იჭრება თუ არა პრეზიდენტი პარლამენტის საქმიანობაში, რა არის ,,ქართული ოცნების” მომავალი, რას ითხოვენ მისგან ხელისუფლების წარმომადგენლები? _ ამ თემებზე ,,ახალ თაობას” ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.
_ მარგველაშვილის და პარლამენტის დაპირისპირება ხელისუფლებაში ,,ოცნების” მოსვლის გარიჟრაჟიდან იღებს სათავეს და ეს უკვე აღარავის უკვირს. ერთადერთი, რისი თქმაც ამაზე შემიძლია, ის არის, რომ ხელისუფლება კომპლექსებით დატვირთული ადამიანივით იქცევა, რომელსაც ერთადერთი ამოცანა აქვს _ როგორმე თავი დაიმკვიდროს. ,,ოცნების” მხრიდან პრეზიდენტზე უსაგნო შეტევები სწორედ ამის გამოვლინებაა.
ეს დაპირისპირება მარგველაშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს. სანამ ასეთი დაკვეთა ექნებათ, კონფლიქტი მანამდე გაგრძელდება. სამწუხაროდ, ადამიანების ბუნებაა ასეთი. არადა პრეზიდენტის გადაწყვეტილება ამათთვის არის პირველ რიგში სასარგებლო, _ ამბობს ექსპერტი.
ხუხაშვილის განცხადებით, მარგველაშვილი თავისი ვეტოთი ,,ოცნებას” ეუბნება, არ მინდა, თქვენ ვინმე გისმენდეთო. ამით პირველ რიგში დეპუტატებს იცავს.
_ ეტყობა, დეპუტატები შეჩვეულები არიან, რომ სატელეფონო საუბრების დროს ვიღაც მესამეს ესაუბრებიან მუდმივად. სავარაუდოდ, ეს სიამოვნებთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ მუდმივად ვიღაცამ უსმინოს.
დეპუტატებს კონფიდენციალურად თუ დაელაპარაკებით, ისინი გეტყვიან, რომ ხდება მათი მოსმენა.
ამ ადამიანებმა იციან, რომ უსმენენ. პრეზიდენტი მათ ეუბნება, დატოვეთ ისეთი კანონი, რომ მოსმენა შეუძლებელი იყოს. ესენი გაიძახიან, ჩვენ გვინდა, რომ მოგვისმინონ, ეს ჩვენი უფლებაა. ასეთ ხალხთან საუბარი ძალიან ძნელია. ეს, როგორც ჩანს, ნამდვილად მათი არჩევანია და ვულოცავ, _ აცხადებს გია ხუხაშვილი.
„ახალი თაობა“, შორენა მარსაგიშვილი

