რა ინფორმაციებს უმალავენ ივანიშვილს

რა ინფორმაციებს უმალავენ ივანიშვილს– რამდენიმე სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დინამოს სტადიონის სიახლოვეს მდებარეობს ღამის კლუბი, სადაც ლეგალურად იყიდება სინთეტიკური ნარკოტიკები. იგივე ვითარებაა რუსთაველის მეტროსთან ახლოს მდებარე ღამის კლუბშიც. ამ სინთეტიკური ნარკოტიკებით ჩვენი ახალგაზრდობა იწამლება და რამდენიმე მათგანი დაიღუპა კიდეც, _ აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

მისივე განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დინამოსთან ახლოს მდებარე ღამის კლუბს უნდა მიექცეს. მას ჰყავს საკმაოდ სერიოზული დაცვის სამსახური და იქ მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს უშვებენ. ამ კლუბში მოღვაწეობს ვანო მერაბიშვილის ცოლის სამეგობრო.

_ ივანიშვილი ამ კლუბით უნდა დაინტერესდეს, რომ მისი ერთ-ერთი მეპატრონე საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის ოჯახია.

ეს ადამიანი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრია. შესაძლოა ბატონმა ბიძინამ ჩემი არ დაიჯეროს, მაგრამ მას ეყოლება სანდო ადამიანები და ისინი გაუშვას ამ დაწესებულებებში. ის ამ თემაზე ბევრ შოკისმომგვრელ ინფორმაციას გაიგებს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენს შვილებს ქალაქის ცენტრში უპრობლემოდ შეუძლიათ სინთეტიკური ნარკოტიკის შეძენა.

ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ამის აღკვეთა შეუძლია, ივანიშვილია. სწორედ ამიტომ მინდა, რომ ის ამ საკითხით დაინტერესდეს, -აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

ბრეგაძის მტკიცებით, აღნიშნულ ინფორმაციას ივანიშვილს უმალავენ.

_ დარწმუნებული ვარ, რომ მას ამ ინფორმაციას უმალავენ. მე კარგად ვიცი მისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ნარკომანიის მიმართ და მან რომ ეს იცოდეს, ასეთი რამეები არ მოხდებოდა ქალაქის ცენტრში.

ასევე ვეკითხები გიორგი კვირიკაშვილს, რატომ ხდება ასეთი რამეები?

ამ ადამიანმა ღამის კლუბებთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ პოპულისტური განცხადება გააკეთა. მან ამ დაწესებულებების დახურვა მოითხოვა. არც ერთი მათგანი არ დახურულა, პირიქით, დამატებით რამდენიმე გაიხსნა. ამით ხელისუფლების იმ წარმომადგენლებმა მოითბეს ხელი, რომლებიც ამ ბიზნესს მფარველობენ.

მივმართავ გიორგი კვირიკაშვილს, მოიკითხოს, რამდენად შეასრულა მთავრობამ მისი განკარგულება და გაარკვიოს, რა ხდება ღამის კლუბებში, _ აცხადებს ბრეგაძე.