მთვრალი დავით ნარმანია “ტოიოტა ლენდ კრუიზერით” ორ ავტომანქანას დაეჯახა?

მთვრალი დავით ნარმანია "ტოიოტა ლენდ კრუიზერით" ორ ავტომანქანას დაეჯახა?ათას ბრალდებაგამოვლილი დავით ნარმანია ახალ შარში გაეხვია. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, ის რესტორანში დათვრა და მანქანის საჭეს ნასვამი მოახტა.
ინფორმაცია მერის დათრობის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ვაჟა მორგოშიამ გაავრცელა. მორგოშია ამტკიცებს, რომ მას ქეიფის დეტალები თვითმხილველებმა მიაწოდეს.
თვითმხილველების თქმით, მანქანა, რომელსაც ნარმანია მართავდა, ორ ავტომანქანას შეეჯახა, ავარიის შემდეგ კი მერი ადგილიდან მიიმალა. ვაჟა მორგოშიას ინფორმაციით, მერი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, რადგან მანქანაში ჩაჯდომამდე რესტორან “ოქროს კათხაში” ისანი-სამგორის გამგებლის დაბადების დღეს აღნიშნავდა.
ნაციონალი მორგოშია თავის მხრივ ასახელებს მანქანის მარკასა და სახელმწიფო ნომერს. ამასთან ჩივის, რომ ავარიის შემდეგ დავით ნარმანიას გაჩერება არც უფიქრია, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა კი დაზარალებულ მძღოლებს გამოუწერა ჯარიმა, ავარიული სიტუაციის შექმნის მომიზეზებით. ვაჟა მორგოშიას თქმით, ამის შემდეგ ადგილზე დასუფთავების სამსახური გამოიძახეს და ავარიის ადგილი გაწმინდეს:
_ 18 მარტს, დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე, რესტორან “ოქროს კათხაში” აღნიშნავდნენ ისანი-სამგორის გამგებლის, ბაგრატიონის დაბადების დღეს, სტუმრებს შორის იმყოფებოდა ქალაქის მერი დავით ნარმანია, რომელმაც ღამის 11 საათზე დატოვა რესტორანი ნასვამ მდგომარეობაში.
ის გადაადგილდებოდა ტოიოტა ლენდ კრუიზერით, სახელმწიფო ნომრით შP-123-Pშ, მანქანას თავად მთვრალი ნარმანია მართავდა, რესტორნიდან გამოსულს გადაუკვეთავს 2 ღერძულა ხაზი და დაჯახებია 2 ავტომანქანას, არც უფიქრია მანქანის გაჩერება და სიტუაციის გარკვევა, უტიფრად გააგრძელა გზა, რამდენიმე წუთში მოვიდა საპატრულო პოლიცია და დაზარალებულ მძღოლს დაუწერა ჯარიმა, მიზეზად მოუდეს ის, რომ შენ შექმენი საავარიო სიტუაციაო, ასევე სასწრაფო წესით გამოიძახეს დასუფთავების სამსახური და მოაწესრიგეს ავარიის ადგილი,_- წერს მორგოშია სოციალურ ქსელში..
ნაციონალი მორგოშიას მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ დედაქალაქის მერიამდეც მიაღწია და სანამ ჟურნალისტები კითხვებით შეაწუხებდნენ, საკუთარი ინიციატივით გააკეთეს განმარტება.
მერია ვაჟა მორგოშიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სუცრუეს უწოდებს.
_ სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, გუშინ, 19 მარტს, ბელიაშვილის ქუჩაზე თბილისის მერი დავით ნარმანია ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები ავტომობილი არ ეკუთვნის არც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და არც პირადად დავით ნარმანიას.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს დავით ნარმანიასა და თბილისის მერიის დისკრედიტაციას, _ აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

”ახალი თაობა”, შორენა მარსაგიშვილი