_ ტესტმა დამიწერა, გამარჯობა, ციაკო დედიკო, შენ ორსულად ხარო, _ გაუზიარა ”სარკეს” თავისი სიხარული ”კომედი შოუს” მსახიობმა ციაკო ფიფიამ.
მისი ქმარი ფეხბურთელი გოგა ნებიერიძე გახლავთ. წყვილი შვილს სექტემბერში ელოდება.
_ იანვრის შუა რიცხვებში გავიგეთ, რომ მშობლები გავხდებოდით. ცოტა თავბრუსხვევები მქონდა და მივხვდი, რომ ორსულად ვიყავი. გავიკეთე ტესტი და დამიწერა, გამარჯობა, ციაკო დედიკო, შენ ორსულად ხარო. დღემდე ვინახავ იმ ტესტს, ვითომ არაფერია, მაგრამ ვთვლი, რომ ყველა ქალმა უნდა შეინახოს.
ადრე ძალიან ახტაჯანა ვიყავი. ახლაც აქტიური ვარ, მაგრამ მერე მახსენდება, რომ ჩემს სხეულში პატარა არსება იზრდება და ვუფრთხილდები, უკვე ძალიან ვზრუნავ მასზე. ხშირად ვეფერები, მუსიკას ვასმენინებ, ველაპარაკები, _ უთხრა ”სარკეს” ციაკომ.
ცოლ-ქმარმა ბავშვის სქესიც უკვე იციან და სახელიც შერჩეული აქვთ.
_ ექოსკოპიაზე ბიჭი გვითხრეს. გოგას ცრემლებით აევსო თვალები. ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, ადრე რომ არასოდეს მინახავს. მივლის, მეფერება. რომ ვეკითხები, ვინ არის, გოგა, ამ მუცელში-მეთქი, მპასუხობს, ბავშვიო. მერე ვეკითხები, ვისი შვილია-მეთქი და უჭირს იმის თქმა, ჩემი შვილიაო. სახელი ალექსანდრე შევურჩიეთ, _ ამბობს ციაკო და ინტერვიუში ქმართან ურთიერთობაზეც საუბრობს:
_ ამ სიახლემ კი ისევ შეყვარებულობაში დაგვაბრუნა. ხშირად ვჩხუბობდით ხან რა წვრილმანზე და ხან რაზე, მაგრამ ახლა ასე აღარ არის, გოგა სულ მითმობს. თუ დამნაშავე ვარ, მაინც მოდის და მკოცნის. ადრე არ იყო ასე, ძირითადად ვჩხუბობდით. ახლა კი ცდილობს, საერთოდ არ გამაბრაზოს.
გოგას ჰგონია, რომ ბავშვი აუცილებლად იქნება ფეხბურთელი. უკვე გეგმავს და ხედავს მის მომავალს ”მანჩესტერში”. სულ ელაპარაკება, მალე გამოდი, ფეხბურთი ვითამაშოთო.
ზოგს რა ემართება ორსულობაში, ზოგს რა. ერთმა მკითხა, ორსულობაში ქმარი თუ შეგზიზღდაო. გამიკვირდა. პირიქით, სულ მინდა, რომ ვკოცნო. სიყვარულს თავისი ეტაპები აქვს. შეყვარებულობის დროს მეგონა, რომ ამაზე მეტად არ შემიყვარდებოდა. ცოლქმრობის პირველ ეტაპზეც იგივე განცდა მქონდა. ახლა ვხვდები, რომ საერთოდ სხვანაირად მიყვარს.
ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება და სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებით.
ჟურნალი ”სარკე”, ლანა კიკნაძე