენ უკმაყოფილო დარჩით. დაიჩივლეთ, მინისტრმა ჩემს არცერთ კითხვას არ უპასუხაო. ძალოვანებთან არც ადრე გქონდათ კარგი ურთიერთობა, ტრადიცია გრძელდება თუ რაშია საქმე?
– ვერ გეტყვით, რატომ არ ვუყვარვარ ძალოვანებს. ალბათ იმიტომ, რომ მათ ძალიან მწვავე კითხვებს ვუსვამ. რანაირად მოეწონებოდა შინაგან საქმეთა მინისტრს ჩემი კითხვები. მას ვკითხე. რატომ არ მოახდინეს ქართველმა მესაზღვრეებმა რეაგირება, როცა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დავით გარეჯის ტერიტორიაზე შემოვიდნენ.
შეიძლება სხვა ვინმე მოატყუონ, მაგრამ პანკისის და დავით გარეჯის საკითხზე ჩემი გაცურება ადვილი არ არის. ჩემს ხელში ბევრმა რამემ გაიარა და ბევრი რამე ვიცი. ის, რაც პანკისში და გარეჯში მოხდა, არის დაგეგმილი პროვოკაცია.
– ვის მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა?
– კონკრეტული სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ ეს პროვოკაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ დაიგეგმა. ხომ გახსოვთ, კარასინმა გვითხრა, სიურპრიზებს ელოდეთო და ამის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი.
ძალიან მაინტერესებდა იმის გარკვევა, ჰქონდა თუ არა შსს-ს სუსთან კომუნიკაცია, სანამ პანკისში შევიდოდნენ. ასეთი კომუნიკაცია წერილობითი ფორმით უნდა მომხდარიყო. შსს-ს წერილით უნდა მიემართა სუსის ანალიტიკური სამსახურისთვის და მათგან წერილობით ფორმითვე გაეგო, თუ რა მოჰყვებოდა მათ შესვლას ხეობაში.
– შსს ყოველ ღონისძიებას სუსს უთანხმებს?
– არა, მაგრამ პანკისი განსაკუთრებული რეგიონია. აქ სხვანაირი და ფრთხილი მოქმედებებია საჭირო. ამიტომ უნდა მიემართა შსს-ს სუსის ანალიტიკური სამსახურისთვუს.
გახარიამ მითხრა, რომ მათ შორის წერილობითი ფორმით კომუნიკაცია არ შემდგარა. მხოლოდ ისაუბრეს. არანაირი წინასწარი ანალიზი არ არის გაკეთებული. ამ შემთხვევაში პანკისში რაც მოხდა, იმაზე გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს თანაბრად ეკისრებათ პასუხისმგებლობა.
სუსს რომ წერილობით ეთქვა, არ შეხვიდეთ პანკისშიო, პასუხისმგებლობა გახარიას დაეკისრებოდა. თუ სუსი თანხმობას მისცემდა და მოხდებოდა ის, რაც მოხდა, გომელაური იქნებოდა დამნაშავე. ახლა ორივე დამნაშავეა.
– გამოდის, რომ შსს-მ და სუსმა ერთმანეთს გაუჩალიჩეს, მაგრამ რომელმა რომელს?
– რომელმა რომელს გაუჩალიჩა, ეგ დასადგენია. გამორიცხული არ არის, ორივესთვის იყოს გაჩალიჩებული.
– ორივესთვის ვის უნდა გაეჩალიჩებინა?
– ეგ გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ეს შეიძლება სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმა გააკეთეს. შესაძლოა, ნაცებმა. ნაცების ხალხი ორივე უწყებაში საკმაოდ მრავლად არის დარჩენილი.
ეს საქმე აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული. ხალხი კინაღამ აჯანყებამდე მიიყვანეს. ეს პროცესი გახარიამ შეაჩერა. მან აგვაცილა თავიდან სისხლისღვრა.
მინისტრსაც ვუთხარი და ახლაც გავიმეორებ, რომ სასაზღვრო უწყება შსს-ს დაქვემდებარებიდან უნდა გამოვიდეს და უსაფრთხოების სამსახურს დაექვემდებაროს, რადგან საზღვრის დაცვა პირდაპირ დამოკიდებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთან.
შსს დღემდე ვერ გვცემს პასუხს იმაზე, თუ რატომ არ მოახდინეს ქართველმა მესაზღვრეებმა რეაგირება აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ქმედებაზე. ისინი ისე გადმოვიდნენ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, მათთვის პასუხი არავის მოუთხოვია. რეაგირება იმიტომ არ მოხდა, რომ ამაზე წინასწარი შეთანხმება არსებობდა.
– ვის შორის არსებობდა წინასწარი შეთანხმება?
– საქართველოს და აზერბაიჯანს შორის.
– რატომ ხართ ამაში ასეთი დარწმუნებული?
– სხვა შემთხვევაში რეაგირება იქნებოდა. ბევრი რამე მაქვს გადატანილი და ბევრი რამის მომსწრეც ვარ, კარგად ვხვდები, როდესაც ფარულ გარიგებებთან გვაქვს საქმე. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე საზღვრებს ეხება.
სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ქართველების ხელით კეთდება და ქართველები გვაკარგვინებენ ქართულ მიწებს. სამწუხაროდ, პროვოკაციები მომავალშიც გაგრძელდება და ასე იქნება მანამდე, ვიდრე ლუსტრაციის შესახებ კანონს არ მივიღებთ.
