”კომედი გრუპის” მსახიობ თამუნა ლეკვეიშვილს ხშირად ეკითხებიან, რამდენიმე თვეში როგორ მოახერხა 10 კილოს დაკლება. ამის შესახებ მან ჟურნალ ”სარკესთან” ისაუბრა:
_ დიუკანის ცილოვანი დიეტით გავხდი, ოღონდ ცოტა შევცვალე. მენიუში ყველი ჩავამატე, რადგან სხვანაირად არ შემიძლია. ბევრი ხორცის ჭამის შემდეგ ისეთი რაღაცებიც კი მენატრება, რაც არ მიყვარს, თუნდაც ვაშლი.
რთული, მაგრამ ეფექტური დიეტაა. ბევრ წყალს ვსვამ. დროში გაწელილი დიეტები არ შემიძლია, რადგან ძალიან გურმანი ვარ. თუ ვჭამ, გემრიელად უნდა ვჭამო, შუალედის დაჭერა არ გამომდის.
_ ყველაზე მეტად რისი აკრძალვა გაგიჭირდათ?
_ პურ-ფუნთუშეულის და ღვეზელების. შოკოლადი მიყვარს, ოღონდ შავი, რომელსაც ცოტას ვჭამ. რამდენიმე დღე წესიერად თუ ვიქცევი და ნაკლებს ვჭამ, ამ დროს დედაჩემმა, რომელიც კარგი მზარეულობითაა ცნობილი, შეიძლება ხორცის ღვეზელი გააკეთოს, რაზეც ვერაფრით ვიტყვი უარს. შევჭამ და მერე ვნანობ, რატომ ვჭამე-მეთქი. საბოლოო ჯამში, იშვიათად ვარღვევ და ჩემი დიეტით კმაყოფილი ვარ.
_ ასე რომ დაიკელით, ქმარი ალბათ კომპლიმენტებით ძალიან განებივრებთ.
_ ჩემს ქმარს ძალიან მოსწონს, თუმცა მეუბნება, კიდევ გჭირდებაო. მე და გიგის, მუსიკის გარდა, უამრავი საერთო ინტერესი გვაქვს და ახლა, მით უმეტეს, როცა სამი შვილი გვაკავშირებს.
ჟურნალი ”სარკე”, სოფიო ბოჭორიძე