სანდრო ბრეგაძემ სოციალურ ქსელში გააკეთა სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ მთავრობის ერთ-ერთი წევრი კახა კალაძის წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნებას ითხოვს.
– რამდენიმე წლის მანძილზე მეც ამ მთავრობის წევრი ვიყავი. ძალიან კარგად ვიცი, რა შიდა ბრძოლები მიმდინარეობს მთავრობაში.
მე მაჩვენეს მიმოწერა, სადაც ნათლად ჩანს, რომ მთავრობის ერთი წევრი კონკრეტული ბიზნესმენის დავალებით იძლევა შეკვეთას. ის ითხოვს, რომ ვიცე-პრემიერზე კომპრომატები გამოქვეყნდეს. ეს მიმოწერა ჩემი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი. კახა კალაძის გარდა, კომპრომატების გამოქვეყნება ერთ-ერთი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელზეც იგეგმება. მიმოწერაში ამ დაკვეთაზეც ნათლად წერია.
ამის უკან რომ ოპოზიციონერი მდგარიყო, ჩვეულებრივ ამბად ჩავთვლიდი. პოლიტიკაში ოპონენტები ერთმანეთის წინააღმდეგ ხშირად აქვეყნებენ კომპრომატებს. მთავრობის წევრები კი ერთმანეთს, როგორც წესი, ასეთ რამეებს არ უქვეყნებენ, მანამდე მაინც, სანამ ისინი ერთი გუნდის წევრებად ითვლებიან, – აცხადებს ბრეგაძე.
„ახალი თაობა“: რა თანამდებობა უკავია იმ ადამიანს, რომელიც კალაძეზე და ერთ-ერთი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელზე უკვეთავს კომპრომატების გამოქვეყნებას?
_ ის მინისტრთა კაბინეტის წევრია და საკმაოდ სოლიდური გავლენებიც აქვს. ამ ყველაფერს ასევე გავლენიან ბიზნესმენს აძლევს. ეს ყველაფერი კი, რბილად რომ ვთქვათ, არის მარაზმი.
კალაძის წინააღმდეგ კი იმიტომ დაიწყო ბრძოლა, რომ მთავრობაში დაიწყო ძალაუფლების გადანაწილების ახალი პროცესი. მთელმა მინისტრთა კაბინეტმა იცის, რომ გიორგი კვირიკაშვილი მალე დატოვებს პრემიერის პოსტს. ეს ხალხი თავისი ადგილის ძიებაშია და კონკურენტების ჩამოცილებასაც ცდილობს.
კალაძეს შესაძლოა იმიტომ ებრძვიან, რომ მისი კანდიდატურა თბილისის მერის პოსტზე განიხილება. ის ძალოვანიც საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე განიხილება, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
„ახალი თაობა“, შორენა მარსაგიშვილი

