_ მარგველაშვილის პოლიტიკური კაპიტალი, რეალურად ერთადერთი მაგისგან შედგება, რომ „ოცნება“ ლანძღავს. რაც უფრო მეტს გალანძღავენ, საზოგადოების იმ ნაწილში, ვისაც „ოცნება“ არ მოსწონს, მარგველაშვილი უფრო პოზიტიურად წარმოჩნდება, – ასე ააფასებს კახა კუკავა პრეზიდეტს.
„ახალი თაობის“ კითხვაზე – პრეზიდენტის ხშირმა ვეტოებმა „ქართული ოცნება“ მოთმინებიდან ხომ არ გამოიყვანა – კუკავა პასუხობს:
_ აბსოლუტურად არ არის ეს ხშირი ვეტოები. პრეზიდენტმა გამოიყენა სულ 6 ვეტო. წინა 5 ვეტოზე პარლამენტს მოუწია დათანხმება. ზოგს მაშინვე დაეთანხმა, ხოლო რომელსაც არ დაეთანხმა, გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოუწია საქართველოს პარლამენტს.
არც ერთი ვეტო პრეზიდენტის არ ყოფილა ისეთი, რომელიც იქნებოდა დაუსაბუთებელი. „ოცნებას“ რომ ნამუსი გააჩნდეს, ისეთ სამარცხვინო მდგომარეობაში არიან პრეზიდენტის ვეტოებთან დაკავშირებით ჩავარდნილი, რომ მათ ადგილზე, ამაზე განცხადებასაც კი არ გავაკეთებდი, ისე გავაპარებდი და დავეთანხმებოდი უხმოდ.
როდესაც პარლამენტი პრეზიდენტს არ დაეთანხმა, საკონსტიტუციო სასამართლომ დაიკავა პრეზიდენტის მხარე. ეს არის მე-6 ვეტო. წინა ხუთ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მართალი იყო პრეზიდენტი. ანუ 5:0-ს იგებს პრეზიდენტი.
მისი აზრით, რასაც მარგველაშვილი აკეთებს, „ოცნების“ პირობებში არის წყლის ნაყვა. მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, ზუსტად ასევეა ივანიშვილის პარლამენტისთვის ვეტოების გამოცხადება. თუმცა მარგველაშვილი საკმაოდ გონიერი პოლიტიკოსია.
_ მე არ ვფიქრობ, რომ მარგველაშვილს აქვს მოკლევადიანი პოლიტიკური გეგმები.
2018 წელს შესაძლოა ქვეყანაში არ იყოს ის სიტუაცია, რომ მარგველაშვილი ამ პროცესის ლიდერად იქცეს. პოსტივანიშვილისეულ ეპოქაში კი გიორგი მარგველაშვილს დარჩება მხოლოდ აქტივები. მაგალითად, უსუფაშვილს ყოველთვის დააყვედრიან იმას, რომ როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე იყო, არაფერი გაუკეთებია. იგივეს დააყვედრიან კვირიკაშვილს. ღარიბაშვილმა, არა მგონია, შეძლოს ქვეყანაში დარჩენა პოსტივანიშვილისეულ ეპოქაში.
მარგველაშვილს კი ვერასდროს ეტყვიან, რომ ივანიშვილის რეჟიმის დროს მისი ლეღვის ფოთოლი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გათვლა უფრო გრძელვადიან პერიოდს უკავშირდება და არა იმას, რომ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენოს და რაღაც კოალიცია ჩამოაყალიბოს.

