ეკა ანდრონიკაშვილი: “მე და აჩიკო მამალაძე აქტიურად ვზრუნავთ ჩვენს შვილზე”

ეკა ანდრონიკაშვილი: "მე და აჩიკო მამალაძე აქტიურად ვზრუნავთ ჩვენს შვილზე"_ თითქოს ანგელოზი მომებარა გასაზრდელად, _ უთხრა ”სარკეს” მსახიობმა ეკა ანდრონიკაშვილმა, რომელმაც 9 თვის წინ, 23 წლიანი პაუზის შემდეგ, მეორე ვაჟი, ნიკალა ანდრონიკაშვილი-მამალაძე, გააჩინა.
ეკას პირველი ქორწინებიდან, მსახიობ გიორგი ნაკაშიძისგან, ერთი ვაჟი ჰყავს, ლუკა, რომელიც 24 წლის არის.
_ ნიკალა ნიუ იორკში, მანჰეტენზე დაიბადა, _ მოუყვა ”სარკეს” ეკა ანდრონიკაშვილი, ამერიკაში კარგი მეგობრები მყავს და ხშირად ჩავდივარ. მეშვიდე თვეში ვიყავი, როცა მეგობრებმა დამპატიჟეს. გარდა ამისა, ბავშვისთვის ბევრი კარგი ნივთის შეძენა იმაზე იაფად შეიძლება, ვიდრე ჩვენთან. 1 თვე რომ გავჩერდი, 8 თვის ორსულმა უკან გამოფრენა აღარ გავრისკე. გარდა ამისა, დაზღვევა მივიღე.
ფანტასტიკურ სამშობიაროში, სტენლი მორგანში, გავიკეთე საკეისრო. სპინალურ საკეისროს 5 ექიმი მიკეთებდა. გვერდით მეგობარი, ეკა ანდრიაშვილი, მყავდა და მშვიდად ვიყავი. გარეთ კი მეორე მეგობარი, ეკა პაქსაშვილი, მელოდებოდა. ისინი პირველები იყვნენ, რომლებმაც ნიკალა დაიჭირეს ხელში. ბავშვის ტირილი რომ გავიგონე, ბედნიერებისგან მეც ტირილი ამიტყდა. ძალიან პატარა, 2,3კგ დაიბადა.
მსახიობმა ამერიკაში 5 თვე გაატარა. ნიკალა 2 თვის იყო, როცა საქართველოში წამოიყვანა. ჟურნალისტის კითხვაზე _ ფიქრობდა თუ არა ამხელა პაუზის შემდეგ მეორე შვილზე, მსახიობმა უპასუხა.
_ რატომაც არა?! ჯანმრთელი ქალი ვარ და მეორე შვილი რატომ არ უნდა გამეჩინა?! ახალგაზრდა ვარ, ენერგია მაქვს. ერთი შვილი კარგად აღვზარდე და მინდა, მეორეც ასე აღვზარდო.
როცა გაჩნდა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ კომფორტის ღრუბელში გავეხვიე და ჩემში ისეთი სითბო შემოვიდა, რაც დიდი ხანია არ მიგრძვნია. გაღვიძება და დაძინება მიხარია. სულ არ მინდა სახლიდან გასვლა. თითქოს ანგელოზი მომებარა გასაზრდელად.
__ თქვენი უფროსი შვილი ხომ არ გეგმავს დაოჯახებას?
_ დედამთილობის მოლოდინი ჯერ არ მაქვს, რადგან, როგორც ვიცი, ცოლის მოყვანას ჯერ არ გეგმავს. სპორტულ გადაცემაში ოპერატორად მუშაობს, ძალიან დაკავებულია, ნახევარი მსოფლიო აქვს უკვე მოვლილი. პარალელურად მუსიკას წერს.
__ ისევ იდეალურ ფორმაში ხართ. როგორ მოახერხეთ ასე უცებ წონის დაკლება?
_ 10 კილოგრამი მქონდა მომატებული და მუცელი თითქმის არ მეტყობოდა. მერვე თვიდან ვიგრძენი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ნიუ იორკში ბევრს ვსეირნობდი. ნიკალა რომ დაიბადა, ფორმაში ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ჩავდექი. დიეტის დაცვა არც შემიძლია და არც ვარჯიშით ვიკლავ თავს. არც მშობიარობის შემდგომი დეპრესია ვიცი, რა არის. ან ამისთვის სად მეცალა? პირიქით, ნიკალას დაბადებით ძალიან ბედნიერი ვარ, _ უთხრა ”სარკეს” მსახიობმა და ბავშვის მამაზეც ესაუბრა:
_ ნიკალას გვარი არის ანდრონიკაშვილი-მამალაძე. მამა აჩიკო მამალაძე გახლავთ. ორივე აქტიურად ვზრუნავთ შვილზე. ისეთი ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, როგორიც ერთი უსაყვარლესი არსების მშობლებს უნდა ჰქონდეთ. ასე რომ, ნიკალას არც მორალურად და არც ფიზიკურად არაფერი აკლია. მამის მხრიდან სამი და ჰყავს, დედის მხრიდან კი _ ძმა. დედმამიშვილებით ძალიან მდიდარია. ორი ბებია, ბაბუა, მამიდა, ბიძა… ყველა ჰყავს გვერდით, რაც დიდი ბედნიერებაა.
ჟურნალი ”სარკე”, სოფიო ბოჭორიძე