საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების შესაბამისად, ქართული ტრადიციული სუფრის კულტურას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეზე გუშინ, 22 მარტს გამოქვეყნდა.
_ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა), – ვკითხულობთ დოკუმენტში.