მომღერალი გია ჭირაქაძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ანსამბლ “ქართული ხმების” პირველი თაობის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და უცვლელი წევრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა გაავრცელა:
_ ძალიან ვწუხვარ, ბატონი გია ჭირაქაძე გარდაიცვალა. წლების მანძილზე ერთად ვმუშაობდით ტელევიზიაში და დღემდე ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა. გაწონასწორებული, განათლებული, ინტელიგენტი და ყოველმხრივ დადებითი ადამიანი გახლდათ, სხვა მის დამსახურებაზე რომ აღარ ვისაუბროთ.
გია ჭირაქაძე “ქართული ხმების” ბანი იყო. ამ ანსამბლის გარდა იგი “დიელოშიც” მღეროდა. 18 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში.
საქართველოს დამსახურებულ არტისტს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს და ღირსმების ორდენის კავალერს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიენიჭა, გასულ წელს კი მისი დაბადების დღის აღსანიშნავად, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.
გია ჭირაქაძის გარდაცვალებას მისი მეგობრების, კოლეგების და რიგითი მსმენელების გარდა, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა:
_ ძალიან დამწყვიტა გული გია ჭირაქაძის გარდაცვალებამ.
მისი სახელი თითოეული ჩვენგანისთვის ქართულ სიმღერასთან ასოცირდება, ასოცირდება ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საყვარელ ანსამბლ „ქართულ ხმებთან“, რომლის დამფუძნებელიც და გამორჩეული წევრიც იყო გია ჭირაქაძე.
მთელი გულით თანავუგრძნობ ბატონი გიას ოჯახს, ყველა მეგობარს და კოლეგას.