– ლუსტრაციის შესახებ კანონი შეცვლის რამეს?
– უცხო ქვეყნის აგენტებს შეეკრებათ ხელ-ფეხი და პროვოკაციებიც ნაკლები იქნება. პანკისზე გესაუბრეთ და მინდა გითხრათ, რომ რაც იქ 21 აპრილს მოხდა, დიდი ხნის წინ მზადდებოდა.
რამდენიმე თვის წინ ქართველმა სამართალდამცავებმა დააპატიმრეს მუსა ხანგოშვილი, რომელიც დაკავებამდე პოლიციელებმა სცემეს.
– ეს რომელი ხანგოშვილი, კადიროვის მეგობარი რომ არის?
– არა, რა კადიროვის მეგობარი? კარგი ბიჭია და ცოტა ტრაბახი უყვარს. ალბათ სადღაც ნახა კადიროვი და წაიტრაბახა, ჩემი ძმაკაციაო. ძმაკაცი მართლაც რომ ყოფილიყო, არც ამ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული მისი დაკავება და ცემა.
ცოტა ხნის წინ ეს მუსა ციხიდან დამიკავშირდა და მისი საქმით დაინტერესება მთხოვა.
– თქვენ რატომ დაგიკავშირდათ, იცნობთ?
– კარგად არა, მაგრამ ვიცნობ.
– სად გაიცანით?
– მოსკოვში. ნაციონალების გამო რამდენიმე წელი იძულებით ვიყავი რუსეთში გადახვეწილი. იქ ჩემთან სტუმრად მოვიდა ერთი პანკისელი ბიჭი, რომელთანაც ჯერ კიდევ საქართველოდან ვმეგობრობდი. მას თან მოჰყვა ეს მუსა ხანგოშვილი. სულ ერთხელ მყავდა ნანახი.
ალბათ ამიტომაც დამიკავშირდა ციხიდან. ჩემ გარდა მან სხვა დეპუტატებსაც გამოუგზავნა წერილი. მე მივმართე შსს-ს და პროკურატურას. იმ ოთხი პოლიციელიდან, რომლებმაც მუსას ცემაში მონაწილეობა მიიღეს, ერთი სტრუქტურიდან გაუშვეს, მეორეს უფლებამოსილება შეუჩერდა. დანარჩენი ორი კი სამსახურში დატოვეს. მუსა ისევ ციხეში ზის.
კარგია, რომ ამაზე რეაგირება მოხდა, მაგრამ არა ბოლომდე. ამ საქმის შესწავლა თავად შსს-ს არ უნდა დაეწყო. შსს თავის თანამშრომლებს არ გაამტყუნებს.
თავად მუსას ამბავი იმიტომ გიამბეთ, რომ მინდა აგიხსნათ, როგორ მიდიოდა მზადება პანკისში პროვოკაციის მოსაწყობად.
– თქვენი აზრით, ხანგოშვილი მხოლოდ ამიტომ დააკავეს?
– რა თქმა უნდა. დაკავებამდე ის შეგნებულად ცემეს. იცოდნენ, რომ ეს პანკისელებში უკმაყოფილებას გააღვიძებდა. იქ ნელ-ნელა აღვივებდნენ ამ საპროტესტო მუხტს. ყველაფერმა ერთად 21 აპრილს ამოხეთქა. კიდევ კარგი, საქმე სისხლისღვრამდე არ მივიდა.
ასეთი პროვოკაციები არც მომავალში მოგვაკლდება. საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ლუსტრაციის კანონის მიღება კი არავის სურს.
ლუსტრაციის კანონი რომ მიეღოთ, ორი წლის წინ თბილისში, ბერი გაბრიელის ქუჩაზე სპეცოპერაციის ჩატარება არ დასჭირდებოდათ. მსოფლიო დონის ტერორისტს ახმედ ჩატაევს საქართველოში არავინ შემოიყვანდა.
სხვათა შორის, ეს ჩატაევი თავის დროზე ხეობაშიც შემოგვივარდა. დღემდე ვითხოვ ამ საქმის გამოძიებას, მაგრამ ამაოდ.
– როდის შემოგივარდათ ხეობაში?
– 2006 წელს. ნაცებმა ხეობაში სპეცოპერაცია რომ ჩაატარეს, მაშინ. ის ნაციონალებთან იყო დაახლოებული და მათთან ერთად შემოვიდა ხეობაში.
– თქვენ კარგა ხანია, რაც კოდორის მოვლენების გამოძიებას ითხოვთ, არის რამე წინსვლა ამ მიმართულებით?
– არანაირი. ამ საქმეს ნაციონალები არავითარ შემთხვევაში არ გამოიძიებენ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხმა სიმართლე არ გაიგოს.
– ახლა ხომ ნაციონალები აღარ არიან ხელისუფლებაში?
– ვინ გითხრათ, რომ არ არიან. პარლამენტს ნაციონალები აკონტროლებენ. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც გიგა ბოკერია მოისურვებს. ის არის პარლამენტში მთავარი. და არა მარტო პარლამენტში.
– კიდევ სად არის ბოკერია მთავარი?
– ქვეყანაში. ვიღაცები ამტკიცებენ რომ ბიძინა ივანიშვილი მფარველობს მას, სინამდვილეში კი სხვაგვარად არის საქმე. თავად გიგა ბოკერიაა სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის მფარველი.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა