განო მელითაური: ”მგონი, კოტე ბიძგს მაძლევს, რომ ახალი ცხოვრება დავიწყო”

განო მელითაური: ”მგონი, კოტე ბიძგს მაძლევს, რომ ახალი ცხოვრება დავიწყო”მსახიობ კოტე თოლორდავას ქვრივმა, განო მელითაურმა, 2 უმძიმესი წელი ჟურნალ ”სარკესთან” გაიხსენა.
_  ჩემი ცხოვრების ლაიტმოტივი იქნება ის გრძნობა, რაც კოტეს მიმართ მქონდა.
პასუხისმგებლობა, რომელიც განგებამ ჩემი შვილები სახით დამაკისრა, იყო ის ერთადერთი ძალა, რომელმაც გამაძლებინა. სამი შვილი, მშობლები, ამდენი პრობლემა _ წინ ბევრი ეტაპი გვაქვს გასავლელი. ვცდილობ, დავბლოკო ეს ტრაგედია, თითქოს ეს ყველაფერი ჩემს თავს არ მომხდარა.
პანიკას რომ ავყვე, აზრი არ აქვს, მერე ყველაფერი ჰაერში ეკიდება. ჩემი ყოველდღიურობა ასეთია: ვდგები დილის 7 საათზე, ვამზადებ ბავშვებს საბავშვო ბაღში, სკოლაში წასაყვანად, მერე სამსახურში, შეხვედრებზე მივდივარ, შიგადაშიგ მეგობრებს ვნახულობ, _ გვითხრა განომ.
__ კოტე ხშირად გესიზმრებათ?
_ ერთი წელი ცხადად მესიზმრებოდა, ბოლო პერიოდში ძალიან იშვიათად ვხედავ სიზმრებში და, მგონი, ეს იმის ნიშანია, რომ ბიძგს მაძლევს, ახალი სრულფასოვანი ცხოვრება დავიწყო. არ ვიცი, ამას რამდენად მოვახერხებ ან რამდენად მზად ვიქნები ამ ყველაფრისთვის.
ჩემი უმნიშვნელოვანესი ურთიერთობა დასრულდა. მგონია, რომ ერთ დღესაც აივნიდან დირიჟაბლს დავინახავ, წავყვები უსასრულობაში და არ დამენანება აქაურობის დატოვება, მაგრამ სანამ ეს დღე მოვა, ყველა წამი უნდა შევიგრძნო და მაქსიმალურად გავაბედნიერო შვილები, ახლობლები და საკუთარი თავიც.
__ გარშემომყოფებისგან არის მოლოდინები, მაგალითად, კითხვა, ხელმეორედ როდის შექმნით ოჯახს?
_ ყველა მეუბნება, რომ ოჯახი უნდა შევქმნა. მარტომ როგორ უნდა გაძლო, აუცილებლად შეგიყვარდება კიდევ ერთხელო. არ მოგატყუებთ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩემთან სერიოზული ურთიერთობის, თუმცა არ მგონია, რომ ეს ის თემაა, რომელზეც უნდა ვილაპარაკო.
მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომ ჩემს პირად ცხოვრებას არასდროს გავასაჯაროებ. თუ ოდესმე შევქმნი ოჯახს, ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკებ, მაგრამ დღეს ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია, ამისთვის მზად არ ვარ და ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ჩემთან ურთიერთობის სურვილი აქვს, ეს კარგად იცის.
პროგნოზებს არ გავაკეთებ, არც ის მგონია დანაშაული, თუ პირად ცხოვრებას ხელმეორედ დავიწყებ და არც ის, თუ არ დავიწყებ. ორიენტირებული ვარ მხოლოდ ჩემს შვილებზე, მათ ფსიქიკასა და აღქმებზე. შესაბამისად, ჩემი ყველა ნაბიჯი _ პირად თუ საქმიან ცხოვრებაში, მათი სურვილებით და შეხედულებების თანხვედრით მოხდება, _ ამბობს განო მელითაური.
11 აპრილს კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 2 წელი სრულდება. განო თბილისის მერიას ქმრის მემორიალური დაფის გახსნას სთხოვს:
_ მინდა, ეს შანსი გამოვიყენო და თქვენი ჟურნალის საშუალებით თბილისის მერიას და პირადად მერს, დავით ნარმანიას, ვთხოვო, რომ კოტეს სახლთან, რუსთაველის ქუჩაზე, გაკეთდეს მემორიალური დაფა. ბატონ მერსაც ვესაუბრე და პირად საუბარში მითხრა, ეს გაკეთდებაო.
მერე წესები შეიცვალა, 2 წელი უნდა გასულიყო. გავიდა 2 წელი და ძალიან მინდა, 11 აპრილს კოტეს მემორიალური დაფა გაიხსნას. თუ 11-ში ვერ მოხერხდება, მის დაბადების დღეზე, 13 მაისს მაინც მოხდეს. კოტე 37 წლის გახდებოდა. ჩვენ მზად ვართ, ხარჯები საკუთარ თავზე ავიღოთ.

ჟურნალი ”სარკე”, ლანა კიკნაძე