_ კალაძე რომ ,,ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი იქნებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვთქვი ,,ახალ თაობასთან” საუბარში. მაშინ საუბრობდნენ მამუკა ხაზარაძეზეც, მაგრამ მისი კანდიდატურა ჩააჩოჩეს და მხოლოდ იმიტომ, რომ ის კვირიკაშვილის კადრად მოიაზრებოდა, _ განაცხადა ,,ახალ თაობასთან” საუბარში ლადო სადღობელაშვილმა.
მისი თქმით, მერობის კანდიდატის შერჩევისას საბოლოო სიტყვას ივანიშვილი იტყვის.
_ კალაძის მიმართ ჩემი უარყოფითი პოზიცია არაერთხელ დამიფიქსირებია. ამის მიუხედავად, უნდა ვაღიარო, რომ თბილისის მერობა მისთვის ზედგამოჭრილი თანამდებობა იქნება. საბოლოო გადაწყვეტილებას ივანიშვილი მიიღებს და, ვფიქრობ, ის ენერგეტიკის მინისტრზე შეაჩერებს არჩევანს.
ოპოზიციონერის თქმით, არსებობს რამდენიმე არგუმენტი, რომელთა გათვალისწინებით არჩევანი ენერგეტიკის მოქმედ მამაზე შეჩერდება:
_ ვიცეპრემიერი არის ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარი. ის შეეცდება, ბერას დახმარებით დაარწმუნოს ყოფილი პრემიერი, რომ მის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი. ამის გარდა, კალაძე არის ცნობადი სახე და მერის თანამდებობას მისი ტიპაჟის ხალხი უხდება. ის ასევე ამოვარდნილია მთავრობის კურსიდან. მთელი მთავრობა ევროპა-ევროპას გაიძახის, ეს კი ერთადერთია, რომელიც რუსეთთან დიალოგს აწარმოებს, – აცხადებს სადღობელაშვილი.
,,ახალი თაობა”, შორენა მარსაგიშვილი

