გოგონა შოუდან, ბაბი კირკიტაძე, ჟურნალ „სარკესთან“ თავს ოთხფეხა მეგობრებზე, აზიურ ნაგაზზე, ბუთასა და კატაზე, სახელად გოგოზე ყვება:
_ ძაღლებთან ერთად ვიზრდებოდი. ბუთა ერთი თვის იყო, მამამ რომ მომიყვანა. ძალიან მსუქანა და დიდთათებაა. თავიდან სახლში ისაქმებდა, მაგრამ მამაჩემმა ცუდ ჩვევებს გადააჩვია. ბუთას ხელში რომ ავიყვანდი, თამაშით ყურზე მკბენდა და თავისი წვეტიანი კბილებით თმას მწიწკნიდა. 4 თვის მერე ისე დამძიმდა, ხელში ვეღარ ამყავდა.
_ ლეკვობის პერიოდში ძაღლებს სახლში ნივთების გაფუჭება სჩვევიათ. ბუთა რას აფუჭებდა?
_ ლეკვობის პერიოდში საშინელებებს ჩადიოდა! ავეჯი დაგლიჯა, სკამებს ფეხები დააძრო, ფეხსაცმელებს კი დღემდე ვუმალავთ. ერთ დილით გავიღვიძე და რას ვხედავ _ ერთი უკვე დაგლეჯილი იყო და მეორის ღრღნას ამთავრებდა.
ამას წინათ ბებოს ლამაზი ფაჩუჩები შემთხვევით სავარძელზე დაგვრჩა და დილით დაგლეჯილი დაგვახვედრა. 6 თვემდე სახლში გვყავდა და მერე ეზოში, ავტოფარეხში დაბინავდა, სადაც დიდი სახლი აქვს და თავს თავისუფლად გძნობს.
დღის განმავლობაში ეზოში, თავის განკუთვნილ ტერიტორიაზეა, ღამით კი სახლში ამოდის და იძინებს. გასეირნება თუ მოუნდება, აივანთან მიდის და კარზე აფხაჭუნებს.
ხშირად ჩემს საწოლში წვება. ღამით ამხელა ძაღლი რომ დამადგება თავზე, ძალიან მაშინებს! ამ დროს არ შემიძლია, ვეჩხუბო. გვერდით რომ მომიწვება, ფაქტობრივად, საწოლიდან მაგდებს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ 100 კილოა, შეიძლება უკვე მეტიც.
_ როგორი ხასიათის ვაჟკაცია?
_ ძალიან საყვარელია! მით უმეტეს, როცა თამაში უნდა. კუდს გვიქიცინებს და გვიწვევს. თუ ავყევით, ძალებს ვერ ზომავს, შემოგვახტება და უნებურად შეიძლება რამე გვატკინოს კიდეც. ბუთასთან თამაში მისი გაბარიტების გამო მიჭირს, რაც ძალიან სწყინს.
_ ძირითად პატრონად თქვენ აღგიქვამთ?
_ არა, მამაჩემს. ისე უყვარს გია, გონება ებინდება მის დანახვაზე! ერთ დილით მოფერების ხმა გავიგონე, მამის პატარა ბიჭი ვინ არისო. გავედი და მამაჩემი ბუთას ეფერებოდა, თან აბანავებდა. ეს ის პროცესია, რომელიც ძალიან უყვარს. თვითონ ხტება აბაზანაში. ამ ბოლო დროს ტალახში ჩაწოლა ისწავლა და ხშირად უწევს ბანაობა.
სანამ პატარა იყო, ყველა ვიყავით მის აღზრდაში ჩართული, მაგრამ ახლა მის გასეირნებას საკუთარ თავზე ვერ ვიღებ. ძაღლს ან კატას თუ გაეკიდა, ვერ ვიჭერ.
_ ალბათ განსაკუთრებულად კვებავთ.
_ დიახ, განსაკუთრებულად იკვებება. გარდა იმისა, რომ სპეციალურ საჭმელს მიირთმევს, მენიუში სხვადასხვა სახის დანამატებიც აქვს. ერთხელ ისეთი რაღაც ვაჭამე, მოიწამლა და ძლივს გადავარჩინეთ. მაშინ ძალიან პატარა იყო.
_ როცა რაღაცას აფუჭებს, სჯით ხოლმე?
_ ისეთი საყვარელია, არ შემიძლია, რამეზე შენიშვნა მივცე ან დავუყვირო. ბუთას მამიკო სჯის ხოლმე. როცა დაუყვირებს, საცოდავი თვალებით უყურებს.
ერთხელ ღამით ცუდად გახდა და გული აერია. საწყალი, დამნაშავის თვალებით იყურებოდა. მეგონა, მეუბნებოდა, ბოდიში, ეს რა ჩავიდინეო.
_ თუ ხვდება, ოჯახის წევრები ვინ რა ხასიათზე არიან?
_ იმდენად მგრძნობიარეა, თუ ვეტყვი, რომ დაღლილი ვარ და მისი თავი არ მაქვს, თავს ჩახრის, წვება, თათებს ერთმანეთზე გადააჯვარდინებს, ამოიოხრებს და მიყურებს. თუ მიხვდა, რომ კარგ ხასიათზე ვარ, ერთი სანახაობაა _ მომვარდება, შემომახტება, თათებს სახეზე დამადებს და მლოკავს.
ამას წინათ პირველად დავაფიქსირე, რომ ტელევიზორს უყურებდა და ადამიანებს თათებს უსვამდა. ძალიან გამიკვირდა, რადგან ტელევიზორთან კომუნიკაციის მცდელობა კატას აქვს ხოლმე.
_ კატაც ხომ გყავთ, გოგო და ბუთა არ ომობენ?
_ ერთად გაიზარდნენ და მეგობრობენ. ბუთა პატარა რომ იყო, გოგო ჯობნიდა _ ფხაჭნიდა და ამწარებდა! ახლა კი გოგოს ისე ეშინია ბუთასი, სახლში როგორც კი შემოდის, იმალება და, სანამ არ დაიძინებს, შანსი არ არის, გამოძვრეს.
ჩემი ფისო ძალიან სასაცილო და გველაძუაა. დედაჩემმა შემთხვევით დაადგა ფეხი კუდზე. მთელი დღე ბოღმა ახრჩობდა. კარადის თავზე შემოჯდა და, დედამ რომ გაიარა, თმაში ჩააფრინდა. ველური ვინმეა!
ამას წინათ ულამაზესი ყვავილები მომართვეს. ლარნაკში ჩავდე და მაგიდაზე დავდგი. გოგო მივარდა, დაეტაკა, გადმოაგდო და გატეხა!
„სარკე“