მთავრობაში საკადრო ცვლილებებს ერი დიდი ხანია ელის. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში სერიოზული დაპირისპირებაა, რაც, ერთი მხრივ, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, მეორე მხრივ კი _ პრემიერის შესაძლო ცვლილებას.
მედიასა და სახელისუფლებო კულუარებში უკვე დასახელდა რამდენიმე გვარი, რომლებმაც, შესაძლოა, კვირიკაშვილი შეცვალოს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე პრეტენზია კახა კალაძესაც გაუჩნდა. ამის გარდა, მთავარი ენერგეტიკოსი საარჩევნო სიაში საკუთარ კვოტას ითხოვს.
მასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს ცოტნე გამსახურდია.
_ კულუარული ხმები როგორც უბნობენ, კალაძეს, როგორც მინიმუმი _ ადგილობრივ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურების გაყვანის კვოტები და საკუთარი პოზიციების გაძლიერება პირველ ვიცეპრემიერად დანიშვნით უნდაო, ხოლო მაქსიმუმი _ პრემიერის პოსტსაც უმიზნებსო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციაში გადასვლით იმუქრებაო, _ წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კალაძე ოპოზიციაში გადასვლით იმუქრება. ასეთი რამე საპარლამენტო არჩევნების წინაც მოხდა. „ახალი თაობა“ მაშინ წერდა, რომ კალაძე ერთ-ერთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარეს შეხვდა და მას პარტიის გაკეთება შესთავაზა. ეს გეგმა მხოლოდ იმიტომ ჩაიშალა, რომ პარტიამ კალაძის ამბიციები დააკმაყოფილა.
კალაძის სამომავლო გეგმებზე კულუარულ ინფორმაციებს ფლობს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი. „ახალ თაობასთან“ საუბარში ის ამბობს, რომ კალაძეს დაწინაურება უნდა, მაგრამ ოპოზიციაში არავითარ შემთხვევაში არ წავა.
ლადო სადღობელაშვილი:
_ კალაძეს რომ პრეტენზიები აქვს, ეს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვიცი. რაც შეეხება მის ოპოზიციაში გადასვლას, ეს გამორიცხულია. გარდა იმისა, რომ მას ოპოზიციონერობის თავი არა აქვს, ამის გაკეთების უფლებას მის უკან მდგომი ხალხი არ მისცემს.
_ ვის გულისხმობთ მის უკან მდგომ ხალხში?
_ იმ ხალხს, ვინც მის უკან დგას. საუბარია როგორც ჟვანიას გუნდის წევრებზე, ასევე ბიზნესმენ იაკობაშვილის ხალხზე. დღეს კალაძე, ფაქტობრივად, იაკობაშვილის ფულებს პატრონობს. მას სხვებთანაც აქვს ვალდებულებები, ამ ვალდებულებების ტყვეობაშია და ოპოზიციაში ვერ წავა.
_ მის საპრემიერო ამბიციებზე რას იტყვით?
_ მისი გაპრემიერება უფრო რეალურია, ვიდრე ოპოზიციაში გადასვლა. თუ ის მიზნის მისაღწევად ულტიმატუმის ენაზე საუბრობს, არ უნდა გაგვიკვირდეს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც კარიერულ წინსვლაში ხელს გიშლიან, გიჩნდება პროტესტის გრძნობა და ცდილობ, შენი ძალით გაიტანო.
„ახალი თაობა“, შორენა მარსაგიშვილი

