როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი. არის თუ არა მარგველაშვილი ქარიზმატული და იმსახურებს თუ არა „ოცნების“ კრიტიკას? ამ კითხვებზე ექსპერტები თითქმის ერთ აზრზე თანხმდებიან.
_ ქართულ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე არაქარიზმატული ლიდერები მრავლად არიან. სინამდვილეში ისინი ჩვეულებრივ პაიკებს წარმოადგენენ, რომლებსაც ვიღაც ამოძრავებს. სახელებს და გვარებს შეგნებულად არ დავასახელებ,
გიორგი მარგველაშვილის ქარიზმა არ არის კლასიკური პოლიტიკოსის ქარიზმა. ის არც არის ამ გაგებით პოლიტიკოსი. მას კარიერული წინსვლის ამბიციები არ აქვს. სამაგიეროდ, მას აქვს მოქალაქის ქარიზმა და საკმაოდ დამოუკიდებელი ფიგურაა, _ მიიჩნევს ხუხაშვილი.
ის ფიქრობს, რომ ჩვენ შესაძლოა პრეზიდენტის ქარიზმა არც კი შეგვემჩნია, რომ არა ხელისუფლების ქმედება.
_ მისი მოკრძალებული ქარიზმა მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მას `ქართული ოცნება~ დაუპირისპირდა. მას ისეთი ფონი შეუქმნეს, რომ იძულებული გახდა, თავისი ქარიზმა გამოევლინა. ხელისუფლების მხრიდან რომ არ ყოფილიყო მუდმივი შეტევები, დიდი ალბათობით პრეზიდენტის საინტერესო, ინდივიდუალურ თვისებას ვერ დავინახავდით, _ აცხადებს ექსპერტი.
როგორ უნდა გახდეს არაქარიზმატული პიროვნება პრეზიდენტი, ეს თავისუფალ დემოკრატ ოთარ კვირიკაშვილსაც რთულად წარმოუდგენია. მისი აზრით, პოლიტიკას ქარიზმა უხდება.
_ 70-წლიანი დამყაყებული კომუნისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობამ ხმათა დიდი უმრავლესობით აირჩია პრეზიდენტად ქარიზმატული ზვიად გამსახურდია, რომელიც ძალიან მალე ჩამოაგდეს. ამის შემდეგ პრეზიდენტად უკვე შევარდნაძე აირჩიეს, რომელიც `„დასტოინ“ პოლიტიკოსად ითვლებოდა. რაღაც დროის შემდეგ ის ქარიზმატული სააკაშვილით შეიცვალა.
ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ცვალებადია. ამის მიუხედავად, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ პრეზიდენტი მაინც უნდა იყოს ქარიზმატული, _ აცხადებს „ახალ თაობასთან“ საუბარში ოთარ კვირიკაშვილი.
მისი თქმით, ქარიზმატულობა პრეზიდენტისთვის განსაკუთრებით ამ ვითარებაშია აუცილებელი.
_ ქარიზმატულობა ნიშნავს დამოუკიდებლობას. დამოუკიდებელი პრეზიდენტი რაღაც პროცესებს აბალანსებს. გიორგი მარგველაშვილის მმართველობის სტილი დიდად არ მომწონს, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, ისიც რომ კობახიძესავით მორჩილი იყოს, ან კვირიკაშვილივით, სულ მთლად ჩრდილოეთ კორეას დავემსგავსებოდით, _ მიიჩნევს თავისუფალი დემოკრატების წევრი.
კვირიკაშვილის თქმით, არაქარიზმატულ ლიდერებს „ოცნება“ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ეძებს.
_ აქ, ეტყობა, „ქართული ოცნების“ ინტერესები იკვეთება. რაკი ამ თემაზე დაიწყო საუბარი, გამოდის, რომ ხელისუფლება საპრეზიდენტო კანდიდატად ეძებს რაღაც რობოტს, როგორებსაც პრემიერებად ნიშნავენ. ასეთ ადამიანებს როგორც უნდა, ისე ატრიალებენ, _ აცხადებს ოთარ კვირიკაშვილი.
„ახალი თაობა“, შორენა მარსაგიშვილი

