,,ოცნებაში” კვირიკაშვილის პოზიციები სერიოზულად არის შერყეული. ხელისუფლებაში მის კადრებს უკვე ეჭვის თვალით უყურებენ.
_ ,,ოცნებას” პარლამენტში 117 დეპუტატი ჰყავს და აქედან მხოლოდ 2 _ ბიძინა გეგიძე და ლევან გოგიჩაიშვილი ითვლებიან პრემიერის გუნდის წევრებად, _ ამბობს ლადო სადღობელაშვილი.
მისი თქმით, ახლო მომავალში პრემიერის კადრები კიდევ უფრო მძიმე დღეში აღმოჩნდებიან, რადგან მთავრობის მეთაური წასვლას აპირებს.
_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, კვირიკაშვილი ვიღაც ტიპებს უკვე დაემშვიდობა ,,ოცნებიდან”. ის მალე წავა. ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ეს აპრილის დასაწყისში მოხდება.
მისი ამბავი რაღაცით ჰგავს ღარიბაშვილის ისტორიას. ისიც მოულოდნელად წავიდა პრემიერობიდან. თანამდებობა მან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე თვეში დატოვა. კვირიკაშვილმაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლაზე მოაწერა ხელი. მას თან გააყოლებენ თეა წულუკიანსა და ალექსანდრე ჯეჯელავას. პოსტს, ალბათ, ბღუჯა-ბღუჯა ქუმსიშვილიც დატოვებს, _ ვარაუდობს ალიანსელი.
სადღობელაშვილის ინფორმაციით, ზევით გიორგი მღებრიშვილის შემცვლელზეც სერიოზულად ფიქრობენ.
_ შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს კახი კახიშვილის ხათრით ინარჩუნებს პოსტს _ ისინი ძმაკაცები არიან. ვიღაცებს არ სურთ, კახიშვილი გაანაწყენონ. ის მთავრობაში ერთადერთი ადამიანია, რომლის მიმართაც ყველა დადებითად არის განწყობილი. მას ყველაზე რადიკალური ოპოზიციაც კი ვერ უძებნის წუნს, _ აღნიშნავს სადღობელაშვილი.

