რატომ დააკავეს უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსანი, რისთვის ემზადება უკრაინის მთავარი პროკურატურა, რა მასალები ჩაიტანა გივი თარგამაძემ კიევში? _ ამის შესახებ „ახალ თაობას“ სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ესაუბრება.
_ გივი თარგამაძის მიწოდებული მასალები უკრაინის პროკურატურას სერიოზულად დაეხმარება. იქ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჯერ კიდევ გასულ წელს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ მას ძალიან მალე დააკავებენ. ყველაფერი აქეთკენ მიდის.
თარგამაძემ პროკურატურას მის წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამ მასალებში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ დაიგეგმა მის წინააღმდეგ ტერაქტი უკრაინაში. ამ ყველაფრის უკან კი მიხეილ სააკაშვილი იდგა, – განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.
მისი განცხადებით, ყოფილმა დეპუტატმა უკრაინის საგამოძიებო უწყებას იმ პირების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, ვისთან ერთადაც მოიფიქრა ნაპრეზიდენტალმა ტერაქტის მოწყობა. თარგამაძეს უკრაინაში გავლენიანი ნაცნობები ჰყავს და ამ მასალების მოძიება არ გაუჭირდებოდა.
_ მარტო თარგამაძის აფეთქების გამო არ მოხდება მისი დაკავება. ეს ტერაქტი მის საქმეში ერთ-ერთი ეპიზოდი იქნება. მას ბევრ რამეს ედავებიან უკრაინელი სამართალდამცავები. მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ამიტომაც მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევაჩერებ თქვენი მკითხველის ყურადღებას.
სააკაშვილს უკრაინელები სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავებიან. ის აქტიურად იყო ჩართული იარაღის კონტრაბანდაში. სერიოზული სკანდალის მიზეზი გახდა გასაიდუმლოებული სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ვითომ ომში დაჭრილებს მკურნალობდნენ. უკრაინული მედია წერდა, რომ ამ ცენტრში ადამიანების ორგანოებით მიდიოდა ვაჭრობა.
ასევე სერიოზული კითხვები არსებობს ოდესაში შექმნილი საქველმოქმედო ფონდის მიმართაც. ამ ფონდში სააკაშვილი ადგილობრივ ბიზნესმენებს ძალადობრივი გზით არიცხინებდა თანხებს, ამ ფულს კი საქართველოში სხვადასხვა არეულობების მოსაწყობად იყენებდა, – აცხადებს წითელაშვილი.
მისივე ინფორმაციით, სააკაშვილსა და მის ბანდას უკრაინის ხელისუფლებამ სერიოზულად მოჰკიდა ხელი. დროა, ჩვენც ასე მოვიქცეთ. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ძალიან მალე დააკავებენ და საქართველოს გადმოსცემენ. ამ კუთხით უკვე დაიწყო რაღაც თანამშრომლობა.
„ახალი თაობა“, შორენა მარსაგიშვილი

