„ქართულ ოცნება” პრეზიდენტის  ინსტიტუტის წინააღმდეგ

 „ქართულ ოცნება" პრეზიდენტის  ინსტიტუტის წინააღმდეგმმართველი პარტიის განცხადებით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესი არჩევა აბსოლუტურ თანხვედრაშია ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის პრინციპთან.

საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის უფლებების შეკვეცა და არჩევის წესის შეცვლა კვლავ აქტიურად განიხილება.

ოპოზიცია მმართველ პარტიას პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებაში ადანაშაულებს. პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი სამიზნე  სწორედ პრეზიდენტის ინტიტუტია.

_ დღეს ხდება თავდასხმა იმ ინსტიტუტებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ბიძინა ივანიშილის არაფორმალურ დიქტატს და მის მმართველობას. საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი სამიზნე არის სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტი.

კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტით, ფაქტობრივად ხდება პრეზიდენტის უფლება-მოსილებების მთლიანად შეკვეცა. ხდება ქართველი ხალხისთვის უფლების წართმევა, აირჩიოს პრეზიდენტი. ეს ნიშნავს ქვეყანაში დემოკრატიის კიდევ უფრო შეზღუდვას, _ განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფრაქცია მოძრაობა „ევროპული საქართველოს წევრი“, ირაკლი აბესაძე, თვლის, რომ ქვეყანაში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტი არსებობა აუცილებელია, რათა საქართველომ დემოკრატიული განვითარება შეძლოს.

_ საპარლამენტო უმრავლესობა და ქვეყნის მთავრობა, ერთი ადამიანის ნება-სურვილების შემსრულებელია, სადაც პარლამენტი ვერ ახერხებს მთავრობის საქმიანობის კონტროლს და მას ფაქტობრივად ჩამორთმეული აქვს უფლება დააყენოს არაეფექტური მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი.

ამ პირობებში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის პრეზიდენტის არსებობა, რომელიც შესაძლებელია იყოს ერთ-ერთი გარანტი ქვეყნის სწორი განვითარების და სწორი მიმართულებით წაყვანის. სწორედ ეს არის ის რაც ხელს უშლის „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების სრულად მონოპოლიზაცია მოახდინოს, _ თქვა აბესაძემ.

ლეიბორისტულ პარტიაში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩიონ.

_ პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხის მიერ არჩეული და უნდა იყოს ძლიერი ფიგურა, რომელსაც შესაბამისი უფლება-მოსილებები ექნება და არ იქნება მხოლოდ მედიატორი და იქნება ფუნქციური პოლიტიკოსი, რომელიც იზრუნებს იმ უმწვავეს სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი, პოლიტიკური პრობლემების მოგვარებაზე რომელიც დღეს ქვეყანას აწუხებს. ქვეყანა არაფორმალური მმართველის ქვეშ არ უნდა იყოს, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

საკითხზე კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა. კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება 2018 წელს პრეზნდეტის არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარების შესახებ, უკვე მიღებულია.

_ გარკვეული სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად კარგი იქნებოდა 2018-ში ჩატარებულიყო პირდაპირ და შემდეგ გარდამავალ დებულებებში ჩაგვედო, რომ ჩატარებულიყო არაპირდაპირი წესით არჩევნები.

ვფიქრობთ, რომ ეს აბსოლუტურ თანხვედრაშია ქვეყნის საპარლამენტო მოწყობის პრინციპებთან, _ განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ნიუპოსტი