ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე მნიშვნელოვანი გამოდგა მწერალ ნაირა გელაშვილის რომანის ”მე ის ვარ” გერმანული თარგმანის წარდგინება.
აი, რას წერს ფეისბუქში მწერალი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე, რომელიც ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე იმყოფება:
_ დღეს დილით იყო ეკა ქევანიშვილის, ნიკა ჯორჯანელისა და ჩემი ლექსების წარდგინება ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დღევანდელი დღის მთავარ მოვლენად კი იქცა ნაირა გელაშვილის რომანის ,,მე ის ვარ” გერმანული თარგმანის წარდგინება.
ნაირა წელს ლაიფციგში მოწვეული იყო, როგორც გამოფენის მთავარი მოვლენის, ე.წ. ,,ლურჯი სავარძლის” სტუმარი. ამ ღონისძიებას უამრავი ხალხი დაესწრო. უსაყვარლესი, მაგრამ ძალზე გემოვნებიანი და მომთხოვნი გერმანული პუბლიკა 40 წუთის განმავლობაში სულგანაბული უსმენდა ქართველ მწერალს, რომლის რომანიც წლევანდელი ბაზრობის მთავარი ლიტერატურულ მოვლენად აღიარეს.
ვიდექი ჩემთვის და სიხარულით ვტიროდი…
ჯერ ერთი, თვითონ გერმანელების შეაფასებით, საუცხოო, მაღალი ლიტერატურული სტანდარტებით გამორჩეული გერმანულით მოუბარი ქართველი მწერალი და მერე მისი სრულიად არაჩვეულებრივი რომანი, რომელმაც ასე ააღელვა თანამედროვე ევროპული საზოგადოება…
,,ყველას გისურვებთ, განგეცადოთ ისეთი სიყვარული, რომელიც მთელი ცხორება გაგყვებათ!” _ ასე დაასრულა თავის გამოსვლა დღეს ნაირა გელაშვილმა და ეს სიტყვები დამსწრეთა ტაშში და ოვაციებში ჩაიკარგა.
მეც ამავეს გისურვებთ!