გაზის ტარიფი 24 ივლისს დადგინდება

გაზის ტარიფი 24 ივლისს დადგინდებასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უკვე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სოკარის, საქორგგაზის, ყაზტრანსგაზის და გაზის გამანაწილებელი კომპანიის ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით.
ტარიფის დადგენის ბოლო ვადა სოკარისა და საქორგგაზისთვის 24 ივლისი იქნება, ვინაიდან მათ უფრო ადრე მიმართეს კომისიას, ხოლო ყაზტრანსგაზისთვის და გაზის გამანაწილებელი კომპანიისთვის _ 28 ივლისი.
_ კომისიამ დაიწყო ბუნებრივი გაზის სატარიფო რეგულირება. ორმა კომპანიამ, ეს იყო საქორგგაზი და ზოკარ ჯორჯია გაზი, შემოიტანეს სატარიფო განაცხადები. აღნიშნულ საკითხზე კომისიამ უკვე დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება კიდევ ორ კომპანიაზე, ეს არის ყაზტრანსგაზი და გაზის ტრანსპორტირების კომპანია. ამ კომპანიებმა სატარიფო განაცხადები რამდენიმე დღის წინ შემოიტანეს.
შესაბამისმა დეპარტამენტმა შეამოწმა, რამდენად სრულად იყო ეგ დოკუმენტაცია შემოტანილი და წარმოადგინა ეს საკითხი უკვე კომისიის სხდომაზე იმისთვის, რომ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება.
კომისიამ განიხილა ეს საკითხები და დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ორივე ამ საკითხზე. მოსაზრებების წარმოდგენის ვადა 6 აპრილამდე იყო, ხოლო 24 და 28 ივლისი _ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა ტარიფების დადგენის მიზნით, _ განაცხადა სემეკის წევრმა გოჩა შონიამ.
კითხვას, გაიზრდება თუ არა ტარიფი _ გოჩა შონია პასუხობს, რომ ამ საკითხზე წინასწარ საუბარი რთულია და იმ კომპონენტებთან ერთად, რომლებიც გაძვირებას იწვევს, არის სხვა კომპონენტები, რომლებიც ასევე იძლევა იმის საშუალებას, რომ ტარიფები არ გაიზარდოს.
_ დეპარტამენტმა უნდა იმუშაოს აღნიშნულ საკითხებზე. არის ძალიან მოცულობითი ინფორმაცია წარმოდგენილი. საჭიროა ამ ინფორმაციის შესწავლა, გაანალიზება, და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოადგენს ტარიფების დეპარტამენტი თავის მოსაზრებას.
ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს ტარიფების დადგენაზე. მათ შორის, კურსის ცვლილება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქსელში გაწეულ ინვესტიციებს, თუ როგორი მოცულობით იქნა ეს გაწეული. თუმცა, არის სხვა კომპონენტები, რომლებიც ასევე მოქმედებს, მათ შორის, ეს არის ბუნებრივი გაზის განაწილებული მოცულობა და სხვა ფაქტორები, _ აცხადებს გოჩა შონია.
ნეტგაზეტი