თბილისში კოსტავას 75-ში მუშა მე-15 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა

თბილისში კოსტავას 75-ში მუშა მე-15 სართულიდან გადავარდა და დაიღუპათბილისში, კოსტავას 75 ნომერში მუშის გარდაცვალება, სავარაუდოდ, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია. 40 წლამდე მამაკაცი სამშენებლო ობიექტზე მე-15 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. სასწრაფო დახმარების ექიმებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში უკვე გადაასვენეს.

შრომის ინსპექციის პირველადი დასკვნით, უსაფრთხოების ნორმების უხეში იგნორირება იკვეთება, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მაია მიქაია განმარტავს, რომ სამშენებლო ობიექტზე ხარაჩოს დემონტაჟი მიმდინარეობდა. მისი თქმით, ხარაჩოს ექსპლუატაციის წესები დარღვეულია. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი  ხარაჩოს ჩამონგრევამ გამოიწვია.

შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რომ სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით კომპანიისგან შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას ელოდებიან. კომპანიის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

„სამშენებლო სამუშაოები დამთავრებულია და მიმდინარეობდა ხარაჩოს დემონტაჟი. რაც ერთი შეხედვით ჩანს და დავათვალიერეთ, არის, რომ ხარაჩოს ექსპლუატაციის წესები არის დარღვეული. რაც შეეხება სხვა ინფორმაციას, დასაქმებულთა აღჭურვასთან დაკავშირებით, შესაბამის სწავლებასთან დაკავშირებით, ჩვენ ველოდებით შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც უნდა მოგვაწოდოს კომპანიამ და ამ ინფორმაციის შესაბამისი დოკუმენტების შესწავლის, სხვა დასაქმებულების გამოკითხვის შემდგომ იქნება შესაძლებელი, რომ დავდოთ ერთიანი დასკვნა, თუ რა კონკრეტულმა შემთხვევამ გამოიწვია,“ – განაცხადა მაია მიქაიამ.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ადამიანის სიცოცხლე არ აინტერესებს და არ ადარდებს. პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზედამხედველობის ორგანო უნდა გამკაცრდეს.

„ხელისუფლებას ფეხებზე ჰკიდია ადამიანის სიცოცხლე. უკვე აღარ ვიცით, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ. უნდა დავუჩოქოთ კიდევ ერთხელ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას თუ ხელკეტები ავიღოთ და მივადგეთ საკუთარ კაბინეტებთან იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღიარონ და დაიწყონ მოქმედება იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლე დაცული იყოს დასაქმების ადგილზე,“ – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ირაკლი კუპრაძემ.