რატომ ჩაარტყა დათუნა მგელაძემ რესტორანში კაცს მიკროფონი თავში

რატომ ჩაარტყა დათუნა მგელაძემ რესტორანში კაცს მიკროფონი თავშიმომღერალი დათუნა მგელაძე ჟურნალ ”სარკესთან” ამბობს, რომ შემოქმედებით წვაშია, სიმღერას სიმღერაზე წერს და მალე მაყურებელს კლიპსაც შესთავაზებს. მისი კოლეგებისგან განსხვავებით, დათუნა რესტორანში მუშაობაზე უარს ამბობს.
_ კორპორატიულ საღამოზე, სადაც მოთხოვნაა, რომ მე უნდა ვიმღერო, სიამოვნებით ვმღერი, მაგრამ რესტორანში არ ვიმუშავებ. არ მინდა, ეს სიტყვები ჩემმა კოლეგებმა ცუდ ტონად ჩამითვალონ, რადგან რესტორნებში სიმღერა არც თვითონ სიამოვნებთ, მაგრამ ოჯახები ჰყავთ და სხვა გამოსავალი არ აქვთ.
რესტორანში მუშაობის მცდელობა მოსკოვში მქონდა, მაგრამ ვერ შევძელი და იქიდან წამოვედი. ცოტა ემოციური მომღერალი ვარ და სხვის დაკრულზე სიმღერა არ შემიძლია.
კარიერას რომ ვიწყებდი, მე, გიორგი სუხიტაშვილს, გოგა მესხსა და მიშო შარაშენიძეს ჯგუფი ”ვივო~”გვქონდა. გადავწყვიტეთ, რესტორანში პირველი ფული გვეშოვა. მოვიდა ვიღაც კაცი, ფული მოგვიგდო და ასე მოგვმართა: ”ჩიტო, გვრიტო იმღერე, ბიჭო!”. მიკროფონი მეჭირა ხელში და თავში მოხვდა. რესტორანში მუშაობა ასე დავამთავრე, _ გაიხსენა ”სარკესთან” დათუნამ.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, 30 წლის ასაკში ისევ დიდი სიყვარულის მოლოდინშია.
_ როგორც კი ჩემთვის სასურველი გოგო გამოჩნდება, იქვე მოვაგვარებ საქმეს. გულწრფელად გეტყვით, რომ გვერდით საყვარელი ქალი არ მყავს. წუნია ნამდვილად არ ვარ, უბრალოდ მინდა, გოგოსთან სიყვარული მაკავშირებდეს და არა ის, რომ მასთან რაღაცის გამო ვიყო.
30 წელია ჩემი მშობლების სიყვარულს ვუყურებ. ამხელა ბიჭი ვარ და მათ საუბარს რომ ვუსმენ, მრცხვენია და ოთახიდან გამოვდივარ. მეც მინდა, ასე გულწრფელად მიყვარდეს. რომ გითხრათ, ქალში მხოლოდ სულიერებას და სხვას არაფერს ვეძებ-მეთქი, ეს ძალიან დიდი ტყუილი იქნება. ფიზიკურადაც ძალიან ლამაზი ქალი მჭირდება გვერდით.
განათლებული უნდა იყოს, რომ კომფორტული ურთიერთობა გვქონდეს, მეც ძალიან უნდა ვუყვარდე და ჩემი პროფესიაც. ხელოვანის ცოლობა ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ალბათ უნდა გამიგოს. ცოლი არამხოლოდ სახლში, გვერდით მჭირდება, _ გაუმხილა ”სარკეს” მომღერალმა და იქვე დააყოლა, რომ მამობისთვისაც მზად არის:
_ ბავშვები ისე მიყვარს, ხანდახან ზედმეტი რაღაცებიც მომდის. ქუჩაში გიჟივით მივვარდები ხოლმე მოსაფერებლად. მათ დანახვაზე ემოციების მოთოკვა მიჭირს. ასე რომ, ცუდი მამობა ვერც გამომივა. რადგან რამდენჯერმე მამობისკენ წამიყვანა ფიქრებმა, ალბათ ამ სტატუსისთვისაც მზად ვარ. იდეალური ქმარი ვიქნები.
ჟურნალი ”სარკე”, სოფიო ბოჭორიძე